აზერბაიჯანული ენა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აზერბაიჯანული ენააზერბაიჯანის სახელმწიფო ენა. განეკუთვნება თურქულ ენათა ოღუზურ შტოს.

აზერბაიჯანულ ენაზე ლაპარაკობს 6 მლნ-მდე კაცი აზერბაიჯანში (1989 აღწერა) და 15 მლნ-მდე – ირანში. ასეულ ათასობით აზერბაიჯანულ ენაზე მოლაპარაკე მოსახლეობა ცხოვრობს ერაყში, თურქეთში, რუსეთში, ყაზახეთში და ა. შ. საქართველოში აზერბაიჯანულენოვანი მოსახლეობის რაოდენობა დაახლ. 300 ათასამდეა (1989 აღწერა). აზერბაიჯანელები კომპაქტურად დასახლებული არიან მარნეულის, გარდაბნის, ბოლნისისა და დმანისის რაიონებში; ფუნქციონირებს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლები, გამოდის გაზეთი. აზერბაიჯანული ენა ისწავლებოდა თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიურ უნივერსიტეტში.

აზერბაიჯანული ენის მორფოლოგიური წყობა აგლუტინაციურია, ლექსიკის ძირითადი ნაწილი აზერბაიჯანულია (თურქული). საკმაოდ ბევრია არაბულ-სპარსული და რუსული ნასესხობები. შეინიშნება კავკასიურ ენათა გავლენაც.

აზერბაიჯანული სალიტერატურო ენა ძირითადად ყალიბდებოდა XIII ს-იდან. დამწერლობას საფუძვლად ედო არაბული ანბანი. 1929-1939 გამოიყენებოდა ლათინური ანბანი, რომელიც 1939 შეცვალა რუსული გრაფიკის საფუძველზე შექმნილმა ანბანმა. 1993-იდან მიღებულ იქნა ისევ ლათინური ანბანი.

აზერბაიჯანულ-ქართულ ლიტერატურულ ურთიერთობას საკმაოდ დიდი ხნის ტრადიცია აქეს. აზერბაიჯანელი მწერლები საქართველოს იხსენიებენ XII ს-იდან (ნიზამი განჯევი და სხვ.). საქართველოშიც კარგად იცნობდნენ აზერბაიჯანულ (სპარსულენოვან) ლიტერატურას. ორი ქვეყნის ლიტერატურული ურთიერთობის განვითარებაში დიდი როლი ითამაშეს XIX ს-ში საქართველოში მოღვაწე აზერბაიჯანელმა მწერლებმა (მ. ფ. ახუნდოვი და სხვ… განსაკუთრებით განმტკიცდა ურთიერთობა XX ს-ში. ქართველი მკითხველი გაეცნო აზერბაიჯანული ლიტერატურის მრავალ ნიმუშს. აზერბაიჯანულ ენაზე ითარგმნა ქართული მწერლობის არაერთი მნიშვნელოვანი ძეგლი, მათ შორის „ვეფხისტყაოსანი“, ქართულ-აზერბაიჯანულ ენობრივ ურთიერთობას ქართველ მეცნიერებთან (ს. ჯიქია, ქ. ჯანგიძე, გ. თუშმალიშვილი) ერთად იკვლევენ აზერბაიჯანელი მეცნიერებიც.



ლიტერატურა

ფაღავა კ. აზერბაიჯანული და ქართელი კულტურული ურთიერთობისათვის., თბ. 1966:

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები