ბრუნვა (გრამატიკა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბრუნვა – სახელის გრამატიკული კატეგორია, რომელიც განასხვავებს ერთი და იმავე ლექსიკური მნიშვნელობის მქონე სიტყვებს ფორმალურ-გრამატიკული თვალსაზრისით.

ბრუნვა როგორც გრამატიკული კატეგორია, ერთსა და იმავე დროს მორფოლოგიურიცაა და სინტაქსურიც. როგორც მორფოლოგიურ კატეგორიას, ბრუნვას სიტყვის სტრუქტურაში მკაცრად განსაზღვრული ადგილი აქვს. ბრუნვის გამომხატველი ფორმანტი ქართულში სუფიქსია იგი უშუალოდ დაერთვის ფუძეს (ან მრ. რიცხვის აღმნიშვნელ ბოლოსართს მოსდევს).

ყოველი ბრუნვის ფორმა გამოხატავს ძირითად, ამოსავალ მნიშვნელობას, რომელიც ნიუანსობრივად იცვლება იმისდა მიხედვით, თუ რა მნიშვნელობის გამომხატველია ფუძე; ბრუნვის ფორმის მნიშვნელობის ნიუანსურ სხვაობას განსაზღვრავს აგრეთვე წინადადებაში მასთან დაკავშირებული სხვა სიტყვაფორმის ლექსიკურ-გრამატიკული მნიშვნელობა (შდრ: „მეზობელ-ს ხატავს“ და „მეზობელ-ს უხატავს“.

სიტყვაფორმის ფუძის ლექსიკურ მნიშვნელობასთან ურთიერთობის სახე განსაზღვრავს ბრუნვის მორფოლოგიურ, ფუნქციას, ხოლო სიტყვაფორმის ურთიერთმიმართება წინადადების სხვა წევრებთან – ბრუნვის სინტაქსურ ფუნქციას.

XVIII−XIX სს. ქართული გრამატიკებში ბრუნვების რაოდენობისა და ფორმების საკითხის შესახებ ერთნაირი აზრი არ იყო ჩამოყალიბებული, თუმცა ბრუნვების რაოდენობა, ნაწილობრივ, XX ს-შიც საკამათოდ რჩებოდა. საქმე ეხება წოდებით ბრუნვას. თუ ერთი მოსაზრებით იგი სრულუფლებიანია და მისი ადგილი სხვა ბრუნვებს შორისაა (ა. შანიძე), სხვა მოსაზრებით მისი ბრუნვად მიჩნევა შეუძლებელია (არნ. ჩიქობავა, ე. თოფურია)

თანამედროვე ქართულში (წოდებითის ჩათვლით) შვიდ ბრუნვას გამოყოფენ. თითოეულს თავისი ნიშანი აქვს. ბრუნვის ფორმები ქმნიან ჩამოყალიბებულ სისტემას:

სახელობითი ბრუნვა – ი (ხმოვანფუძიან სახელებთან – Ø);
მოთხრობითი ბრუნვა – -მა (ხმოვანფუძიანებთან – -მ);
მიცემითი ბრუნვა – -ს;
ნათესაობითი ბრუნვა – -ის (ფუძეუკვეცელ სახელებთან – -ს, -სი);
მოქმედებითი ბრუნვა – -ით (ფუძეუკვეცელ სახელებთან – -თი);
ვითარებითი ბრუნვა – -ად (ხმოვანფუძიან სახელებთან –-დ);
წოდებითი ბრუნვა – -ო (ხმოვანფუძიანებთან – -ე ან Ø).
ა. შანიძე ამ „ძირითად“ 7 ბრუნვას ადგილობით ბრუნვებსაც უმატებს.

ბრუნვათა შორის დაპირისპირება შესაძლოა პრივატული ოპოზიციის სახით იყოს წარმოდგენილი; მაგ., ძველ ქართულში წრფელობითი ბრუნვა უნიშნობით უპირისპირდებოდა სხვა ბრუნვებს (ა. შანიძე, ი. იმნაიშვილი). თანამედროვე ქართულში წრფელობითის ფუნქციები სახელობითმა შეითავსა, თუმც ნოდ წარმოდგენილი ფორმა დღესაც იხმარება გარკვეულ სინტაქსურ კონსტრუქციებში (მაგ. ხმოვანფუძიანი მსაზღვრელი საზღვრულის ყველა ბრუნვაში ცვლილებისას: პატარა სახლი, პატარა სახლმა… თანხმოვანფუძიანი მსაზღვრელი საზღვრულის მიცემით და ვითარებით ბრუნვებთან: დიდ სახლს, დიდ სახლად).

ძველი ქართულისგან განსხვავებით, თანამედროვე სალიტერატურო ქართულში ზოგიერთი ბრუნვის ნიშანი ფონეტიკურად გამარტივდა (მაგ., მოთხრ. -მან – -მა || -მ).

ბრუნვის ნიშანთა წარმომავლობა სხვადასხვაა: სახელობითი და მოთხრობითი ბრუნვები აშკარად გვინდ. წარმოებისაა და ნაცვალსახელთაგან მომდინარეობენ: კაც იგი > *კაციი > კაცი (ა. შანიძე), კაც მან > კაცმან > კაცმა (ა. შანიძე, არნ. ჩიქობავა).

ძველ ქართულში ბრუნვათა ფუნქციონირების თავისებურებათა ანალიზის შედეგად გამოყოფენ უძველეს – ნათ.-მოქმ. [იის, -ით (ოდ), -ინ, - ივ ალომორფებით წარმოდგენილ] და მიც. მიმართულებით (-ას, -ად, -ან, -ავ ალომორფებით წარმოდგენილ) ბრუნვებს (ე. თოფურია, ე. ბაბუნაშვილი, თ. შარაძენიძე).

ბრუნვის ნიშანს შეიძლება დაერთოს ემფატიკური ხმოვანი -ა; ნათესაობითსა და მოქმედებითში ხმოვანფუძიან უკვეცელ სახელებში ა-ს ენაცვლება -ი ხმოვანი (წყარო-ს-ი, წყარო-თ-ი).

კ. გაბუნია




ლიტერატურა

  • შანიძე ა. ქართული ენის გრამატიკის საფუძვლები. I. თბ., 1953 (1973, 1980);
  • მისივე, ძუელი ქართული ენის გრამატიკა. თბ., I976;
  • ბაბუნაშვილი ე. მიცემითი და ვითარებითი ბრუნეების ურთიერთობისათვის ძველ ქართულში. – კრ.: სახელის ბრუნების ისტორიისათვის ქართველურ ენებში, წგ. I, ე. თოფურიას რედ. თბ., 1956;
  • თოფურია ე. წოდებითი ბრუნვისათვის. – იქეე;
  • შანიძე ა. წოდებითის ფორმის ადგილისათვის გრამატიკაში. – იქვე;
  • შარაძენიძე თ. მოქმედებითი და მიმართულებითი ბრუნვების წარმოება და ფუნქციები ძველ ქართულში. – იქვე;
  • ცერცვაძე ი. ბრუნვათა საკითხი XVIII და XIX სს. ქართველ გრამატიკოსებთან. – იქვე;
  • იმნაიშვილი ი. სახელთა ბრუნება და ბრუნვათა ფუნქციები ძველ ქართულში, თბ., 1957;
  • თოფურია ე. ნ და ს ფენებისათვის ქართველურ ენებში. – იხ. მისი: შრომები, ტ. 1. თბ...1979;
  • ონიანი ა. ქართველურ ენათა შედარებითი გრამატიკის საკითხები, თბ., 1989


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები