სალიტერატურო ენა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სალიტერატურო ენა – სამწერლობო ენა. სალიტერატურო ენა არის საერთო-სახალხო და ერთიანი, ზედიალექტური, მეტ-ნაკლებად დამუშავებული, სანიმუშო და ნორმალიზებული ენა, რომელსაც აქვს ჩამოყალიბებული ფონემატური, გრამატიკული და ლექსიკურ-ფრაზეოლოგიური სისტემა. გავრცელებულია სათანადო ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე და ხასიათდება შედარებითი მდგრადობით, რეგლამენტაციისადმი მიდრეკილებით. ამიტომ იგი რამდენადმე ხელოვნურიცაა, რაც დიალექტური, კუთხური მეტყველებისათვის არ არის დამახასიათებელი. ამასთანავე, სალიტერატურო ენა პოლივალენტოვანი (მრავალფუნქციიანი), მდიდარი და დახვეწილი, სტილისტიკური მრავალფეროვნებით გამორჩეული ენაა. თავისი საზოგადოებრივ-კულტურული სტატუსით სალიტერატურო ენა, როგორც ენის არსებობის უმაღლესი ფორმა, უპირისპირდება ტერიტორიულ დიალექტებს და კოინეს სხვადასხვა ტიპებს.

პოლიტიკური თვალსაზრისით, სალიტერატურო ენებს, რომლებიც ისტორიულად სახელმწიფო ენის ფუნქციას ასრულებდნენ, თანამედროვე მსოფლიო მოწყობის პირობებში, განსაკუთრებით, ახალშეძენილი დამოუკიდებლობის მქონე ქვეყნებში, სახელმწიფო ენის სტატუსი ოფიციალურადაც აქვთ მინიჭებული. ქართულ ენას (ისევე, როგორც აზერბაიჯანულსა და სომხურს) სახელმწიფო ენის სტატუსი მოპოვებული აქვს დღემდე არსებული ყველა კონსტიტუციით.

ყოველ კულტურულ ერს თავისი სალიტერატურო ენა აქვს. რამდენადაც ძველი და ერთიანი, მდიდარი, სადა და დახვეწილია იგი, იმდენად კულტურულია მისი შემქმნელი და მატარებელი ხალხიც. ზოგიერთი სალიტერატურო ენა უძველესია, ახალ წელთაღრიცხვამდე რამდენიმე საუკუნით ადრეა შექმნილი (ეგვიპტური, ხეთური, ფინიკიური, ძვ. ინდური), ზოგის წარმოშობა კი ახალ წელთაღრიცხვას განეკუთვნება (ქართული, სომხური, რუსული, გერმანული). იბერიულ-კავკასიურ ენათაგან ქართული უძველესი სალიტერატურო ენაა. ახალგაზრდა სალიტერატურო ენა კი თერთმეტია: აფხაზური, აბაზური, ადიღეური (ჩერქეზული), ყაბარდოული, ჩაჩნური, ინგუშური, ხუნძური, ლაკური, დარგუული, ლეზგიური, თაბასარანული (ხოლო 20- მდე ენა დამწერლობის უქონელი ენაა).

სალიტერატურო ენის თვისებები და ფუნქცია

სალიტერატურო ენას აქვს რამდენიმე თვისება, რომელიც განასხვავებს მას სხვა ენობრივ-დიალექტური ერთეულებისაგან:

1. სალიტერატურო ენა, ჩვეულებრივ, ერთია, დიალექტი კი – რამდენიმე ან ბევრი. კერძოდ, სალიტერატურო ქართული ისტორიულადაც ერთი იყო და ამჟამადაც ერთია, დიალექტები კი ოცამდეა: ქართლური, კახური, ფშაური, ხევსურული, თუშური, მოხეური, იმერული, გურული, რაჭული, აჭარული, მესხური, ჯავახური, ინგილოური და სხვ. სალიტერატურო ენის სიძლიერე მის ერთიანობასა და მონოლითურობაშია. იგი, როგორც საერთო-სახალხო ენა, სხვადასხვა კუთხის მოსახლეობის მეტყველებისა და თვით ქვეყნის მთელი მოსახლეობის გამაერთიანებლად გამოდის, მაშინ როცა დიალექტი ამა თუ იმ კუთხის, მცირე კოლექტივის კუთვნილებაა.

2. სალიტერატურო ენა სამწერლობო ენაა, რომელზედაც იქმნება მხატვრული, სამეცნიერო, ტექნიკური, პოლიტიკური და პუბლიცისტური ლიტერატურა. იგი მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა (პრესა, რადიო, ტელევიზია), თეატრისა თუ კინოს ენაა და ისწავლება ყველა სახის სასწავლებელში. სალიტერატურო ენისგან განსხვავებით, დიალექტი ვიწრო წრეში (ოჯახში, სოფლად, შინაურობაში) სახმარი სამეტყველო ერთეულია, რომელსაც მხოლოდ ბუნებრივად ითვისებენ და საგანგებოდ არ შეისწავლება (წერილობითი ფიქსაციის არსებობას ყველა მკვლევარი არ მიიჩნევს სალიტერატურო ენის უნივერსალურ ნიშნად, რამდენადაც ლიტერატურა შეიძლება მის წერილობით ფიქსაციამდეც არსებობდეს.

3. სალიტერატურო ენას უპირატესად ერთი – პოლიტიკურად, ეკონომიკურად და კულტურულად დაწინაურებული კუთხის ან მხარის ტერიტორიული დიალექტი ედება საფუძვლად. ქართული სალიტერატურო ენისთვის ასეთი იყო ქართლური, გავრცელებული საქართველოს ცენტრალურ ნაწილში, სადაც მდებარეობდა ქვეყნის ძველი და ახალი დედაქალაქები (მცხეთა, თბილისი), დედაქალაქური მეტყველება გადამწყვეტი ფაქტორი იყო და არის ერისა და ენის კონსოლიდაციისათვის როგორც პოლიტიკურ-ეკონომიკური, ისე სასულიერო-კულტურული თვალსაზრისით (რუს. სალიტ. ენისათვის ეს როლი შეასრულა მოსკოვ-კურსკის კილომ, ფრანგულისათვის – პარიზულმა, იტალიურისათვის – ფლორენციულმა). სალიტერატურო ენა განუწყვეტლივ მდიდრდება და ივსება სხვადასხვა დიალექტიდან შემოსული დარგობრივი ლექსიკით, მაგრამ კუთხურ გრამატიკულ ფორმებს სალიტერატურო ენა ებრძვის, რათა ამგვარი ფორმების შემოტანამ მონოლითურობა არ დაუკარგოს მას.

4. სალიტერატურო ენის განვითარება-გამდიდრების (ძლიერი წყაროა სხვა კულტურულ ენებთან ურთიერთობა და მათი ურთიერთ გავლენა. განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება თარგმნას ერთი ენიდან მეორეზე, რის შედეგადაც ენა მდიდრდება ახალი სიტყვებითა და ტერმინებით; თარგმნის პროცესში ენა მუშავდება სიტყვაწარმოების თვალსაზრისითაც, ასევე ყალიბდება ახალი გამოთქმები, რაც ამდიდრებს ფრაზეოლოგიას და ა. შ.

5. ენა, მათ შორის სალიტერატურო ენაც, საერთოდ იცვლება, მაგრამ მისი ცვლილების ტემპი გაცილებით ნელია, ვიდრე ზეპირი ენისა და, მით უმეტეს, დიალექტებისა. სალიტერატურო ენა შედარებით კონსერვატიულია, რაც აიხსნება მისი ერთიანობა-მონოლითურობითა და ფიქსირებულობით), იგი იცვლება მხოლოდ მაშინ, როცა აუცილებელი ხდება დაიძლიოს წინააღმდეგობა ზეპირსა და წერილობით მეტყველებას შორის.

სალიტერატურო ენა, ისტორიული კატეგორიაა. მისი ფუნქციური დატვირთვა სხვადასხვა ისტორიულ პირობებში სხვადასხვაგვარია. განმსაზღვრელ როლს ასრულებს ხალხის საზოგადოებრივი განვითარების და ზოგადი კულტურის დონე, აგრეთვე ფორმირების პირობები (მაგ. კლასიკური არაბული ჩამოყალიბდა VII-VIII სს-ში, როგორც მუსლიმური რელიგიის, პოეზიის, მეცნიერებისა და სწავლა-განათლების ენა არაბული კულტურის განვითარების მაღალი დონის პირობებში. დასავლეთ ევროპის სალიტერატურო ენათა სათავეებთან უპირატესი ადგილი ეკავა მხატვრული ლიტერატურის პოეტურ თუ პროზაულ ჟანრებს და ხალხურ ეპოსს, ნაწილობრივ – სასულიერო მწერლობას. ამ სალიტერატურო ენებმა შედარებით გვიან დაიწყეს მეცნიერებისა და განათლების მომსახურება, ვინაიდან დასახელებულ სფეროებში მანამდე ბატონობდა ლათინური ენა. თანამედროვე მსოფლიოში საერთაშორისო ენებად მხოლოდ რამდენიმე იხმარება: უპირატესად – ინგლისური, ესპანური, ნაკლებ – გერმანული და ფრანგული)

სალიტერატურო ენის სოციალურ საფუძველი

სალიტერატურო ენის სოციალურ საფუძველს განსაზღვრავს ის, თუ რა ენობრივ პრაქტიკას ეყრდნობა და რომელ ნიმუშებს ირჩევს იგი შექმნა-განვითარების დროს. შუა საუკუნეები სალიტერატურო ენებისათვის ტიპობრივი იყო ვიწრო სოციალური ბაზა. ვინაიდან ისინი ემსახურებოდნენ ფეოდალური საზოგადოების უმაღლეს ფენათა კულტურას, რაც განაპირობებდა იმ ეპოქის სალიტერატურო ენის სტილისტიკურ სისტემას, მის გამიჯვნას სასაუბრო ენისაგან როგორც სოფლის, ისე ქალაქის მოსახლეობაში. ეროვნული სალიტერატურო ენის ჩამოყალიბება-განვითარების პროცესი ხასიათდება დემოკრატიზაციის ტენდენციის გაძლიერებით. სოციალური ბაზის გაფართოებით, წიგნურ-წერილობით და სასაუბრო-ხალხურ სტილთა ურთიერთდაახლოებით. ამ დროს სალიტერატურო ენა იქცევა კომუნიკაციის საერთო-სახალხო საშუალებად მის ზეპირ სტილთა ინტენსიური დემოკრატიზაციისა და მათ წიგნურ-წერილობით სტილზე გავლენის გზით.

სალიტერატურო ენის თანმხლები პროცესია ბრძოლა ენის სიწმინდის დასაცავად, რაც გულისხმობს სალიტერატურო ენის ნორმების დაცვას. მისთვის დამახასიათებელია ორთოგრაფიულად მართებული სიტყვებისა და გარკვეული გრამატიკული წესების მიხედვით გამართული კონსტრუქციების ხმარება. ხოლო ინტონაციურად – ბუნებრივი წარმოთქმის გამოყენება, ენის სიწმინდის დაცვა მეტყველების კულტურის გარკვეული დონის მიმანიშნებელია, თუმცა ერთიანი კოდიფიცირებული ნორმების არსებობა სალიტერატურო ენისთვის ყოველთვის არ არის აუცილებელი. ითვლება. რომ ნორმების ჩამოყალიბება სალიტერატურო ენის ისტორიაში შედარებით გვიანდელია (ემთხვევა ეროვნულ ენებად ჩამოყალიბების პერიოდს).

ცნებები „სალიტერატურო ენა“ და „ლიტერატურული ენა“ იგივეობრივი არ არის. სალიტერატურო ენა მოიცავს არა მარტო მხატვრული ლიტერატურის, არამედ პუბლიცისტიკის, მეცნიერების, სახელმწიფო მმართველობის, აგრეთვე ზეპირი გამოსვლების ენასა და სასაუბრო მეტყველების გარკვეულ ტიპს (სალიტერატურო ენის ზეპირი ფორმა). ლიტერატურული ენა, ერთი მხრივ, უფრო ვიწრო ცნებაა, ვინაიდან მხოლოდ მხატვრული ნაწარმოებების ენას გულისხმობს, მაგრამ, მეორე მხრივ, იგი უფრო ფართო ცნებადაც შეიძლება გავიგოთ, რამდენადაც, გარდა ლიტერატურულ ენობრივი ფორმებისა, შეიძლება მოიცვას ტერიტორიული დიალექტებისა თუ კილოკავების ელემენტები და ჟარგონიზმებიც.

სალიტერატურო ენების ისტორიაში დიდ როლს თამაშობს გამოჩენილი მწერლების შემოქმედება (მაგ., შექსპირისა ინგლისური სალიტერატურო ენის ფორმირებაში, რუსთაველისა – ქართული ენის, პუშკინისარუსული ენის და ა. შ.

შ. აფრიდონიძე


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები