ანბანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანბანი – ერთობლიობა ასოებისა, ანუ გრაფიკული ნიშნებისა, რომლებიც ამა თუ იმ ენის დამწერლობის სისტემაში გამოყენებულია ფონემების ან ფონემათა ჯგუფების გამოსახატავად. ტერმინი მიღებულია პირველი ორი ასოს სახელწოდების შეერთებით – ან+ ბან, ისევე როგორც ბერძნ. alphà-betṓs, ლათ. alpha-betum რუს. аз-бука და ა. შ.

ანბანის შექმნამ უდიდესი როლი ითამაშა კაცობრიობის ისტორიაში. ანბანურმა დამწერლობამ, წერის სხვა სისტემებისაგან განსხვავებით, შესაძლებელი გახადა ბუნებრივი ენის ნებისმიერი შინაარსის ტექსტის ეკონომიური და ზუსტი ფიქსირება და ამით ცივილიზაციის მიღწევების გავრცელება მსოფლიოში.

ანბანური დამწერლობის ჩასახვა (სილაბური დამწერლობის ბაზაზე) იწყება დასავლურ სემიტურ არეალში ძვ. წ. III ათასწლეულის შუა ხანებიდან. ამ ტრადიციათა თანდათანობითი განვითარების შედეგად მეორე ათასწლეულის ბოლოსათვის უკვე ყალიბდება ძვ. სემიტური კონსონანტური წერის სისტემა, რომლის განშტოებას წარმოადგენს ფინიკიური, ქანაანური, პალესტინური და არამეული სისტემები. სწორედ მათგან იღებს სათავეს მრავალი ცნობილი ანბანი.

ქართულმა ანბანმა, ვიდრე ის თანამედროვე სახეს მიიღებდა, განვითარების ხანგრძლივი გზა განვლო. ცნობილია ქართული ანბანის სამი სახე: ასომთავრული (V–IX სს.), ნუსხური (IX-X სს.) და მხედრული (X ს-დან დღემდე). თითოეული მათგანი ერთმანეთისაგან განსხვავებული, სტილისტიკურად შეკრული სისტემაა. გრაფიკულად ისინი ერთიმეორის განვითარებას წარმოადგენენ. ასო-მოხაზულობათა ცვალებადობა განპირობებულია სწრაფი, გამარტივებული წერის მოთხოვნით. ასომთავრული და ნუსხური ცნობილია ხუცურის სახელწოდებით, რამდენადაც ეს ანბანები ძირითადად სასულიერო მწერლობას ემსახურებოდა, ხოლო მხედრულით იწერებოდა საერო ხასიათის დოკუმენტები, მხატვრული ნაწარმოებები და მისთ. (თუმცა დადასტურებულია მათი პარალელური გამოყენების შემთხვევებიც ერთი და იმავე მიზნისათვის).

თანამედროვე ქართული ანბანი მხედრულის უშუალო გაგრძელებაა. ცვლილებები ძირითადად შეეხო შედგენილობას: ტრადიციული ანბანიდან ამოღებულ იქნა ხუთი გრაფემული ნიშანი, ასოთა რიგი და სახელწოდებები იგივე დარჩა. ქართული ანბანი შეიცავს 33 ასოს, არა გვაქვს დიდი და პატარა ასოები. ასოთა რაოდენობა ზუსტად ასახავს ქართულ სალიტერატურო ენის ფონემურ შედგენილობას: თითოეული ასო შეესაბამება ცალკეულ ფონემას, არ არის არც ერთი შემთხვევა რამდენიმე ნიშნის გამოყენებისა ერთი ფონემისათვის ან, პირიქით, ერთი ნიშნისა – სხვადასხვა ფონემისათვის, როგორც ეს მრავალი ენის დამწერლობის პრაქტიკაში გეხედება.


ლიტერატურა

  • ჯავახიშვილი ი, ქართული დამწერლობათმცოდნეობა ანუ პალეოგრაფია, თბ., 1949;
  • გამყრელიძე თ, წერის ანბანური სისტემა და ძეელი ქართული დამწერლობა. ანბანური წერის ტიპოლოგია და წარმომავლობა, თბ. 1989;

იხილე აგრრეთვე

სპეციალური ანბანები

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები