ლექსიკოგრაფია
ლექსიკოგრაფია – (ბერძნ. lexikos – სიტყვისა და grapos – ვწერ), ენათმეცნიერების დარგი, რომელიც ამუშავებს ლექსიკონის შედგენის თეორიულ და პრაქტიკულ პრინციპებს.
პრაქტიკული ლექსიკოგრაფიის განვითარებაში სამი ძირითადი პერიოდია გამოყოფილი: ა) ლექსიკონებამდელი პერიოდი, როდესაც განმარტავდნენ ცალკეულ ძნელად გასაგებ სიტყვებს, ადგენდნენ ე. წ. გლოსებს, გლოსარიუმებს, ვოკაბულარებს (სასწავლო დანიშნულების კრებულებს)…; ბ) ადრე ლექსიკოგრაფიული პერიოდი: სასაუბრო ენისაგან განსხვავებით, სალიტერატურო ენის ლექსიკისა და შესიტყვებების შესწავლა, მოგვიანებით – პასიური ტიპის თარგმნითი ლექსიკონები, როცა სხვა ენის ლექსიკა განიმარტებოდა მშობლიური ენით, შემდეგ – აქტიური ტიპის თარგმნითი ლექსიკონები, რომლებიც ეყრდნობოდა ცოცხალ ხალხურ მეტყველებას (მაგ., ფრანგულ-ლათინური, ინგლისურ-ლათინური ლექსიკონები) და, აგრეთვე, ცოცხალი ენების ორენოვანი ლექსიკონები; გ) განვითარებული ლექსიკოგრაფიის პერიოდი – ნაციონალური ლიტერატურული ენების განვითარების ნაყოფი, რომლის ძირითადი ფუნქციაა ენის ლექსიკური ფონდის აღწერა და ნორმალიზაცია, საზოგადოების ენობრივი კულტურის ამაღლება (განმარტებითი, ტერმინოლოგიური ლექსიკონი, ორთოგრაფიული ლექსიკონი, სინონიმთა ლექსიკონი, გრამატიკული, იდეოგრაფიული ლექსიკონი, ინვერსიული ლექსიკონი).
ლექსიკოგრაფია აღრიცხავს და ადგენს ლექსიკონთა ტიპებს, აყალიბებს ცალკეულ სახეობათა შედგენის პრინციპებს. ლექსიკოგრაფიის პრაქტიკული ფუნქციაა ლექსიკურ ერთეულთა თავმოყრა და სისტემატიზაცია, სიტყვათა რაოდენობის განსაზღვრა, სალექსიკონო ფორმის შერჩევა (სათანადო ენის გრამატიკული წყობის გათვალისწინებით), სალექსიკონო სტატიის პრინციპების დადგენა – სიტყვათა ანბანურად თუ ბუდობრივად გაწყობა, განმარტებათა სახეობების გამომუშავება, მნიშვნელობათა და ნიუანსურ სხვაობათა, მეტაფორულ და ფიგურალურ ხმარებათა გათვალისწინება, სადოკუმენტაციო ფონდის შერჩევა და სხვ.
თანამედროვე ლექსიკოგრაფიის თეორიის მახასიათებლებად მიიჩნევენ: ა) ლექსიკის სისტემურობას, ლექსიკონებში სიტყვის ლექსიკურ-სემანტიკური სტრუქტურის გათვალისწინებას სხვა სიტყვებთან მიმართებით; ბ) აღმნიშვნელისა და აღსანიშნის მიმართებათა ცვალებადობას (მნიშვნელობის ცვლა მეტყველებაში და მისთ.; გ) ენის გრამატიკასა და სინტაქსთან, მორფოლოგიასა და ფონეტიკასთან, განსაკუთრებით კი ლექსიკოლოგიასთან ლექსიკოგრაფიის მჭიდრო კავშირის აღიარებას.
თანამედროვე ლექსიკოგრაფიის დამსახურებაა მის მიერ ლექსიკონების დიდი სოციალური მნიშვნელობის აღიარება, ხაზგასმა იმისა, რომ ეპოქის მიღწევები თავს იყრის ლექსიკონებში.
საქართველოში ლექსიკოგრაფიული მუშაობის დიდი ტრადიცია არსებობს: განმარტებითი ლექსიკონი, დიალექტური ლექსიკონი, თარგმნითი ლექსიკონი, იდეოგრაფიული ლექსიკონი, ინვერსიული ლექსიკონი, ისტორიული ლექსიკონი, სიმფონია, სინონიმთა ლექსიკონი, სპეციალური ლექსიკონი, უცხო სიტყვათა ლექსიკონი, ფრაზეოლოგიური ლექსიკონი. გარდა ამისა, მონოგრაფიულადაა შესწავლილი ცალკეულ მწერალთა ლექსიკონები. გამოცემულია ვაჟა-ფშაველას (ა. ჭინჭარაული), ილიას, აკაკისა და გალაკტიონის (თ. სანიკიძე) ლექსიკონები.
ბ. ფოჩხუა
ა. ჭინჭარაული.
ლიტერატურა
- სიტყვა-სტატიის აგებულებისა და ლექსიკონით სარგებლობის შესახებ. – ქეგლ, ტ. I. თბ. 1950;
- ფოჩხუა ბ. ქართული ენის ლექსიკოლოგია, თბ., 1974;
- ღლონტი ა. ქართული ლექსიკოგრაფიის საკითხები, თბ., 1983;
- შამელაშვილი რ. თანამედროვე ქართული ენის ლექსიკა, წგნ. 1–3. თბ., 1972-79;
- სილაგაძე ჯ. ქართული სალიტერატურო ენის ლექსიკური სინონიმიკის საკითხები, თბ. 1981;
- მირიანაშვილი ნ., ფერთა აღმნიშვნელი ლექსიკა ქართულსა და რუსულ ენებში, თბ. 1986.