ლექსიკონი
ლექსიკოლოგია – (ბერძნ. lexikos - სიტყვისა და logos – მოძღვრება), ენათმეცნიერების დარგი, რომელიც შეისწავლის ენის ლექსიკურ ფონდს, მის შედგენილობას, სიტყვათა სემანტიკას, ფუნქციონირებასა და ცვალებადობას.
ლექსიკოლოგია ემიჯნება ლექსიკოგრაფიას და, ამასთანავე, წარმოადგენს მის თეორიულ საფუძველს. განსხვავებით ფონეტიკისა და მორფოლოგიისაგან, რომლებიც შეისწავლიან სიტყვის ბგერადობასა და აგებულებას, ლექსიკოლოგიის კვლევის საგანია სიტყვა, როგორც მნიშვნელობის მქონე ენობრივი ერთეული. სიტყვის მნიშვნელობას საფუძვლად უდევს საგნობრივი მიმართება. სიტყვის აგებულების დერივაციული ცვლა წარმოქმნის ახალ საგნობრივ მიმართებას, ახალ სიტყვას. ამდენად, დერივაცია შინაგანად არის დაკავშირებული ლექსიკოლოგიასთან. ლექსიკოლოგია არკვევს სიტყვისა და საგნის ურთიერთობას, რასაც განიხილავენ სემასიოლოგიის თვალსაზრისით – სიტყვიდან ამოსვლით (საძიებელია მისი მნიშვნელობა) ან ონომასიოლოგიის თვალსაზრისით – საგნიდან ამოსვლით (საძიებელია მისი სახელწოდება). ამ ქვედარგებთან ერთად, ლექსიკოლოგიას განეკუთვნება ეტიმოლოგიაც, ხოლო მომიჯნავე დარგებია ფრაზეოლოგია და სტილისტიკა.
ლექსიკის კვლევას იწყებენ სიტყვათა კლასიფიკაციით. ძირითადია მათი დაჯგუფება სრულმნიშვნელოვან და დამხმარე სიტყვებად. მათი დაჯგუფება ხდება იმის მიხედვითაც, ამა თუ იმ სიტყვაში მისი რომელი ფუნქციაა წარმმართველი: აღნიშვნისა (არსებითი, ზედსართავი, რიცხვითი სახელები, ზმნა, ზმნისართი), მითითებისა (ნაცვალსახელები, ზოგი ზმნისართი, დეიქტური სიტყვები) თუ გამოხატვისა (შორისდებულები). სიტყვის ფუნქციონირება არ გაიაზრება ენობრივ კოლექტივთან მიმართების გარეშე. ლექსიკის შესწავლა ენობრივ კოლექტივთან მიმართებით სიტყვათა დაჯგუფების საფუძველია მოლაპარაკეთა ტერიტორიის განაწილებისა თუ საქმიანობის მიხედვით (დიალექტური და დარგობრივი ლექსიკა). სხვადასხვა სიტყვას სხვადასხვა პროფესიულ ჯგუფში შეიძლება განსხვავებული მნიშვნელობა ჰქონდეს; მათი შეხვედრა საერთო ენაში იძლევა პოლისემიას, ხოლო ტერიტორიულ ჯგუფებში არსებულ ერთგვარმნიშვნელობიან სიტყვათა თავმოყრა – სინონიმიას. ლექსიკის, როგორც სისტემის, განხილვა გულისხმობს, გაირკვეს ამ სისტემის ელემენტთა – სიტყვათა ურთიერთმიმართება, რომელსაც განაპირობებს ამ სიტყვებით აღნიშნულ მოვლენათა ურთიერთკავშირი. მაგრამ, როცა ერთმანეთთან დაკავშირებული სიტყვები შექმნის სისტემას, მის შემდგომ ბედს ენობრივი ტრადიციაც განსაზღვრავს. ლექსიკოლოგია იკვლევს ამგვარად შეპირობებულ სიტყვათაკავშირებს – პარადიგმატულ (ასოციაციურ) და სინტაგმატურ (დისტრიბუციულ) მიმართებებს ლექსიკურ ერთეულთა შორის.
სხვა ენობრივ მოვლენებთან შედარებით ლექსიკა ყველაზე სწრაფად იცვლება, რაც ლექსიკის სისტემატურ კვლევასთან ერთად აუცილებელს ხდის მის ისტორიულ კვლევას, ინოვაციათა გზებისა და მიზეზების დადგენას: ლექსიკური კონტაქტების შესწავლის საფუძველზე ლექსიკოლოგია არკვევს შეთვისებული (ნასესხები) და საკუთარი ლექსიკის ურთიერთმიმართებას, ლექსიკური ფონდის გამდიდრების წყაროს, საშუალებებს და სხვ.
ბ. ფოჩხუა
შ. აფრიდონიძე
ლიტერატურა
- ჩიქობავა არნ. გრამატიკის აგებულების ძირითადი საკითხები. – «სსრკ მეცნ. აკად. საქართვ. ფილიალის მოამბე». 1940, ტ. 1, №2–3;
- ფოჩხუა ბ. ქართული ენის ლექსიკოლოგია, თბ., 1974.