განმარტებითი ლექსიკონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

განმარტებითი ლექსიკონი – ერთენოვანი ლინგვისტური ლექსიკონი, რომელშიც ახსნილია სიტყვათა მნიშვნელობები, მოცემულია მათი გრამატიკული, სტილისტიკური და სხვა სახის ენობრივი თავისებურებები.

განმარტებითი ლექსიკონი ასახავს ენის ლექსიკურ შედგენილობას მისი განვითარების ამა თუ იმ ეტაპზე. ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის პირველ ნიმუშად თვლიან ეფრემ მცირის (XI ს.) მიერ „ფსალმუნთა თარგმანებისათვის“ წამძღვარებულ წინასიტყვაობაში „არა ლიტონად, არცა ურთიერთას აღრეულად, არამედ ასოთა ზედა ანბანისათა გაწყობილად და განკარგულად“ ახსნილ სიტყვებს. თავისი არსით განმარტებითი ლექსიკონია სულხან-საბა ორბელიანის „ლექსიკონი ქართული“(1716, გამოიცა: 1884, 1928, 1949,1965–66, 1991–93), რომელსაც ვახტანგ VI-მ „სიტყვის კონა“ უწოდა. საბას ლექსიკონზე დაყრდნობით ნ. ჩუბინაშვილმა შეადგინა „ქართული ლექსიკონი“ (დაიბეჭდა 1961).

ქართულ ლექსიკოგრაფიაში დიდი მოვლენა იყო „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის“ რვატომეულის გამოცემა (1950-64). ლექსიკონი შეიცავს 112 949 სალექსიკონო ერთეულს. განმარტებული სიტყვები ანბანის რიგზეა დალაგებული, ზმნის სალექსიკონო ერთეულია აწმყოს (ან მყოფადის) მხოლობითი რიცხვის III პირის ფორმა. გათვალისწინებულია „ზნის ქცევა, გვარი, კაუზატივი (წერ-ს, იწერ-ს, აწერინებ-ს). „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი“ ახალი ქართული სალიტერატურო ენის ლექსიკონია, მას ნორმატიული ხასიათი აქვს. ლექსიკონი დოკუმენტურია: სიტყვების განმარტებას მოსდევს გამოთქმები ამა თუ იმ ავტორის ნაწარმოებიდან (იგულისხმება, პირველ ყოვლისა, სიტყვაკაზმული მწერლობა). მიუხედავად ამისა, ლიტერატურაში უხმარი სიტყვა მხოლოდ ამის გამო არ მიიჩნევა არალიტერატურულად. ლექსიკონში „ზოგ სიტყვას უწერია „კუთხ.“ (კუთხური), ეს მეტწილად ისეთი მასალაა, რომელიც ლექსიკონის სარეზერვო ფონდად ივარაუდება. ლექსიკონი მომზადებულია ენათმეცნიერების ინსტიტუტში აკადემიკოს არნ. ჩიქობავას საერთო რედაქციით. მასვე ეკუთვნის პირველი ტომის წინასიტყვაობა და „ქართული ენის ზოგადი ენათმეცნიერული დახასიათება“. 1971 განმარტებითი ლექსიკონის სარედაქციო ჯგუფს მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია.

ქართული ენის განმარტებითი რვატომეული ლექსიკონის საფუძველზე 1986 გამოვიდა „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის“ ერთტომეული (მთ. რედ. არნ. ჩიქობავა, რედ. მ. ჭაბაშვილი). ლექსიკონს წამძღვარებული აქვს არნ. ჩიქობავას წინასიტყვაობა. ერთტომეული შეიცავს 60 000-მდე სალექსიკონო ერთეულს (სიტყვას). 1990 ხელახლა გამოვიდა „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის“ ერთტომეული (ორ წიგნად). ენათმეცნიერების ინსტიტუტში მომზადდა განმარტებითი ლექსიკონის ახალი რედაქცია.

მ. მესხიშვილი


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები