ძველი ქართული ენა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ძველი ქართული ენა – ენა, რომელიც წარმოდგენილია უძველეს (IV-XI სს.) წერილობით ძეგლებში.

ჩვენამდე მოღწეულია IV-–XI სს. დათარიღებული მრავალი წარწერა, ხელნაწერი, საისტორიო თუ იურიდიული ხასიათის დოკუმენტი. მათ შორის ბოლნისის სიონის, ურბნისის, უკანგორის, ნეკრესის, მცხეთის, პალესტინის (ბეთლემი), წყისის წარწერები: ბიბლიის ხანმეტი ფრაგმენტები, ხანმეტი ლექციონარი, იაკობის წინარესახარების ხანმეტი ტექსტი, ჰაემეტი ლექციონარი, სინური მრავალთავი, ადიშის ოთხთავი.

სარჩევი

ძველ ქართულ წერილობით ძეგლთა დაყოფა ჯგუფებად

ძველი ქართული წერილობითი ძეგლები სამ ჯგუფად იყოფა: ხანმეტი, ჰაემეტი და სანნარევი. ხანმეტია ისეთი ძეგლი, სადაც სუბიექტური II და ობიექტური III პირების ნიშნად ხ- იხმარება (ხიყავ, ხწერ…); ჰაემეტ ძეგლებში ამ ფუნქციით ჰ- გვაქვს (ჰი-ყავ, ჰწერ…); სანნარევ ტექსტებში კი – ს-; ჰ-; 0- (სწერ, ჰკუეთ, იყავ…).

ხანმეტი წერილობითი ძეგლები IV-VIII სს-ს განეკუთვნება, ჰაემეტი – VII-VIII სს-ს სანნარევი ძეგლები IX ს-იდან გვაქვს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ წერილობითი ძეგლები ყველა შემთხვევაში ასახავენ იმ დროის მეტყველებას, როცა ისინი გადაწერეს. როგორც ჩანს, ხანმეტობა, როგორც ენობრივი მოვლენა, იმ მეტყველებაში, რომელიც ქართულ სალიტერატურო ენას დაედო საფუძვლად, VII ს-იდან აღარ გვაქეს. ჰაემეტი ლექციონარი, მართალია, VIII ს-ით თარიღდება, მაგრამ იგი არ ასახავს, VII ს-ის ცოცხალ ჰაემეტობას. ხანმეტი და ჰაემეტი ხელნაწერების მიხედვით ირკვევა, რომ ს- პრეფიქსი VII საუკუნიდან დასტურდება.

ხანმეტი და ჰაემეტი ტექსტების ურთიერთმიმართების ასახსნელად ორი ძირითადი თეორია არსებობს: ა) ენაში თავდაპირველად ს- პრეფიქსი გვქონდა, რომელიც ფონეტიკურად ჰ-ში გადავიდა (ი. ჯავახიშვილი, ა. ონიანი); ბ) ხანმეტობა და ჰაემეტობა თანადროული, დიალექტურად განსხვავებული მოვლენების ასახვას წარმოადგენს (ა. შანიძე).

ძველი ქართული სალიტერატურო ენა

სავარაუდოა, რომ ძველი ქართული სალიტერატურო ენას საფუძვლად დაედო დედაქალაქის – მცხეთის – მეტყველება, რომელიც საუკუნეთა მანძილზე სხვადასხვა ქართველური ტომის წარმომადგენელთა ურთიერთობის საფუძველზე ჩამოყალიბდა ზედიალექტურ ენობრივ მოვლენად.

ძველი ქართული სალიტერატურო ენა ნორმათა მტკიცე სისტემას ემყარება, რომელიც თანდათანობით დაშორდა ცოცხალ მეტყველებას. ეს კარგად ჩანს ნორმათა იმ დარღვევების მიხედვით, რომლებიც წერილობით ძეგლებში გვხვდება, სადაც ზოგ შემთხვევაში თავს იჩენს მკვეთრად გამოხატული დიალექტიზმებიც. მწერალთა და გადამწერთა ერთი ნაწილი შეგნებულად ცდილობდა, სალიტერატურო ენა მეტისმეტად არ დაშორებოდა ცოცხალ მეტყველებას. სწორედ ამის შედეგად ინარჩუნებდა ძველი ქართული ენა ნორმატიულ ხასიათს, მაგრამ, ამასთანავე, ასახავდა ცოცხალ მეტყველებაში უკვე მომხდარ თუ მიმდინარე მოვლენებსაც. ეს ტენდენცია განსაკუთრებით იჩენს თავს ეფთვიმე და გიორგი მთაწმიდლების, გიორგი მცირის, თეოფილე ხუცეს-მონაზვნისა და სხვათა ნაწერებში. მათ ფაქტობრივად მოახდინეს ქართული სალიტერატურო ენის რეფორმა, დაუახლოვეს იგი ცოცხალ მეტყველებას, რითაც საფუძველი მოუმზადეს საშუალი ქართული ენის ჩამოყალიბებას. ამ რეფორმის შედეგად ძველი ქართულის ნორმათა მთლიანობა არ დარღვეულა.

XI ს-ში თავი იჩინა საპირისპირო მიმართულებამაც, რასაც შედეგად სალიტერატურო ენისა და ცოცხალი მეტყველების უკიდურესი დაპირისპირება მოყვა. ჩამოყალიბდა ე. წ. ელინოფილური მიმდინარეობა (ეფრემ მცირე, იოანე პეტრიწი, არსენ იყალთოელი). მათ ნაწერებს ახასიათებს ბერძნული ენის გრამატიკის და ფრაზეოლოგიური კონსტრუქციების, სიტყვაწარმოების მოდელების კალკირება, რამაც ერთგვარად დაამძიმა ქართული სალიტერატურო ენა. მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ ამ მიმართულების მწერლებმა შექმნეს ქართული მეცნიერული ტერმინოლოგიის მნიშვნელოვანი ნაწილი.

ფონეტიკა

ძველ ქართულში იყო ხეთი ხმოვანი – , , , , და ოცდაათი თანხმოვანი , , . ჴ ,Uuuu.JPG, , , , , .

ძველი ქართულ დამწერლობას არსებითად ფონოლოგიური პრინციპი უდევს საფუძვლად, მაგრამ ბერძნულის ზეგავლენის შედეგად რამდენიმე დარღვევა შეინიშნება:
ა) ცალ-ცალკე გრაფემებით არის გადმოცემული ერთი ფონემის პოზიციური ვარიანტები (ი) და (ჲ):
ბ) ორ შემთხვევაში ერთი გრაფემა გამოხატავს ორ ბგერას: ჱ (=ე + υ) და ჳ (=Uuuu.JPG + ი);
გ) /უ/ გადმოიცემა ორი გრაფემით: ოჳ. ამასთან ეს ნიშანი იხმარება როგორც მარცვლოვანი უ-ს, ისე უმარცვლო უ-ს გამოსახატავად; ე) ჵ, ძველი ქართული დამწერლობის ბოლო ნიშანი, ზედმეტია.

მორფოლოგია

ძველ ქართულ სალიტერატურო ენაში ბრუნება ერთია, გვაქვს შვიდი ბრუნვა: სახელობითი (ნიშნიანი ან უნიშნო. რომელსაც ზოგიერთი სპეციალისტი ცალკე ბრუნვად გამოყოფს და წრფელობით ბრუნვას უწოდებს), მოთხრობითი, მიცემითი, ნათესაობითი, მოქმედებითი. ვითარებითი და წოდებითი. გვაქვს მეორეული (ნათესაობითის ფორმისაგან ნაწარმოები) ბრუნვებიც: მიმართულებითი და დანიშნულებითი.-ა მავრცობი ხმოვანი ვლინდება მიცემით, ნათესაობით და მოქმედებით ბრუნვებში, სახელის მრავლობითი რიცხვი იწარმოება -ნ/-თ და -ებ სუფიქსებით. ადამიანის საკუთარი სახელები, ნორმის მიხედვით, სახელობითში, მოთხრობითსა და წოდებითი არ დაირთავენ ბრუნვის ნიშანს, არ დაირთავენ -ა მავრცობს არ მოუდის და არ წარმოებათ მრავლობითი რიცხვის ფორმები.

ზედსართავ სახელს ხარისხის სამი ფორმა აქვს: დადებითი, ოდნაობითი და უფროობითი რიცხვითი სახელი იყოფა ჯგუფებად: რაოდენობითი, რიგობითი და წილობითი. შინაარსის მიხედვით ნაცვალსახელი შეიძლება იყოს: პირის, ჩვენებითი, კუთვნილებითი, კითხვითი, კითხვით-კუთვნილებითი, მიმართებითი, განსაზღვრებითი, განუსაზღვრელობითი, ურთიერთობითი, უარყოფითი. ზოგი სპეციალისტის ვარაუდით, ძველ ქართულში გვაქვს ნაწევარი (ართრონი, არტიკლი). კლასიკური ართრონი ძველ ქართულ წერილობით ტექსტებში არ დასტურდება.

ძველი ქართული ზმნის უღლების კატეგორიებია: პირი, რიცხვი, დრო, კილო, ასპექტი, აქტი, ჯერობა, თანამიმდევრობა, მწკრივი. წარმოქმნის კატეგორიებს განეკუთვნება: გვარი, ქცევა, კაუზატივი, კონტაქტი, თემა.

გამოიყოფა სამი სერია. პირველ სერიაში ექვსი მწკრივია: აწმყო, აწმყოს ხოლმეობითი, უწყვეტელი, I ბრძანებითი. უწყვეტლის ხოლმეობითი და I კავშირებითი: მეორე სერიაში – წყვეტილი. II ბრძანებითი, I ხოლმეობითი, II კავშირებითი; მესამეში – I თურმეობითი, II თურმეობითი, III ხოლმეობითი, III კავშირებითი, სპეციალური მწკრივებით გადმოიცემა I და II ბრძანებითების ფორმები.

განირჩევა ასპექტის ორი სახეობა: უსრული და სრული. პირველი სერიის ფორმები (ზმნისწინიანი, თუ უზმნისწინო) უსრულ ასპექტს გამოხატავს, მეორე სერიისა – სრულისას.

მკვეთრად არის გამოხატული ჯერობის კატეგორია. მრავალგზის ჯერობას გადმოსცემს I ხოლმეობითი, უწყვეტლის ხოლმეობითი, II ხოლმეობითი ღა II ხოლმეობითი. უნახავი აქტის ფორმების გამოხატვა შედარებით იშვიათია. I და II თურმეობითები ძირითადად გადმოსცემენ პერფექტულ მოქმედებას (რასაც ინდოევროპულ ენათა პერფექტი და პლუესკვამპერფექტი შეესაბამება). III კავშირებითი ხშირად I და II თურმეობითების ფუნქციით იხმარება. ზმნისწინი ძველ ქართულში გამოხატავს მიმართულებას, გეზს, ორიენტაციას; აწარმოებს ახალ ლექსიკურ ერთეულს, უკვე ძველ ქართულშივე გამოვლინდება ზმნისწინის მეშვეობით მომავალი დროის (სრული ასპექტის) წარმოების ამსახველი ნიმუშები. საწყისის ძირითადი მაწარმოებელია -ა. გვხვდება -ილ სუფიქსით ნაწარმოები ფორმები, ნაკლებპროდუქტულია ს- – -ა, სა- – -ა, სი- – -ა, სი- – -ილ, სი- – -ულ კონფიქსებით, აგრეთვე -იალ სუფიქსით წარმოქმნილი საწყისი. გვხვდება მოქმედებითი, ვნებითი და საშუალი გვარის ზმნათა მიმღეობები. ვნებითი გვარის მიმღეობა განარჩევს მომავალი და წარსული დროის ფორმებს.

ძველ ქართულში დასტურდება სიტყვაწარმოების (წარმოქმნა, თხზვა) საკმაოდ განვითარებული სისტემა.

ფორმაუცვლელი სიტყვებია: ზმნიზედა (ადგილისა, დროისა, ვითარებისა, კითხვითი, მიმართებითი, მიზეზისა, მიზნისა), კავშირი (მაერთებელი და მაკავშირებელი), ნაწილაკი (კითხვითი, დადასტურებითი, უარყოფითი, მიმართებითი, განუსაზღვრელობითი, სხვათა სიტყვისა), შორისდებული.

ძველ ქართულ ორიგინალურ წერილობით ძეგლებში ზედსართავი და რიცხვითი სახელებით. ნაცვალსახელით (გარდა ჩვენებითისა და კუთვნილებითისა) გადმოცემული მსაზღვრელი უპირატესად საზღვრულს უსწრებს. ბიბლიის წიგნთა თარგმანებში მსაზღვრელი საზღვრულს მოსდევს (რაც ბერძნულის გზით გაშუალებული სემიტურის გავლენას ასახავს). ბერძნულიდან ნათარგმნ აგიოგრაფიულ, ჰომილეტიკურ, ეგზეგეტიკურ თხზულებებში ამ ტიპის მსაზღვრელი უპირატესად პრეპოზიციურად იხმარება. ძველ ქართულ წერილობით ძეგლებში გაბატონებულია ნანათესაობითარი მსაზღვრელის პოსტპოზიცია. სახელით გადმოცემული წინადადების წევრი ზმნას უსწრებს. ორპირიანი გარდამავალი ზმნის შემცველი წინადადების ძირითადი წყობაა: ქვემდებარე – შემასმენელი – პირდაპირი დამატება: ორპირიანი გარდაუვალისა: ქვემდებარე – შემასმენელი – ირიბი დამატება.

ქართული ენის სხვა ენებთან კონტაქტები

ქართული ენის სხვა ენებთან კონტაქტების შედეგად მრავალი ლექსიკური ერთეული შემოვიდა ირანული ენებიდან, ბერძნულიდან, არაბულიდან. შედარებით იშვიათია ებრაული, სირიული და სომხური ენებიდან ნასესხები სიტყვები. ამ სიტყვათა ერთი ნაწილი შემოსულია ლიტერატურული კონტაქტების შედეგად.

ბერძნულმა სალიტერატურო ენამ დიდი გავლენა მოახდინა ძველი ქართული ენის ლექსიკაზე, სინტაქსსა და ფრაზეოლოგიაზე. ამ გავლენის ინტენსივობას მოწმობს ქართულისათვის არაბუნებრივი ინფინიტიური, უშემასმენლო. მიმღეობური, პასიური, თანდებულიანი, წინდებულიანი კონსტრუქციები. და კავშირის სპეციფიკური ხმარება: ბერძნულის მეშვეობით შემოვიდა სემიტურ ენათათვის დამახასიათებელი პარონომაზია, მთელი რიგი ფრაზეოლოგიური გამოთქმებისა. აღსანიშნავია, რომ საშუალი ქართული ენა ამ ტიპის მოვლენებისაგან გათავისუფლდა.

ზ. სარჯველაძე

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები