გრამატიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გრამატიკა– (ბერძ. Γραμματική).

1. ენის სტრუქტურული ორგანიზაციის დონე. სისტემა ენობრივი მოვლენებისა, რომლებიც დაკავშირებულია ენის აგებულებასთან. გრამატიკული ერთეულები წარმოადგენენ განზოგადებულ ფორმებს, აბსტრაქციებს, რომლებიც განსაზღვრავენ ენის წყობას.
2. ენათმეცნიერების ნაწილი, რომელიც შეისწავლის ენის აგებულებას.

ისტორია

გრამატიკულ კვლევას საფუძველი ჩაეყარა მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში (ინდოეთი, საბერძნეთი,ჩინეთი, არაბეთი…) დიდი ხნით ადრე, საკუთრივ ენათმეცნიერების, როგორც მეცნიერების დამოუკიდებელი დარგის ჩამოყალიბებამდე, ბერძნულმა გრამატიკულმა მოძღვრებამ, რომელიც განმსაზღვრელი აღმოჩნდა ევროპული გრამატიკული აზრის განვითარებისათვის, სრულყოფილი სახე მიიღო ალექსანდრიულ სკოლაში. ამ სკოლის საქმიანობამ უმაღლეს დონეს მიაღწია ძვ. წ. II – ახ. წ. II სს-ში. სწორედ მაშინ შეიქმნა (ძვ. წ. II ს) დიონისე თრაკიელის ცნობილი „გრამატიკული ხელოვნება“. ალექსანდრიელთა გრამატიკული მოძღვრება განმსაზღვრელი აღმოჩნდა შემდგომი პერიოდის ევროპული გრამატიკული აზრის განვითარებისათვის, მაგრამ ეს უკანასკნელი ვითარდებოდა არა მხოლოდ და არა იმდენად პრაქტიკული კვლევის ჩარჩოებში, არამედ სხვა – ზოგადი, უნივერსალური, ფი-ლოს. გრამატიკების მიმართულებითაც. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით საინტერესოა „პორროიალის გრამატიკა“ (1660), რომელშიც ენის კატეგორიები ლოგიკურ კატეგორიებზე დაყრდნობით განიხილებოდა.

ისტორიული და შედარებითი კვლევის დამკვიდრებამ (XIX. ს. დასაწყ.) საფუძველი ჩაუყარა შედარებით-ისტორიულ გრამატიკებს. ენათმეცნიერების შემდგომმა განვითარებამ მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა გრამატიკის მოძღვრებაში.

ტრადიციული გრამატიკა ჩამოყალიბდა როგორც მოძღვრება, რომლის ძირითად ერთეულს წარმოადგენს სიტყვა, ხოლო კვლევის საგანი შემოიფარგლა სიტყვის აგებულებითა და სიტყვათა შორის მიმართებების დადგენით. შესაბამისად, გრამატიკაში გამოიყო ორი ნაწილი – მორფოლოგია და სინტაქსი. ეს დაყოფა საკმაოდ პირობითია და ხშირად ძნელი ხდება ამ ორ ნაწილს შორის მკაფიო საზღვრის დადგენა. ამიტომაც, თანამედროვე გრამატიკოსები უფრო და უფრო ხშირად ლაპარაკობენ მორფო-სინტაქსურ კატეგორიებზე, როგორიც არის მაგ., ბრუნვა, გვარი.

მორფოლოგიად და სინტაქსად გრამატიკის დაყოფამ განაპირობა ის ფაქტი, რომ სიტყვის ფონებეტიკური და ლექსიკურ-სემანტიკური თვისებები, რომლებიც ისევე მნიშვნელოვანია სიტყვისათვის როგორც გრამატიკული, საკუთრივ გრამატიკული კვლევის მიღმა აღმოჩნდა. ზოგიერთ თანამედროვე მიმდინარეობაში ასეთ სწრაფვას აბსტრაქტული მიმართებებისადმი შედეგად მოჰყვა საერთოდ სიტყვის, როგორც გრამატიკის ძირითადი ერთეულის, უარყოფა და მისი ჩანაცვლება მორფემით (დესკრიფციული ლინგვისტიკა)ან წინადადებით (გენერატიული გრამატიკა).

გრამატიკული კვლევის დავიწროება ეწინააღმდეგება ენობრივი სტრუქტურირების კონცეფციას. სიტყვა, როგორც გრამატიკული ერთეული, წარმოადგენს რთულ სტრუქტურულ წარმონაქმნს, რომელიც არსებობს არა იზოლირებულად, არამედ დაკავშირებულია ფონოლოგიურ და სემანტიკურ სტრუქტურებთან. მათი გათვალისწინების გარეშე წმინდა ფორმალური გრამატიკული კვლევა შეიძლება სერიოზული სირთულეების წინაშე აღმოჩნდეს.

კვლევის მიზნებისა და ამოსავალი თეორიული ჩარჩოებიდან გამომდინარე ტრადიციული გრამატიკების გვერდით შეიქმნა სხვადასხვა შედგენილობისა ღა სხვადასხვა მეთოდოლოგიურ ბაზაზე დამყარებული ახალი გრამატიკები – თეორიული, სტრუქტურული,დესკრიფციული, სტრატიფიკაციული, სისტემური, ტრანსფორმაციული, ფუნქციური და სხვ.

გრამატიკული წყობა, როგორც ენის შემადგენელი ნაწილი, ენის განვითარების ნებისმიერ ეტაპზე ჩართულია საერთო ფუნქციონირებაში, ამის საფუძველზე განასხვავებენ, ერთი მხრივ, გრამატიკას როგორც ჩამოყალიბებულ სისტემას, რომელიც საფუძვლად ედება მეტყველებას (competence grammer), მეორე მხრივ ამ სისტემის აქტიურ გამოყენებას მოლაპარაკეთა მიერ ენობრივი საშუალებებით წინადადებების უსასრულო რაოდენობით შექმნაში (performance grammer).

ქართული ენის გრამატიკა

გრამატიკის მეცნიერებით ქართველთა დაინტერესება იწყება X ს-იდან (იხ. „სიტყუაჲ ართრონთათჳს“, ძველი ქართული გრამატიკული აზრის სათავეებთან, ძველი ქართული ლინგვისტური აზროვნების ჰერმენევტიკული საფუძვლები). გრამატიკული აზროვნების პირველი ნაკადი იქმნება X-XII სს-ში ბიზანტიური მეცნიერების გავლენით. ჩანს, რომ ქართველები იცნობდნენ როგორც დიონისე თრაკიელის გრამატიკას, ისე მის განმმარტებელთა დებულებებს, რომელთაც პლატონის, არისტოტელეს, პროკლე დიადოქოსის ნაშრომების მსგავსად ბერძნულ დედნებში ეცნობოდნენ. ამ პერიოდს განეკუთვნება პირველი გრამატიკის ტრაქტატები, როგორიცაა ანონიმი ქართველი გრამატიკოსის „სიტყუაჲ ართრონთათჳს“ და იოანე პეტრიწის „ბოლოსიტყუაჲ“, რომელიც ერთვის პროკლეს „განმარტებაის“. XII ს-ში ითარგმნა ამონიოს ჰერმიას თხზულებანი, რომლებშიც, გრამატიკის საკითხებზე მსჯელობისას, ბერძნული გრამატიკის ტერმინოლოგია ან პირდაპირ არის გადმოტანილი, ან შექმნილია სათანადო კალკები, რომელთა მეშვეობით შესაძლებელი ხდება მსჯელობა ფონეტიკის, მორფოლოგიისა და სინტაქსის ზოგად საკითხებზე. გიორგი მთაწმიდელი „ღრამატიკოსად“ მოიხსენიება ათონის ივერთა მონასტრის 1074 აღაპების წიგნში და მისი გრამატ. მოძღვრება დახასიათებულია დიონისე თრაკიელის გრამატიკის მოთხოვნათა მიხედვით. იოანე პეტრიწმა და მისი ხელმძღვანელობით გელათის თეოლოგიურმა სკოლამ სალიტერატურო ენის დემოკრატიზაცია სამწერლობო ენაში სამეტყველო ენის ლექსიკისა და გრამატიკული ფორმების შემოტანით დაიწყო. ამ პერიოდში შექმნილი ენობრივი ლექსიკური მოდელები წარმატებით გამოიყენეს იმდროინდელმა შემოქმედებმა და თვით შოთა რუსთაველმა.

ისტორიული ვითარების გამო დროებით შეწყვეტილი გრამატიკის კვლევა განახლდა XVII ს-ში იტალიელი კათოლიკე მისიონერთა ინიციატივით. ისინი საქართველოში ხსნიდნენ სკოლებს, სადღაც ბერძნულ და ლათინურ გრამატიკებთან ერთად ასწავლიდნენ მათ მიერ ქართული ენისათვის დადგენილ წესებს. 1629 რომში დაიბეჭდა „ქართულ-იტალიური ლექსიკონი“, რომლის შემდგენლებიც იყვნენ სტეფანო პაოლინი და ნიკიფორე ირბაქი (ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი); 1643 იქვე დაიბეჭდა ფრანცისკო-მარია მაჯოს „ქართული ენის გრამატიკა“ (იხ. პირველი ქართული ნაბეჭდი გამოცემები). 1670-80-ით თარიღდება ბერნარდე ნეაპოლელის მიერ შედგენილი ქართულ-იტალიური და იტალიურ-ქართული ხელნაწერი ლექსიკონები, რომლებშიც ლექსიკურ განმარტებებთან ერთად მოცემულია გრამატიკული ინფორმაციაც: სახელებთან მითითებულია ფუძეთა წარმოქმნის, ზმნებთან კი – კატეგორიათა მიხედვით სიტყვათა ფორმაცვალების შესახებ. XVIII ს. I მეოთხედით თარიღდება ანონიმი ავტორის გორული „იტალიურ-ქართული ლექსიკონი“, რომელსაც წინ უძღვის 33-გვერდიანი გრამატიკის ტრაქტატი.

XVIII ს-ის პირველ ნახევარშია შექმნილი ქართულად დაწერილი პირველი გრამატიკა ქართული ენისა, მაგრამ ეს გრამატიკა არ არის დამოუკიდებელი ნაშრომი და მას ქართულ გრამატ. აზრის განვითარებაზე რაიმე მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია.

XVII-XVIII სს. ქართული გრამატიკული აზრის აღორძინება და ახალ სიმაღლეზე აყვანა დაკავშირებულია სულხან-საბა ორბელიანისა და ანტონ I-ის სახელებთან. იტალიელ მისიონერებთან ურთიერთობამ მათ საშუალება მისცა კარგად გასცნობოდნენ როგორც ლათ. გრამატიკებს, ისე თვით იტალიელთა მიერ შედგენილ ქართული ენის გრამატიკებსა და ლექსიკონებს. ისინი უშუალოდ მისიონერთაგან იღებდნენ კონსულტაციებს გრამატ. საქმიანობის შესახებ.

სულხან-საბა ორბელიანის „ლექსიკონი ქართულის“ შექმნის მიზანი იყო „გარყვნილი" ენის უცხო მინარევთაგან გაწმენდა, მისი სრულქმნა და განმტკიცება. ლექსიკონი უნდა გამხდარიყო „სასწავლო კეთილგონიერთა მოსწავლეთათვის“. მასალის ხასიათითა და მასშტაბებიო სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონი იტალიურ ლექსიკონთა პრინციპებს მიჰყვება. სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონს ახლავს აგრეთვე დანართი „სასწავლო ყრმათათვის”, რომელშიც წარმოდგენილია ქართული ენის ბგერითი ანალიზი, მოცემულია მორფემათა კონკრეტული დახასიათება, აგებულია სახელთა და ზმნათა პარადიგმები. ამ ლექსიკონში ქართული გრამატ. ტრადიციებთან (იოანე პეტრიწი, „სიტყუაჲ ართრონთათჳს“) ერთად იტალიელ მისიონერთა ნაშრომებიცაა გათვალისწინებული.

სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონისა და იტალიელ მისიონერთა გრამატიკის ტრაქტატების სახით ანტონ I-ს სოლიდური მასალა და დებულებები დახვდა. რუსეთში ყოფნისას ის გაეცნო ენების გრამატიკებს, შეეცადა დაედგინა, რა იყო ენებს შორის საერთო და რა – სპეციფიკური. მისი „ქართული ღრამმატიკის” მეორე რედაქცია ჩამოყალიბებული მეცნიერული ნაშრომია. აქ დადგენილია სახელთა და ზმნათა ფორმაცვალების სახეები, რომელთაგან ზოგი დღესაც ინარჩუნებს ნორმის ძალას.

ანტონ I-ის „ქართული ღრამმატიკა“ შემდგომი პერიოდის ყველა გრამატიკის საფუძველი გახდა და, თუმცა მომდევნო თაობათა წარმომადგენლები მას სხვადასხვაგვარად კითხულობდნენ, ერთი რამ ნათელია – XIX ს. 90-იან წლებამდე არსებითად ანტონ I-ის გრამატიკის ვარიანტები ტრიალებს, მეტ-ნაკლებად გასაგები ენით დაწერილი. გრამატიკული კატეგორიების მეცნიერული აღწერა, სახელური და ზმნური პარადიგმების სრულქმნა შემდგომ პერიოდს ეკუთვნის (ნ. მარი, ა. შანიძე, არნოლდ ჩიქობავა, ე. თოფურია.

თ. უთურგაიძე

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები