აფიქსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აფიქსი – (ლათ. < affxus – მიმაგრებული), სართი, მორფემა, დამხმარე მნიშვნელობის მინიმალური მორფოლოგიური ერთეული, რომელიც დაერთვის სიტყვის ძირს ან ფუძეს და ასრულებს სიტყვაწარმოებით ან ფორმაწარმოებით ფუნქციას. შესაბამისად, სიტყვაწარმოებითი (დერივაციული) აფიქსი ქმნის ახალ ლექსიკურ მნიშვნელობას, აწარმოებს ახალ სიტყვას (ქალაქი – ქალაქ-ელ-ი, თოფ-ი – სა-თოფ-ე…); ფორმაწარმოებითი (ფლექსიური) აფიქსი კი ცვლის მხოლოდ გრამატიკულ მნიშვნელობას, აწარმოებს ახალ სიტყვაფორმას (კაც-მა, კაც-ს… ვწერ, წერ-ს…). ზოგჯერ გამოყოფენ აგრეთვე გარდამავალი ტიპის აფიქსს, რომელიც აწარმოებს ახალ სიტყვაფორმას და ნაწილობრივ ცვლის ლექსიკურ მნიშვნელობასაც, მაგ., მრავლობითი რიცხვის ნიშანი -ებ: წიგნ-ი, წიგნ-ებ-ი (არნ. ჩიქობავა).

სიტყვაში ძირის მიმართ დაკავებული ადგილის მიხედვით ქართულში გარჩეულია შემდეგი სახის აფიქსები: პრეფიქსი, სუფიქსი, ინფიქსი, ცირკუმფიქსი. გარდა ამისა, სხვადასხვა ენაში განსხვავებულია აგრეთვე ინტერფიქსი – აფიქსი რომელიც გამოიყენება რთულ სიტყვებში ძირთა დასაკავშირებლად (რუს. стал-е-вар…); ტრანსფიქსი – აფიქსი, რომელიც შეიჭრება თანხმოვანთაგან შედგენილ ძირეულ მორფემებში, ადგილს იკავებს თანხმოვანთა შორის და სიტყვაფორმას ანიჭებს გარკვეულ გრამატიკულ ან ლექსიკურ მნიშვნელობას (არაბ. ქთბ: ქ-ა-თ-ა-ბ-ა „მან დაწერა“, ქ-უ-თ-ი-ბ-ა „დაიწერა“…); ამბიფიქსი – აფიქსი, რომელსაც შეუძლია იყოს პრეფიქსიცა და სუფიქსიც (ინგლ. out: outdo „წინააღმდეგობის გადალახვა“, do out („ალაგება“) და სხვ.

მატერიალურად გამოხატული აფიქსების გვერდით ენათა სტრუქტურული აღწერის მიზნით გამოყოფენ აგრეთვე ნულოვან აფიქსს, როდესაც პარადიგმაში აფიქსიანი ფორმების არსებობის პირობებში უნდა აღინიშნოს აფიქსის უქონლობა.

გამოყენების თვალსაზრისით აფიქსები შეიძლება იყოს ცოცხალი და მკვდარი, პროდუქტიული და არაპროდუქტიული. იმის მიხედვით, ერთვის თუ არა აფიქსი უშუალოდ ძირს (მარტივ ფუძეს) ან უკვე გაფორმებულ ფუძეს, განსხვავებულია პირველადი (წიგნ-იერ-ი) და მეორეული (წიგნ-იერ-ობა) აფიქსები.

აფიქსიები, როგორც დამხმარე მორფემები, ქმნიან მორფოლოგიურ და სიტყვაწარმოებითი ინვენტარის დამოუკიდებელ კლასს, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც სიტყვაწარმოებითი აფიქსის ფუნქციით მეტყველების სხვა ნაწილებიც გამოიყენება. ასეთ მორფემებს, ჩვეულებრივი აფიქსისგან განსხვავებით, აფიქსოიდს უწოდებენ. ამ რიგისაა ქართულში ერთი და იმავე აფიქსის პარალელური გამოყენება სხვადასხვა ფუნქციით, მაგ., სიტყვაწარმოებითი ფუნქციით და თანდებულად: ზებუნებრივ ძალებზე, ზეჟანგზე, ამხანაგებთან თანხმობით…

ძირზე რამდენიმე პრეფიქსის ან სუფიქსის დართვის შემთხვევაში აფიქსთა თანმიმდევრობა სიტყვაში (სიტყვაფორმაში) მკაცრად განსაზღვრულია. აფიქსების დართვა, აფიქსაცია საერთოდ და მისი კონკრეტული ტიპების – სუფიქსაციის, პრეფიქსაციის და ა.შ. გამოყენება ენებში არის ერთ-ერთ ტიპოლოგიური ნიშანი მათ განსასხვავებლად.

მ. ბერიძე



წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები