არსებითი სახელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არსებითი სახელი – სუბსტანტივი, მეტყველების ნაწილი; დამოუკიდებელი მნიშვნელობის მქონე სიტყვა, რომელიც აღნიშნავს საგანს. გრამატიკული ნიშნების მიხედვით საგნად ითვლება ყველაფერი (მატერიალური საგნები თუ არამატერიალური, განყენებული საგან-ცნებები და მოვლენები), რასაც დაესმის კითხვა ვინ? ან რა? (ადამიანი, დედამიწა, სამშობლო, თავისუფლება). ზედსართავ, რიცხვით და ნაცვალსახელთან ერთად არსებითი სახელი განეკუთვნება სახელთა კლასს. ხასიათდება ფართო სიტყვაწარმოებითი შესაძლებლობებით; იცვლება ბრუნვისა და რიცხვის მიხედვით; წინადადებაში უპირატესად ასრულებს ქვემდებარისა და დამატების ფუნქციას; გამოიყენება აგრეთვე განსაზღვრებად, გარემოებად და შედგენილი შემასმენლის სახელად ნაწილად.

გამოიყოფა არსებით სახელთა ურთიერთგადამკვეთი ლექსიკურ-გრამატიკული ჯგუფები: სულიერთა და უსულოთა, ადამიანთა და არაადამიანთა (ვინ ჯგუფი და რა ჯგუფი), საკუთარი და საზოგადო, კონკრეტული და აბსტრაქტული, კრებითი, ნივთიერებათა და მოქმედებისა, რომლებიც ფორმაწარმოების, სიტყვაწარმოებისა და სიტყვათშეხამებადობის თვალსაზრისით საკუთარ ქვესისტემებს ქმნიან.

სულიერთა ჯგუფს განეკუთვნება სულიერ, საკუთარი ძალით მოძრავ ცოცხალ არსებათა – ადამიანთა და ცხოველთა სახელები: ქალი, მეგობარი, ციყვი, თევზი. უსულოთა ჯგუფს განეკუთვნება უსულო, საკუთარი ძალით გადაადგილების უნარს მოკლებულ საგანთა სახელები: ცა, ვარსკვლავი, ზღვა, მთა. უსულოთა ჯგუფშია გაერთიანებული მცენარეთა სახელები: ცაცხვი, ია… სულიერთა ჯგუფის სახელებს შეეწყობა ჰყავს ზმნა (შვილი, ძაღლი, მანქანა ჰყავს), უსულოთა ჯგუფის და მათთან გათანაბრებულ სახელებს – აქვს ზმნა (მამულები აქვს).

ქართულში ადამიანთა, გონიერ არსებათა სახელები გამიჯნულია სხვა ცოცხალ არსებათა სახელებისაგან. ეს უკანასკნელნი უსულო, არაგონიერი საგნის სახელებთან არიან გათანაბრებული. ადამიანთა (გონიერთა) ჯგუფში გაერთიანებულია ადამიანთა, ღვთიურ და მითოლოგიურ არსებათა სახელები. დაესმის კითხვა ვინ? (აქედან – ტერმინი ვინ ჯგუფი): ღმერთი, ანგელოზი, ადამიანი, მწყემსი, დევი. არაადამიანთა (არაგონიერთა) ჯგუფს განეკუთვნება სხვა დანარჩენი სულიერი (ცხოველების, ფრინველების, წყლის ბინადრების, ქვეწარმავლების, მწერების) და უსულო საგნის სახელები. დაესმის კითხეა რა? (აქედან – ტერმინი რა ჯგუფი): ვეფხვი, ორბი, დელფინი, მდინარე, სახლი.

ადამიანის სახელებს სადაურობის მაწარმოებლად უპირატესად -ელ სუფიქსი მოუდის (კახელი გლეხი), არაადამიანთა სახელებს - -ურ სუფიქსი (კახური ღვინო).

საკუთარი სახელი სახელს სდებს ერთ რომელიმე საგანს (გიორგი, ბაგრატიონი, საქართველო, გელათი). საზოგადო სახელი აღნიშნავს მრავალ ერთგვარ საგანს (ქალაქი, ქვეყანა, დათვი, მგელი). საკუთარი სახელით საგნის ერთადერთობის ხაზგასმა, მისი ინდივიდუალიზაცია ხდება, საზოგადო სახელით – ერთგვარ საგანთა განზოგადება.

საკუთარ სახელებში გამოიყოფა შემდეგი თემატური ჯგუფები: გეოგრაფიული სახელები – ტოპონიმები, ადამიანთა (პირთა) სახელები – ანთროპონიმები, ღმერთების სახელები – თეონიმები, ხალხთა და ტომთა სახელები – ეთნონიმები, ცხოველთა სახელები – ზოონიმები, ციურ სხეულთა სახელები – კოსმონიმები და სხვ.

საკუთარი სახელები, როგორც საგნობრივი მნიშვნელობისაგან მეტ-ნაკლებად დაცლილი სიტყვები, ენის ჩვეულებრივ განმარტებით ლექსიკონში არ შეაქვთ (გამონაკლისია მხოლოდ ეთნონიმები). ამ ლექსიკის თავმოყრა ონომასტიკურ ლექსიკონებში ხდება. მას ენათმეცნიერების სპეციალური დარგი ონომასტიკა შეისწავლის.

საზოგადო სახელებთან შედარებით, საკუთარ სახელთა რიცხვი გაცილებით მცირეა. მათი ფორმაწარმოებითი და სიტყვაწარმოებითი შესაძლებლობები შეზღუდულია. საკუთარი სახელები ლექსიკის ნაკლებად ცვალებად და ნაკლებად შევსებად სფეროს განეკუთვნებიან. ადამიანთა სახელებს განმეორების მაღალი სიხშირე ახასიათებს, გეოგრაფიულ სახელებში დამთხვევას შემთხვევითი ხასიათი აქვს.

საკუთარ სახელებში ცალკე ჯგუფად გამოყოფენ მოცულობით დიდ და სემანტიკურად მრავალფეროვან ლექსიკას – ე. წ. სახელწოდებებს. ესენია მხატვრული ნაწარმოებების, ჟურნალ-გაზეთების, დღესასწაულების, სხვადასხვა კულტურული თუ საყოფაცხოვრებო ობიექტების (თეატრების, კაფე-ბარების…), ღვინოების, სერიული წარმოების, საგანთა და მისთ. სახელები. სახელწოდებად, საკუთარ სახელთან ერთად, ფართოდ გამოიყენება საზოგადო სახელიც, რომელიც კონტექსტში საკუთარი სახელის ფუნქციას ასრულებს. მაგ: ლექსი „მერანი“, ჟურნალი „ცისკარი“, დღესასწაული „გიორგობა“, სასტუმრო „მეტეხი“, გემი „საქართველო“, ლუდი „შატილი“ და მისთ. ლექსიკის ეს ნაწილი, აღსანიშნი ობიექტების მსგავსად, სწრაფად იცვლება და ივსება ახალ-ახალი სახელებით. სახელდება ადამიანთა მიზანმიმართული საქმიანობის შედეგია და მასში ყოველთვის ირეკლება სახელმდები კოლექტივის კულტურა და გემოვნება.

კონკრეტულია სახელი, რომელიც აღნიშნავს კონკრეტულ საგნებს, ფაქტებსა და მოვლენებს. ბუნებაში რეალურად არსებულ საგანთა სახელების (კაცი, ადამიანი, მზე, შენობა, ყვავილი) გარდა, აქ არამატერიალურ საგანთა სახელებიც შემოდის (დრო, საუკუნე, მიზანი, ფიქრი, დარდი). აბსტრაქტული სახელი ნაწარმოები (მოტივირებული) სახელია, აღნიშნავს განყენებულ საგან-ცნებებს, იხმარება მხოლობითი რიცხვის ფორმით (ამაოება, დიდება, ჭეშმარიტება, მშვიდობა, სიკეთე).

კრებითი სახელი ლექსიკურად (მხოლობითი რიცხვის ფორმით) გამოხატავს ერთგეარ საგანთა სიმრავლეს, კრებულს, როგორც ერთ განუყოფელ მთელს. პირველადი კრებითი სახელებია: ერი, ხალხი, თემი, ფარა, ჯოგი, რემა. ნაწარმოები კრებითი სახელებია: გლეხობა. თავადაზნაურობა, ნაძვნარი, ბეწვეული, ვერცხლეული.

ნივთიერებათა სახელები აღნიშნავენ ერთგვაროვან ნივთიერებებს, რომელთა დანაწილება, აწონა და გაზომვა შეიძლება. ცალკეულ საგნებად წარმოდგენა კი – არა. ნივთიერებათა სახელებს განეკუთვნება მეტალების, მინერალების, კვების პროდუქტების, სასოფლო-სამეურნეო კულტურების, სხვადასხვა მასალების, ქსოვილებისა და მისთ. სახელები: (ოქრო, გრანიტი, ღვინო, ხორბალი, ხე-ტყე, ფარჩა).

მოქმედების სახელები ზმნის ფუძისაგან ნაწარმოები სახელებია, აღნიშნავენ მოქმედებას ან მდგომარეობას (ხატვა, კეთება, დგომა, წოლა). მოქმედების სახელის მნიშვნელობით იხმარება აგრეთვე ტერმინები საწყისი და მასდარი.

ვ. კალარდაძე



ლიტერატურა

  • შანიძე ა., ქართული გრამატიკის საფუძელები. I. თბ., 1953;
  • კვაჭაძე ლ., ქართული ენა. 1, თბ., 1981.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები