თურქული ენები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თურქული ენები – ენათა ოჯახი, გავრცელებული შუა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, სამხრეთ და დასავლეთ ციმბირში, ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიაში, შავი ზღვისპირეთში, მცირე აზიაში. მცირერიცხოვანი თურქული მოდგმის ენები გვხვდება უკრაინაში, ლიტუაში, პოლონეთში, მოლდავეთში, მაკედონიაში, ბულგარეთში, რუმინეთში, ჩინეთში, ავღანეთსა და ირანში.

თურქული ენებს, მონღოლურსა და თუნგუსურ-მანჯურიულ ენებთან ერთად, აჯგუფებენ ალთაური ოჯახში. ურალურ-ალთაური ჰიპოთეზის მიხედვით, ალთაური ენები უნგრულ-ფინურ ენებთან ერთად შეადგენენ ურალურ-ალთაურ მიკროოჯახს. წინარეთურქულიდან მომდინარეობს ორი შტო: ბულგარული და საერთო თურქული. ბულგარულში იგულისხმება დღევანდელი ჩუვაშური, აწ მკვდარი ბულგარული და ხაზარული ენები. საერთო თურქულის მკვდარი ენებია: ძველი ოღუზური, ჰუნური, ძველი უიღურული, პაჭანიკური, ყუმანური, ყალმუხური, ძველი უზბეკური. ეს შტო თავის მხრივ იყოფა აღმოსავლურ, დასავლურ, ჩრდილოურ და სამხრეთულ ჯგუფებად.

თურქული წარმომავლობის ძველ ენებზე არსებობს წერილობითი ძეგლები. ამ ენებს შორის უძველესია თურქულ-რუნულ ძეგლთა ენა, რომლის ნიმუშები აღმოჩენილია უზარმაზარ ტერიტორიაზე – მდინარე დუნაიდან მდინარე ლენამდე. აღსანიშნავია მდინარე ორხონისა და მდინარე ენისეის აუზში ნაპოვნი წარწერები, რომელთა ენა ოღუზურია.

რუნული ანბანის გარდა, თურქული წარმომავლობის ტომთაგან უიღურებმა გამოიყენეს სოღდური ანბანი, რომლის ადაპტირებულ ვარიანტს შემდგომ უიღურული ანბანი უწოდეს. იგი XVIII ს-მდე გამოიყენებოდა. საერთოდ, ძველი და საშუალი თურქული ენობრივი პერიოდები წარმოდგენილია რუნული, ორხონულ-ენისეური, უიღურული, მანიქეური, ბრაჰმანული, არაბული და ნესტორიანული დამწერლობის ძეგლებით.

თურქული ენების ტიპოლოგიური მოდელი აგლუტინაციურია. აგლუტინაციის თანმხლები პროცესია სინჰარმონიზმი. ხმოვანთა პალატალური ჰარმონია თურქული წარმომავლობის ყველა ენაში ვლინდება, ხოლო ჰარმონია ბაგისმიერობის მიხედვით სხვადასხვაგვარადაა წარმოდგენილი. საერთო თურქულში უნდა არსებულიყო გრძელი და მოკლე 8 ხმოვანი ფონემა: a, ə, o, u, y, i, ö, ű. რიგი მორფონოლოგიური პროცესების შედეგად გრძელი ხმოვნები შერჩა იაკუტურს, თურქმენულსა და ხალაჯურ ენებს. ოღუზური ენებისათვის დამახასიათებელია მჟღერი ანლაუტი, ყივჩაყურ ენებში კი უპირატესად ყრუ ხშულებია ანლაუტში (შდრ. ქართულში ყივჩაყურ ენათაგან შემოსული საკუთარი სახელები – თემური, თენგიზი და ოღუზური ენებიდან შემოღწეული დემური, დენიზა…). ბრუნვის პარადიგმის მაორგანიზებელი ცენტრია ფუძე საწყის (სახელობით) ბრუნვაში. ბრუნების კატეგორიაში 6 ბრუნვაა (გარდა იაკუტურისა). თურქულ ენებში (გარდა ჩუვაშურისა) მრავლობითობა გადმოიცემა BAr აფიქსით. კუთვნილების კატეგორია გამოიხატება ფუძესთან პირის ნიშანთა მიერთებით. რიცხვით სახელთა შემადგენლობაშია ლექსიკური ერთეული პირველი ათეულის, 20-ის, 30-ის, 40-ის, 50-ის 100-ის, 1000-ის აღსანიშნავად, ხოლო 60, 70, 80, 90 – თხზული სიტყვებია. ჩვენებითი ნაცვალსახელები აღნიშნავენ საგანთა განლაგების 35 პლანს. კითხვით ნაცვალსახელებში ორი ფუძეა გარჩეული: kim „ვინ?“ და ne „რა?“, უკუქცევით ნაცვალსახელთა ფუძე ემყარება არსებით სახელს. ზმნის უღვლილებისას განსხვავებულია პირის ნიშანთა 2 ტიპი. დამახასიათებელი სინტაქსური კატეგორიაა იზაფეთი. ორ სახელს შორის მიმართების ეს ტიპი საერთო თურქულია და ყველა ენაში გვხვდება. საერთო თურქული მოვლენაა მარტივი სახელადი წინადადების მოდელი შემასმენლობითი აფიქსებით, ხოლო ზმნურ წინადადებათა ტიპებში გვხვდება ღერძული წევრი – პირველი ფორმა ზმნის წარსული ან აწმყო-მყოფადი დროის ფორმით. თურქულ ენებში მარტივი წინადადება უპირატესი სინტაქსური სტრუქტურაა. სიტყვაწარმოებაში ძირითადად გავრცელებულია აფიქსაცია, არის სხვა ფორმებიც.

ქართველების ურთიერთობას თურქულენოვან სამყაროსთან მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ადრეული შუა საუკუნეებიდან იყო კონტაქტები ჩრდილოეთ კავკასიაში – ჰუნებთან, ხაზარებთან, პაჭანიკებთან. თურქულენოვან მუსლიმთა დიდმა ეთნიკურმა ჯგუფებმა საფუძველი ჩაუყარეს აზერბაიჯანის სახელმწიფოს, რომელთანაც საქართველოს მრავალსაუკუნოვანი მეზობლობა აკავშირებს. თურქული მოდგმის ყივჩაყები დავით აღმაშენებლის დროიდან საქართველოშიც სახლობდნენ. მთელი რიგი ომების შემდეგ საქართველოზე დამოკიდებული აღმოჩნდნენ თურქული სასულთნოები ირანის აზერბაიჯანშიც. ისტორიული თუ სხვა სახის წყაროებიდან ცნობილია, რომ თურქულენოვან სამყაროსთან ქართველთა ურთიერთობა მხოლოდ ომებით, სამხედრო შეტაკებებით არ განისაზღვრებოდა და კულტურულ-ეკონომიკურ სფეროსაც მოიცავდა. XV ს. II ნახევრიდან საქართველო დაუმეზობლდა ახალ თურქულ წარმონაქმნს – ოსმალეთს, რომლის ექსპანსიური პოლიტიკა საქართველოზეც გავრცელდა. 1578 იქმნება ახალციხის საფაშოსგან გამოცალკევებული ჩილდირის ვილაიეთი. ისლამი ამ რეგიონში სწრაფად გავრცელდა. 1828-მდე სამხრეთ საქართველოს ეს ნაწილი ოსმალთა სახელმწიფოში რჩებოდა, შემდეგ კი ახალციხე, ახალქალაქი და სამცხე გამოვიდა ოსმალთა ზედამხედველობის ზონიდან. 1878–79 რუსეთ-თურქეთის ომის შედეგად ბათუმი, ყარსი, არტაანი, ართვინი, არტანუჯი, ბორჩხა, შავშეთი და ხოფის ნაწილი რუსეთს დარჩა. გამუსლიმებულ მოსახლეობას მიეცა არჩევანის უფლება – მიეღო რუსეთის ქვეშევრდომობა ან გადასახლებულიყო ოსმალეთში.

საუკუნეთა განმავლობაში თურქულენოვან მოსახლეობასთან ახლო თუ შორეული კავშირების შედეგად ქართულში იკვეთება ნასესხებ ლექსიკურ ერთეულთა მთელი შრე. სხვადასხვა თურქული ენებისგან შემოსული ლექსემები ენაში დამკვიდრებისას ერთნაირ რეფლექსებს იძლევა, რაც აძნელებს სესხების უშუალო წყაროების დადგენას. ძირითად კრიტერიუმად რჩება ტერიტორიული სიახლოვე და ისტორიულ-ეკონომიკური ურთიერთობანი, რაც უპირატესად მაინც ხსნის თურქული ლექსიკის სიუხვეს ქართულ ენასა და მის დიალექტებში. თურქულენოვანი ნასესხობების ნიმუშებად შეიძლება დასახელდეს: გემი, ელჩი, თუნუქი, შუქი, ალჩუ, არტალა, არხი, არმაღანი, იალქანი, ბუღა, ბურღული, დუდუკი, იარა, იარაღი, იერიში, ყაბახი, ხანი და სხვ. ხშირია თურქული წარმომავლობის სახელები ქართველურ ანთროპონიმიკაში: ალთუნა, ასლან, ყაფლან, გელდია, დოლუნჯი, დურმიშხან, დურსუნ, ელგუჯა, ქუჩუკი, ჩოლაყა და სხვ. აღსანიშნავია, რომ თურქულენოვანი ნასესხობების მნიშვნელოვანი ნაწილი, თავის მხრიე, სემიტურ-ირანული წარმოშობისაა. ეს ბუნებრივიცაა, თუ გავითვალისწინებთ, რომ არაბული იყო რელიგიისა და მეცნიერების ენა, ხოლო ირანიზმების შეჭრას თურქულ ენებში ხელს უწყობდა სპარსული ლიტერატურა. ამიტომაც ხშირად ბევრი არაბული და სპარსული ლექსიკური ერთეული via turcica აღმოჩნდა ქართულში. მათგან ზოგი სიტყვა, რომელიც თურქულში უკვე აღარ ფიგურირებს, ქართულს შემორჩენია (მაგ., ყორჩიბაში).

მ. ჯიქია

ლიტერატურა

  • ჯიქია ს. „ლაზუტ“ სიტყვის წარმოშობისათვის. – „სმამ“, 1944, ტ. 5, №2;
  • მისივე, კოლექტიური შრომის ერთი ქართული ტერმინისათვის თურქულ ენებში. – „იკე“, I, თბ., 1946;
  • მისივე. შენიშვნები „სიმინდ-სემადალის“ შესახებ. – „თსუ შრომები“, 1947, 30b-31b;
  • მისივე, აღმოსავლური წარმოშობის სიტყვათა ისტორიიდან. I. – იქვე, ტ. 1, I960;
  • II. – „თსუ შრომები“. აღმოსავლეთმცოდნეობა, 1987, ტ. 273;
  • ბელთაძე მ. XVIII ს, თურქულენოვანი ძეგლი ქართული ტრანსკრიფციით. – „თსუ შრომები“, 1967, ტ. 121
  • აბულაძე ც. ს-ს ორბელიანის ლექსიკონის სიტყვანი თურქული თარგმანები, თბ. 1968;
  • გურგენიძე ნ. აღმოსავლური წარმოშობის ლექსიკური ელემენტები აჭარულსა და გურულში, თბ. 1973;
  • შერვაშიძე ლ. ტაიჯის შესახებ. – „მაცნე“ (ენისა და ლიტ. სერია), 1985;
  • შაყულაშვილი გ., ძველი თბილისის პოეზიის ისტორიიდან, თბ., 1987;
  • რუხაძე ლ. თურქიზმები ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში, თბ., 1993;
  • ბაღათურია ნ. თურქიზმები მესაქონლეობის ლექსიკაში. – „ენათმეცნიერების ინსტიტუტის 51-ე სამეცნ. კონფერენცია“, თბ. 1993;
  • მისივე, ალიკაპის ეტიმოლოგიისათვის. – ენათმეცნიერების ინ-ტის, 52-ე სამეცნ. სესია, თბ., 1993;
  • მისივე, ჯაღათაურ-ქართული ურთიერთობიდან. – ენათმეცნიერების ინსტიტუტის 51-ე სამეცნ. სესია, თბ., 1993;
  • მისივე, ლაფშას ეტიმოლოგიისათვის. – კრ: „ქართველურ ენათა სტრუქტურის საკითხები“, VI, თბ. 1996;
  • მისივე, თურქულ-ქართული ენობრივი ურთიერთობიდან. – კრ.: „ეტიმოლოგიური ძიებანი“, VI, თბ., )1997;
  • გურგენიძე ნ. ჯიქია მ. თურქული წარმომავლობის ანთროპონიმები ქართულში, თბ., 1994;
  • ჯიქია მ. თურქიზმები ქართველურ ანთროპონიმებში. – „სადისერტაციო მაცნე“, თბ., 1995.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები