გვარი (ზმნის)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გვარიზმნის კატეგორია, გავრცელებულია სხვადასხვა სტრუქტურის ენებში. ტრადიციული განმარტებით, გვარი ზმნის სუბიექტურ-ობიექტურ მიმართებას ასახავს (სხვადასხვა ვარიაციებით) ან – გვარის კატეგორიით გამოიხატება მოქმედების მიმართება ქვემდებარესთან და ა. შ.

გვარის გაგება საკამათო იყო მის შესახებ გრამატიკული მოძღვრების ჩამოყალიბებიდანვე, პანინის გრამატიკიდან დღემდე გვარის კატეგორიის შესახებ დიდძალი საენათმეცნიერო ლიტერატურა დაგროვდა. გამოიკვეთა მრავალი საკითხი, რომლებიც ქართული ენის გვარის კატეგორიის შესწავლის დროსაც იჩენს თავს. ესაა ტერმინის საკითხი, კატეგორიის განმარტებათა წინააღმდეგობრივი შინაარსი, გვარის კატეგორიის წევრ სიტყვა-ფორმათა რაოდენობის საკითხი, გვარის კატეგორიის წევრთა ოპოზიციის ხასიათის განსაზღვრა, გვარის კატეგორიის სტატუსის დადგენა მოცემულ სისტემაში, გვარისა და პირიანობის გვარისა და გარდამავლობის საკითხები და სხვ.

თანამედროვე ქართულ გრამატიკულ ლიტერატურაში დამკვიდრებულია ტერმინი გვარი და გავრცელებულია მისი კატეგორიის შემდეგი განმარტება: გვარი არის ზმნის ფორმა, რომელიც გვიჩვენებს, თუ როგორია ურთიერთობა გრამატიკულად მოქმედ პირსა და ზმნით აღნიშნულ მოქმედებას შორის: მოქმედება მომდინარეობს სუბიექტური პირისაგან და სხვა პირზეა დამართული. სუბიექტი განიცდის ამ მოქმედებას, თუ მომდინარეობს მისგან, მაგრამ ისე, რომ არც სხვა პირზეა პირდაპირ დამართული და არც განცდილია სხვისი ზემოქმედებით. ამის მიხედვით გვაქვს სამი გვარი: მოქმედებითი, ვნებითი, საშუალი. მოქმედებითი: ხატავს, უზრდის, ათბობს, აწუხებს, აგორებს… ვნებითი: ი-ხატება, ე-ზრდება, წუხ-დ-ება, გორ-დ-ება, თბება…, საშუალი: წუხს, გორავს… (ა. შანიძე).

გვარის სისტემა ქართულში შეიძლება იყოს სამწევრიანი: მოქმედებითი – ვნებითი – საშუალი (აწუხებს – წუხ-დ-ება – წუხს, ა-წვენს – წვება – წევს) და ორწევრიანიც: მოქმედებითი – ვნებითი (ხატავს – ი-ხატება, ათბობს – თბება…). ტრადიციულად მიჩნეულია, რომ ვნებითი გვარი მარკირებულია. ფორმათა წარმოების მიხედვით გამოიყოფა პრეფიქსიანი – აბსოლუტური, ი-ნიანი (ი-ხატება…) და რელატიური, ე-ნიანი (ე-ხატება) ვნებითები, ასევე სუფიქსიანი – დ-ონიანი (წუხ-დ-ება…) და უნიშნო (თბება…) ვნებითები, უნიშნო ვნებითები ისტორიულად უგვარო დინამიკურ ზმნებადაა მიჩნეული (ქ. ლომთათიძე, გ. მაჭავარიანი…), მორფოლოგიური ოპოზიციების პრინციპთა გათვალისწინებით გვარის სისტემაში ვნებითთან ერთად მარკირებულია მოქმედებითის ფორმებიც, არამარკირებულია საშუალი გვარი აგორებს – გორ-დ-ება – გორავს (გ. ნებიერიძე, ა. ონიანი). ოპოზიციაში, რომელშიც მოქმედებითს ან ვნებითს არა აქვს მარკერი, ნულოვანი ალომორფი იგულისხმება.

საშუალი გვარის ზმნებში სემანტიკისა და უღვლილების ფორმათა თავისებურების მიხედვით ორი ჯგუფი გამოიყოფა: საშუალ-ვნებითები (მედიოპასივები): არის, დგას, წევს, ჩანს… და საშუალ-მოქმედებითები (მედიოაქტივები): წუხს, ცხოვრობს… შესაბამისად, საშუალი გვარის ზმნები უღვლილების ნაკლულ (სრული ასპექტის) ფორმებს ორგვარად ივსებენ: საშუალ-ვნებითები – ვნებითი გვარის ფორმებით (დგას – ი-დგება – ი-დგა იგი…), საშუალ-მოქმედებითები მოქმედებითი გვარის სათანადო ფორმებით: ერთპირიანები სასუბიექტო ქცევის (წუხს – იწუხებს იგი – ი-წუხა მან…), ხოლო ორპირიანები – საობიექტო ქცევის ფორმებით (დარაჯობს – უ-დარაჯებს ის მას – უ-დარაჯა მან მას…), ერთი კორექტივით: ნასესხებ ფორმათა შესიტყვებაში გამოირიცხება პირდაპირი ობიექტი. მედიოაქტიურ ზმნათა დეფექტური პარადიგმის შევსება ქართულში დონიანი ვნებითის ფორმებითაც შეიძლება: წუხს – შეწუხ-დ-ება – შეწუხ-დ-ა… (არნ. ჩიქობავა, ე. ბაბუნაშვილი).

ძველი ქართული და სხვა ქართველურ ენათა გარკვეული ფაქტების შეჯერებით გამოთქმულია მოსაზრება, რომ წუხს – იწუხა ტიპის ფორმები ისტორიულად ერთი პარადიგმის ფორმებია (ლ. ნორაძე).

გვარის კატეგორიის ფორმათა შორის ურთიერთობა კონვერსიის საფუძველზეა განსაზღვრული. კონვერსია (შებრუნება, მოქცევა) ეწოდება გვარის ერთი ფორმიდან მეორეში გადასვლას, ერთი და იმავე შინაარსის გადმოცემას სხვადასხვა გრამატიკული ფორმით (მხატვარი ხატავს სურათს – სურათი იხატება მხატვრის მიერ). ტერმინი ა. შანიძეს ეკუთვნის, თუმცა კონვერსიის მექანიზმი ჯერ კიდევ ანტონ I-ის გრამატიკაშია გარკვეული.

კონვერსიულ წყვილებში აქტივ-პასივის (მოქმედებით-ვნებითის), აქტივ-მედიუმის (მოქმედებით-საშუალის) ფორმალური განაწილებისათვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება აქტივის ფორმათა მოდელებს: ხატავს – ი-ხატება, უ-ხატავს – ე-ხატება, წუხს – ა-წუხებს – წუხ-დ-ება, ა-თბობს – თბება… თუმცა ამ წყვილთაგან ყველა ვერ აკმაყოფილებს კონვერსიის პირობებს (თ. უთურგაიძე)

ქართულში არსებობს გვარის კატეგორიის სხვა განმარტებაც, რომლის თანახმად ზმნას შეუძლია საგანგებო თავსართ-ბოლოსართით აღნიშნოს, თუ როგორაა წარმოდგენილი მოქმედება – მოქმედის თვალსაზრისით (სუბიექტის პოზიციიდან) თუ მოქმედების ობიექტის თვალსაზრისით (სუბიექტისგან განყენებით), ე. ი. ზმნას შეუძლია აჩვენოს გვარები – მოქმედებითი და ვნებითი (არნ. ჩიქობავა). ამ თვალსაზრისით გვარის კატეგორია ორწევრიანია: აქტივი – პასივი, საშუალი გვარისთვის ამ ოპოზიციაში ადგილი არ რჩება: საშუალი გვარის ზმნები გარდაუვალი უგვარო სტატიკური ზმნებია: წუხ-ს, ჩანს… ამ უგვარო სტატიკურ ზმნათაგან, ერთი მხრივ, კაუზაციის გზით მიიღება დინამიკური გარდამავალი (წუხს – ა-წუხებს) ზმნები (ე. წ. „პირველადი კაუზატივები“), მეორე მხრივ, სუფიქსაციის გზით – დინამიკური გარდაუვალი ფორმები (წუხ-ს – წუხ-დ-ება. ძვ. ქართ. წუსხ-ნ-ების | წუხ-დ-ების). დინამიკური გარდამავალი და გარდაუვალი ფორმები ქმნიან აქტიურობა-პასიურობის მიხედვით დაპირისპირებულ კონვერსიულ წყვილს: ა-წ-უხებს, წუხ-დ-ება… სხვა თვალსაზრისით, სუფიქსიანი ვნებითები იწარმოება სათანადო აქტივის ფორმებიდან – პასივის ფუძეში წარმოდგენილი ყველა ფონემატური ცვლილება უკვე აქტივშია განხორციელებული.

აღნიშნულია, რომ ვნებითის სინთეზური ფორმები ქართულში ხშირად არ აკმაყოფილებს პასიურობის უნივერსალურ გაგებას – აქტივ-პასივის დაპირისპირებისას ხშირად ირღვევა კონვერსიის პირობები (შდრ.: მაგ. ფორმით პასიური და შინაარსით აქტიური ზმნები ქართულში, ე. წ. დეპონენსები: იძლევა, იბღვირება, ეზიდება, ეწევა… და ა.შ.). გამოთქმულია აზრი, რომ ვნებითის უნივერსალური მოდელის გათვალისწინებით, სინტაქსურად და სემანტიკურად აქტიურ ზმნებს ქართულში აღწერითი ვნებითები შეესაბამება (ა. ჰარისი).

გვარის კატეგორიის ფორმათა გენეზისის გარკევისას წინა პლანზე დგება გვარისა და გარდამავლობის, გვარისა და კაუზატივის, გვარისა და რეფლექსივის, გვარისა და პოტენციალისას ურთიერთობის საკითხი. ჩანს, რომ გვარის მოდალური მნიშვნელობები (კერძოდ, ვნებითის ფორმებისა) ქცევის მნიშვნელობებია და არა გვარისა (მ. მაჭავარიანი).

არსებობს თვალსაზრისი, რომ გვარის კატეგორია ქართულში არათანამიმდევრულად არის გამოხატული უღვლილების სისტემაში. აქტივი–პასივი უფრო მკაფიოდაა გარჩეული I სერიის ფორმებში (არნ. ჩიქობავა); ამავე დროს, გვარის კატეგორია ქართულში მიჩნეულია ფუნდამენტურ კატეგორიად: ქართული ზმნის უღვლილებას გვარის კატეგორია განსაზღვრავს (ა. შანიძე).

ეს განსხვავებული თვალსაზრისი გვარის კატეგორიის გრამატიკული სტატუსის დადგენაშიც აისახება. ქართულ საენათმეცნიერო ლიტერატურაში გვარის კატეგორია განმარტებულია როგორც ლექსიკურ-გრამატიკული (ა. შანიძე), სინტაქსურ-მორფოლოგიური (ფ. ერთელიშვილი), მორფოლოგიური (ა. ონიანი) თუ სინტაქსური (რ. ასათიანი).

მ. სუხიშვილი


ლიტერატურა

  • თოფურია ვ. მესაზე ტიპის ვნებითის წარმოება ქართულში. – „სმამ“, 1942, ტ. 1, №9;
  • ჩიქობავა არნ. ქართული ენის ზოგადი დახასიათება. – ქეგლ. ტ. 1. თბ., 1950;
  • მისივე, იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების შესავალი, თბ. 1979;
  • შანიძე ა. ქართული ენის გრამატიკის საფუძვლები., I, თბ. 1953,(1973.1980);
  • ლომთათიძე ქ. თბება ტიპის ზმნათა ისტორიისათვის ქართულში. – „იკე“, IV, თბ., 1953;
  • მაჭავარიანი გ. უნიშნო ვნებითი ქართველურ ენებში.– კრ: „ქართველურ ენათა სტრუქტურის საკითხები“, თბ. 1959;
  • ერთელიშვილი ჟ. ქცევის საკითხისათვის ქართულში. - „თსუ შრომები“, 1965, ტ. 114;
  • ჯორბენაძე ბ. ზმნის გვარის ფორმათა წარმოებისა და ფუნქციის საკითხი ქართულში, თბ, 1975;
  • უთურგაიძე თ. ქართული ენის ფონემატური სტრუქტურა, თბ., 1976;
  • ასათიანი რ. მარტივი წინადადების ტიპოლოგიური ანალიზი, თბ, 1982;
  • მისივე, გვარის მორფოლოგიური კატეგორია ქართულსა და ქართველურ ენებში. – კრ: „ტიპოლოგიური ძიებანი“. თბ. I990;
  • ნებიერიძე გ. გვარისა და კაუზატივის ურთიერთმიმართება ქართულში. - „საენათმეცნიერო კრებული“. ნაწ. I, თბ., 1984;
  • მაჭავარიანი მ. ქცევის გრამატიკული კატეგორიის სემანტიკა, თბ. 1987;
  • ღვინაძე თ., ქართული ზმნის ვნებითი გვარის ფორმათა სტილისტიკა, თბ. I989;

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები