მარი ნიკო
ნიკო მარი – (1864-1934), აღმოსავლეთმცოდნე, კავკასიოლოგი, შუა საუკუნეების ქრისტიანული მწერლობის მკვლევარი, ენათმეცნიერი, ფილოლოგი, არქეოლოგი, 1912 წ-დან რუსეთის საიმპერატორო აკადემიის წევრი, შემდგომ სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტის პრივატ-დოცენტი.
1874 დაამთავრა ოზურგეთის სამკლასიანი სასწავლებელი, 1884 – ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და სწავლა განაგრძო პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე. 1891-1900 იყო ამავე უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტი. 1900 მარი დაინიშნა ქართულ-სომხური სიტყვიერების კათედრის ექსტრაორდინარულ პროფესორად. 1908-იდან სათავეში ჩაუდგა აღმოსავლეთმცოდნეობის კათედრას, 1911 აირჩიეს აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტის დეკანად. 1921-იდან მარი ხელმძღვანელობდა პეტროგრადში მის მიერვე დაარსებულ „იაფეტიდოლოგიურ (1922-იდან – „იაფეტურ“) ინსტიტუტს“ (შემდეგ – „ენისა და აზროვნების ინსტიტუტი“). ამავე პერიოდში (1924-30) იყო ლენინგრადის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი, 1930-იდან სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ვიცეპრეზიდენტი.
მრავალმხრივი იყო მარის მეცნიერული მოღვაწეობა. მისი ინტერესების სფერო მოიცავდა არმენისტიკას, კულტურის ისტორიას, არქეოლოგიას (ანისის გათხრები, ექსპედიცია ვანის ტბის სამხრეთით, ვარნაკის სამაროვნის გათხრები). მისი ინიციატივით ჩატარდა პირველი ლინგვისტური და არქეოლოგიური ექსპედიციები ახალქალაქისა და ახალციხის რ-ნებში (1917) ქართულ, სომხურ და თურქულ ენათა დიალექტების, ვარძიის გამოქვაბულების, ზარზმისა და საფარის მონასტრების კედლის მხატვრობის შესასწავლად.
უდიდესი ღვაწლი მიუძღვის მარს ქართული ხელნაწერების გამოვლენასა და შესწავლაში. 1898 იგი (ნ. კონდაკოვთან ერთად) გაემგზავრა ათონის ივერთა მონასტერში და შეძლებისდაგვარად სრულად აღწერა იქ დაცული ქართული ხელნაწერების კოლექცია. 1902 იმოგზაურა სინას მთაზე (ი. ჯავახიშვილთან და ბიზანტინოლოგ ი. ვასილიევთან ერთად) და იერუსალიმში. ამ ექსპედიციის დროს აღმოაჩინა ქართული ჰაგიოგრაფიის ბრწყინვალე ძეგლი – გიორგი მერჩულეს „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“. თხზულება რუსული თარგმანითა და ვრცელი გამოკვლევით გამოსცა 1911. მანვე გამოსცა (გამოკვლევებით, ლექსიკონითა და რუსული თარგმანით) ძველი ქართული სასულიერო მწერლობის არაერთი მნიშვნელოვანი ძეგლი: „პეტრე იბერის ცხოერება“ (1896), იპოლიტე რომაელის „თარგმანებაჲ ქება-ქებათაჲსა“ (1901), ბასილი კესარიელის „ფიზიოლოგი“ (1904), ანტიოქე სტრატიგის „იერუსალიმის ჯწარტყვევნის“ არაბული ტექსტის ქართული თარგმანი (1909) და სხვ.
მნიშვნელოვანია მარის ღვაწლი კლასიკური ხანის ქართული საერო ლიტერატურის შესწავლაშიც. 1902 ვრცელი გამოკვლევებითურთ გამოსცა (რუს. ენაზე) „ძველი ქართველი მეხოტბენი” – „აბდულმესიანი“ და „თამარიანი”. სპეციალური გამოკვლევები მიუძღვნა „ვეფხისტყაოსანს“', „ამირანდარეჯანიანს“, „ვისრამიანს”, „რუსუდანიანს“
განსაკუთრებით დიდია მ-ის დამსახურება ქართველურ ენათა კვლევაში, რასაც მან არაერთი ნ»- : შრომა მიუძღვნა.
მრავალი დებულება, რომლებიც საფუძვლად დაედო ქართული ენის მეცნიერულ ანალიზს, მარის სახელს უკავშირდება. მის ნაშრომებში ვრცლად არის განხილული ქართული ენის ფონეტიკის საკითხები. განსხვავებული მიდგომისა და ზოგჯერ ფაქტების უზუსტობის მიუხედავად, მარის მიერ წამოყენებული ზოგი დებულება დღემდე ინარჩუნებს აქტუალობას და შეიძლება მსჯელობის საგანი იყოს.
როგორც ცნობილია, მარი დიდ ყურადღებას უთმობდა ქართული ენის (ქართველური ენების) სხვა ენებთან ნათესაობის საკითხებს. ამ მიმართულებით კვლევამ იგი საბოლოოდ მიიყვანა ენათა ნათესაობის უარყოფამდე და ერთიანი გლოტოქრონოლოგიური თეორიის შექმნამდე, რაც მკაცრად იქნა გაკრიტიკებული (იაფეტური თეორია).
თ. უთურგაიძე