თარგმნითი ლექსიკონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თარგმნითი ლექსიკონილექსიკონი, რომელიც ახდენს ერთი ენის ლექსიკის გეგმაზომიერ შეპირისპირებას სხვა ენის სათანადო სემანტიკის მქონე ლექსიკასთან.

თარგმნითი ლექსიკონების ყველაზე დიდ ჯგუფს ქმნის სხვადასხვა მოცულობის საერთო დანიშნულების ორენოვანი ლექსიკონები. სპეციალურ თარგმნით ლექსიკონებს მიეკუთვნება ტერმინოლოგიური, ფრაზეოლოგიური და იდიომატური ლექსიკონები, ანდაზებისა და საანდაზო გამოთქმების ე. წ. პარემიოლოგიური და სხვ. ლექსიკონები.

სარჩევი

თარგმნითი ლექსიკონების სპეციფიკა

თარგმნითი ლექსიკონის (ისევე, როგორც ნებისმიერი ლექსიკონის) შედგენისას მრავალი ლექსიკოგრაფიული საკითხი იჩენს თავს, მაგრამ მათი გადაწყვეტისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული საკუთრივ თარგმნითი ლექსიკონების სპეციფიკა: ლექსიკონის მიზანი, სათარგმნი და თარგმანის ენის ფონეტიკური და გრამატიკული თავისებურებები და ა. შ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეკვივალენტების პრობლემა. კერძოდ, სიტყვათა უმეტესობას სხვადასხვა ენაში შეიძლება აღმოაჩნდეს სხვადასხვა რაოდენობის ეკვივალენტი. მაგ., რუს. кувшин-ს ენათმეცნიერების ინსტიტუტის მიერ გამოცემულ რუსულ-ქართულ ლექსიკონში შესატყვისად აქვს დოქი, ლიტრა, ხელადა, კოკა; меднй кувшин– თუნგი (დ. ჩუბინაშვილის რუსულ-ქართულ ლექსიკონში 13 შესატყვისი ჰქონდა; თბილისის უნ-ტის რუსულ-ქართულ ლექსიკონში – 15). ამ სიტყვას გერმანულში ერთი შესატყვისი აქეს (krugm), ფრანგულში – 2 (cruche f და pot m) და ა. შ. სიტყვას ერთი ენის სხვადასხვა გამონათქვამშიც არა აქეს აბსოლუტურად ერთნაირი მნიშვნელობა. თარგმნითი ლექსიკონი ვერასოდეს შეძლებს თარგმანში სიტყვის ყველა შესაძლო ნიუანსის ჩვენებას. ამასთანავე, სიტყვათა უმეტესობას არა აქვს აბსოლუტურად ზუსტი შესატყვისი სხვა ენაში და, ამდენად, სავსებით ზუსტი თარგმანი შეუძლებელია. გამონაკლისია ტერმინების სესხება თუ თარგმნა. სათარგმნ სიტყვას ისეთი შესატყვისი უნდა მოეძებნოს, რომელსაც ინფორმაციის ნაკლები დანაკარგი ექნება. არის შემთხვევები, როდესაც სათარგმნ სიტყვას საერთოდ არ გააჩნია შესატყვისი. ასეთ შემთხვევაში ლექსიკონის შემდგენლები ზოგჯერ ამ სიტყვის ეკვივალენტის ნაცვლად იძლევიან მის ტრანსლიტერაციას და ფრჩხილებში მოკლე განმარტებას. თარგმნითი ლექსიკონებში სირთულეს ქმნის აგრეთვე სინონიმების პრობლემა. თარგმნის სიზუსტის თვალსაზრისით უმართებულო ჩანს როგორც სათარგმნი სიტყვისათვის ერთი ეკვივალენტის შეთანადება, ისე სინონიმურ ეკვივალენტთა სიუხვე.

თარგმნითი ლექსიკოგრაფიის ისტორია

თარგმნით ლექსიკოგრაფიას დიდი ხნის ისტორია აქვს, მაგრამ ორენოვანი ლექსიკონების (და საერთოდ ლექსიკონების) ფართო გავრცელება იწყება აღორძინების პერიოდიდან, კერძოდ, XV–XVI სს-იდან. გერმანელი მეცნიერის ვ. ცაუნმიულერის მიერ შედგენილ ბიბლიოგრაფიაში 1460-იდან 1958-მდე მსოფლიოს 500-ზე მეტ ენასა და დიალექტზე აღნუსხულია 5600 ლექსიკონი, რომელთა ძირითადი ნაწილი თარგმნითი ლექსიკონებია. ბიბლიოგრაფია არასრულია. ქართული ლექსიკონებიდან მასში მოხვედრილია მხოლოდ 15. 1966 გამოსულ ბიბლიოგრაფიაში – „Словарь издания В СССР 1918 г. по 1962 г.“ კი აღნუსხულია საქართველოში 1958-მდე გამოცემული 140 მცირე და დიდი ლექსიკონი, რომელთაგან ცაუნმიულერის ბიბლიოგრაფიაში მოხვედრილია მხოლოდ სამი – „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი“, თ. და ი. გვარჯალაძეების „ინგლისურ–ქართული ლექსიკონი“ (1950) და „რუსულ–ქართული ლექსიკონი“ (1937), რომელიც შეცდომით დ. ჩუბინოვის ლექსიკონის ახალ გამოცემად არის მიჩნეული.

უცხო სიტყვათა თარგმნის ტრადიციები ქართულ სინამდვილეში ბიბლიური, ტექსტების თარგმნასთან ერთად ჩაისახა. უძველესი თარგმნითი ლექსიკონი რომლის ერთ-ერთ კომპონენტად გამოყენებულია ქართული ენა, არის „ქართულ–იტალიური ლექსიკონი”.

ქართული თარგმნითი ლექსიკოგრაფიის ისტორიაში გარკვეული მნიშვნელობა აქვს სულხან-საბა ორბელიანის „სიტყვის კონაში“ მრავალი ქართული სიტყვის სომხურ, თურქულ და ლათინურ (იტალიურ) თარგმანებს: ქართულ-სომხური ნაწილი შეიცავს 1847 სიტყვას, ქართულ-თურქული – 1945, ხოლო ქართულ-ლათინური (იტალიური) – 1486 სიტყვას; სულ 5278 სიტყვას (ს. იორდანიშვილი).

ნიკო ჩუბინაშვილის ლექსიკონები

XIX ს-ში ქართული თარგმნით ლექსიკოგრაფიაში ახალი პერიოდი დაიწყო. შეიქმნა რუსული ენის მცირე თუ დიდი ზომის ხელნაწერი სასაუბროები, თვითმასწავლებლები და თარგმნითი ლექსიკონები, ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ნ. ჩუბინაშვილის დამსახურება. მან დიდი ამაგი დასდო ქართულ თარგმნით ლექსიკოგრაფიას ქართულ-რუსული და რუსულ-ქართული ლექსიკონების შექმნით.

ნ. ჩუბინაშვილის „ქართული ლექსიკონის“ შედგენის ზოგადი პრინციპები, წყაროების დამოწმება, სიტყვების ლაკონიური განმარტება ძირითადად საბასეულია. სიტყვის განმარტებას, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, მოსდევს რუსული თარგმანი; ამდენად, ამ ლექსიკონის მართებული სახელწოდება უნდა იყოს „ქართულ-რუსული განმარტებით-თარგმნითი ლექსიკონი“. ნ. ჩუბინაშვილი კარგად იცნობდა თავისი დროის ქართულ და რუსულ ლექსიკოგრაფიულსა და გრამატიკულ ლიტერატურას. მან თავის ლექსიკონს წაუმძღვარა ქართული გრამატიკის მოკლე მიმოხილვა. ნ. ჩუბინაშვილმა გაცხრილა, დააზუსტა საბას ლექსიკონის სიტყვანი, შეამცირა იგი ზმნის პირიანი ფორმების, „უცენზურო“ სიტყვების, ანთროპონიმებისა და სხვა საკუთარი სახელების, ვიწროსპეციალური სიტყვების ამოღებით. ამასთან ერთად, ლექსიკონში შეიტანა ახალი სიტყვების გარკვეული რაოდენობა, მაგრამ ლექსიკონის მოცულობა საბას ლექსიკონზე მცირეა (დაახლოებით 13500 სიტყვა). ასევე დიდია ნ. ჩუბინაშვილის დამსახურება თავისი დროისათვის შესანიშნავი ნაშრომის, კაპიტალური ორტომიანი „რუსულ-ქართული ლექსიკონის“ შექმნით. ამ ლექსიკონით მყარი საფუძველი ჩაეყარა რუსულ-ქართულ ლექსიკოგრაფიას. ლექსიკონი ამჟღავნებს ავტორის ღრმა განსწავლულობას, ფართო ერუდიციას. ამ ლექსიკონს გარკვეული მნიშვნელობა დღესაც შენარჩუნებული აქვს.

დავით ჩუბინაშვილის ლექსიკონები

უაღრესად დიდია ქართული თარგმნითი ლექსიკოგრაფიის წინაშე პეტერბურგის უნივერსიტეტის პროფესორის, გამოჩენილი ენათმეცნიერის, ლექსიკოგრაფისა და ლიტერატურათმცოდნის დ. ჩუბინაშვილის დამსახურება. მან ღირსეულად განაგრძო და ახალ სიმაღლეზე აიყვანა თავისი ბიძის, ნ. ჩუბინაშვილის ლექსიკოგრაფიული საქმიანობა. ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდამ გამოსცა „ქართულ–რუსულ–ფრანციცული ლექსიკონი“ (1840), რამაც დემიდოვის პრემია დაიმსახურა. 1846 გამოვიდა მისი „რუსულ–ქართული ლექსიკონი“, ხოლო 1886 გამოიცა „ხელახლად შედგენილი რუსულ-ქართული ლექსიკონი“, რომელიც კელავ გამოიცა 1901. 1887 დ. ჩუბინაშვილმა გამოსცა ვრცელი და თავისი დროისათვის შესანიშნავი ლექსიკოგრაფიული ნაშრომი – „ქართულ-რუსული ლექსიკონი“. მან დიდი სამსახური გაუწია ქართ. საზოგადოებას. 1984 ეს ლექსიკონი ხელახლა გამოსცა ა. შანიძემ. დ. ჩუბინაშვილის ლექსიკონებს შენარჩუნებული აქვთ ისტორიული მნიშვნელობა და სპეციალისტები ზოგჯერ დღესაც მიმართავენ მათ.

თბილისის უნივერსიტეტის მიერ გამოცემული „რუსულ-ქართული ლექსიკონი“

თბილისის უნივერსიტეტის მიერ გამოცემული „რუსულ-ქართული ლექსიკონი“ (1937) აგებულია ანბანური წესით. სიტყვანი კარგადაა შერჩეული და დახვეწილი. ლიტერატურულ, ნორმატიულ ლექსიკასთან ერთად გამოყენებულია სასაუბრო, მოძველებული და დიალექტური სიტყვები. მდიდრულად არის წარმოდგენილი საილუსტრაციო მასალა და ფრაზეოლოგიური გამოთქმები. ლექსიკონს წამძღვარებული აქვს „სალიტერატურო ქართულის ნორმები“. ლექსიკოგრაფიული სიახლეა ის, რომ ლექსიკონში ინფინიტივის სახით შესულ ზმნურ ერთეულებს თარგმანში მოსდევს მოქმედების სახელი (მასდარი) და ფრჩხილებში სათანადო ზმნის მხოლობითი რიცხვის III პირის ფორმა. თუ თარგმანში რამდენიმე მოქმედების სახელია, ზმნის პირიანი ფორმა ექნება მხოლოდ პირველს. მაგ., вторгнуться (უსრ. вторгаться) შეჭრა, შევარდნა, შესევა.

ქ. დათიკაშვილის „ქართულ–რუსული ლექსიკონი“

ქ. დათიკაშვილის „ქართულ–რუსული ლექსიკონი“ დ. ჩუბინაშვილის „ქართულ-რუსული ლექსიკონის“ შემდეგ პირველი ვრცელი ლექსიკონია. ამ უკანასკნელთან შედარებით მასში მრავალი ახალი სიტყვა შედის. იგი ორჯერ გამოიცა: 1943–48 წლებში ორ ტომად და 1953–67 – სამ ტომად. ლექსიკონის სამტომეული 4102) სიტყვა-სტატიას შეიცავს, მაგრამ იმის გამო, რომ ზმნური ერთეულები ბუდეებშია შეტანილი, სათარგმნ სიტყვათა საერთო რაოდენობა (ბუდეებში არსებული ზმნების ჩათვლით) ბევრად მეტია. სიტყვა-სტატიის აღნაგობა ნ. და დ. ჩუბინაშვილების ქართულ-რუსული ლექსიკონების მსგავსია. შდრ. ბარჯი: ა. (თევზის საჭერი იარაღი) острога; ბ. (გრძელ ლატანზე ჩამოცმული ლითონის კავიანი წვეტი) багор; გ. (ძალიან მოსხმული ხის ტოტებისათვის) подпорка.

მოქმედების სახელი (მასდარი) თარგმნილია: 1) როგორც სახელი – блеск, блистание, сверкание; 2) როგორც ზმნა – блестать, блистать – ბზინვა ლექსიკონში უხვადაა საილუსტრაციო მასალა.

ენათმეცნიერების ინსტიტუტის მიერ გამოცემული „რუსულ-ქართული ლექსიკონი“

„რუსულ-ქართული ლექსიკონი“ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის გამოცემა (სამტომეული). გამოვიდა 1956-59. სარედაქციო კოლეგიაში გამოჩენილი მეცნიერები შედიოდნენ. ლექსიკონის მოცულობა – 64623 სიტყვა. მასში გათვალისწინებულია იმ დროისათვის თარგმნითი ლექსიკოგრაფიის დარგში მიღწეული შედეგები. არის სიახლეები: არსებით სახელებს ნაჩვენები აქეს მრავლობითი რიცხვის ფორმა. საჭირო სიახლეა იმის ჩვენება, თუ რა ბრუნვაში მართავს სახელს ზმნა. მაგ., встретить кого-что встретиться скем-чем 1. договориться скем-чемდა უდამატ. 2. до чего. ფრაზეოლოგიური გამოთქმები, იდიომები ჩამოტანილია სიტყვა-სტატიის ბოლოში და გამოყოფილია 4 ნიშნით. ლექსიკონი დაბეჭდილია არაეკონომიური შრიფტით.

კ. ჩხენკელის „ქართულ-გერმანული ლექსიკონი“

მრავალმხრივ საყურადღებოა კ. ჩხენკელის „ქართულ–გერმანული ლექსიკონი“ (ციურიხი, 1960–74). იგი სოლიდური ნაშრომია, შესრულებული მაღალ ლექსიკოგრაფიულ დონეზე. ლექსიკონს საფუძვლად უდევს ავტორისავე „ქართული ენის შესავალი”. განსაკუთრებული პუნქტუალურობით არის ნაჩვენები ქართული ზმნის სტრუქტურული თავისებურებანი. ზმნური ერთეულები დეტალურად არის დამუშავებული სპეციალური მოდელის მიხედვით, რამაც ზედმიწევნით სრულად წარმოაჩინა ქართული ზმნის რთული ბუნება. ლექსიკონი გერმანელი მკითხველისთვის ჩანს გამიზნული. მისი წარმატებით გამოყენებისათვის მომხმარებელი კარგად უნდა იცნობდეს ლექსიკონის შესავალს. 2006 ლონდონში გამოვიდა „დიდი ქართულ-ინგლისური ლექსიკონი“ (მთ. რედ. დ. რეიფილდი).

ა. კობახიძე

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები