მწერები
მწერები – (Insecta; ლათ. მწერები), კლასი; მიეკუთვნება Arthropoda-ს (ფეხსახსრიანები) ტიპს.
ზრდასრულ მწერებს სამი წყვილი ფეხი აქვთ. მათი სხეული დაყოფილია თავის, მკერდისა და მუცლის სეგმენტებად. მწერების კლასი ძალზე მრავალრიცხოვანია (მოიცავს 1,5 მლნ-ზე მეტ სახეობას). ისინი ბინადრობენ ჰაერში, ხმელეთზე, წყალში, მცენარეებში, ცხოველების ორგანიზმში. მწერების მრავალი სახეობა არის სასოფლო–სამეურნეო კულტურების მავნებელი, ცხოველების ექტო- და ენდოპარაზიტი, დავადებათა აღმძვრელების გადამტანი და შუალედური მასპინძელი.
მწერების კლასი იყოფა Hemimetabolaსა (არასრულად გარდაქმნადი) და Holometabola-ს (სრულად გარდაქმნადი) ჯგუფებად. Hemimetabola-ს ჯგუფში გაერთიანებულია ნემსიყლაპიების (Odonata), ერთდღიურების (Ephemeroptera), სწორფრთიანების (Orthoptera), ტარაკანასებრების (Blattoptera), ყურბელების (Dermaptera), ტერმიტების (Isoptera), ბუმბლიჭამიების (Mallophaga), ტილების (Siphunculata), ნახევრადხეშეშფრთიანების ანუ ბაღლინჯოების (Hemiptera) რაზმები, ხოლო Holometabola-ს ჯგუფში – ხეშეშფრთიანები-ხოჭოების (Coleoptera), ბეწვფრთიანების (Trichoptera), პეპლების (Lepidoptera), სიფრიფანფრთიანების (Hymenoptera), რწყილებისა (Siphonaptera) და ორფრთიანების (Diptera) რაზმები. განსაკუთრებით გავრცელებულია ბოლო რაზმის მწერები.