ბერნარდე ნეაპოლელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბერნარდე ნეაპოლელი – XVII ს. იტალიელი კათოლიკე მისიონერი, თეოლოგი და ფილოსოფოსი. რომის ეკლესიის დავალებით, საქართველოს პირველად ეწვია 1661 მცირე ხნით. 1670-80 საქართველოში ცხოვრობდა. დიდ დახმარებას უწევდა ვახტანგ V-ს ევროპასთან ურთიერთობაში. მეგობრობდა უფლისწულ გიორგისთან (შემდეგში მეფე გიორგი XI); კარგად ფლობდა ქართულ ენას; ეწეოდა მთარგმნელობითსა და კულტურულ-საგანმანათლებლო მოღვაწეობას. კითხულობდა ნუსხურ ტექსტებსაც. ბერნარდე ნეაპოლელმა ჩაიწერა ქართული ზღაპრები. ეს ჩანაწერები პირველად საქართველოში გამოიცა (1964). ზღაპრების ტექსტებს დიდი მნიშვნელობა აქვს ისტორიული დიალექტოლოგიისათვის.

ცნობილია ბერნარდე ნეაპოლელის ორი ხელნაწერი ლექსიკონი (დაცულია ნეაპოლის ეროვნულ ბიბლიოთეკაში): იტალიურ-ქართული (360 გვ., ხელნაწერი) და ქართულ-იტალიური (628 გვ. ხელნაწერი). ბერნარდე ნეაპოლელი მათ მონახაზებს უწოდებდა. ლექსიკონები დაწერილია მისივე ხელით. ისინი არ არის იდენტური: ქართულ-იტალიური ლექსიკონი არ წარმოადგენს იტალიურ-ქართული ლექსიკონის შებრუნებულ ვარიანტს.

ბერნარდე ნეაპოლელის გრამატიკული შეხედულებები ასახულია მის ლექსიკონებში. მეტყველების ნაწილთაგან ლექსიკონებში მეტი ყურადღება ეთმობა ზმნას. ცალკეული ზმნის განმარტებას ახლავს გრამატიკული დახასიათება: მოცემულია აწმყოს, უწყვეტლისა და წყვეტილის ფორმები. სალექსიკონო ერთეულად გამოტანილია აწმყოს პირიანი ფორმა, მას მოსდევს სხვადასხვა მწკრივის ფორმები ორსავე რიცხვში. მაგ. „დავჯდები“: perf. „დავჯდე“ „დაჯე“, „დაჯდა“; plur. „დავჯექით“, „დაჯექით“, „დაჯდენ“; Imp. sg. „დაჯე“, plur. „დაჯექით“; opt. „დავჯდე“, „დაჯდე“, „დაჯდეს“. ბერნარდე ნეაპოლელი ხშირად მიმართავს უღლების ფორმათა შემოკლებას: სტატიის დასაწყისში გამოტანილი ფორმის შემდეგ აღნიშნავს მხოლოდ ზმნისწინს (თუ იგი ზმნას აქვს), პირის ნიშანს და გვარის ან ქცევის ნიშანს; მაგ., „მეუბნების“, გე, ე (ე. ი. გეუბნების, ეუბნების) და ა. შ. ზოგჯერ ქართული ზმნის პირთა მიმართებების ჩვენებასაც ცდილობს: dar parola „დაპირდები“, a me „დამპირდები“, a te „დაგპირდები“, a quell „დავპირდები“.

ფორმათა ორთოგრაფია ძირითადად მწიგნობრულია, რაც ქართული მწერლობის ცოდნას ან უფლისწულ გიორგის კონსულტაციებს მიეწერება.

სახელთა ფორმაწარმოებიდან მხოლოდ ნათესაობითი ბრუნვის ფორმაა ასახული აქა-იქ: Sasso „ქუა“, di sasso „ქუისა“ და სხვ.

თ. უთურგაიძე


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები