დერივაცია (გრამატიკა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დერივაცია – (ლათინური derivatio – გადახრა, წარმოქმნა),

1. სიტყვაწარმოება ფართო გაგებით ლექსიკური ერთეულების წარმოქმნა. ამ გაგებით - დერივაცია (ფლექსიასთან ერთად) უპირისპირდება კომპოზიციას (თხზვას), რომელიც ახალ ფუძეს წარმოქმნის დამოუკიდებელი ერთეულების შეერთებით. ვიწრო გაგებით, დერივაცია არის სიტყვის ისეთი ცვლილება, რომლის შედეგადაც მისი ლექსიკური მნიშვნელობა (ფლექსიისაგან განსხვავებით) იცვლება. წარმოქმნისას პირველად, ანუ ძირეულ ფუძეზე მნიშვნელობის მცვლელი აფიქსების – დერივაციული აფიქსების დამატებით მიიღება ახ. ფუძე: გულ-ი > გულ-ოვან-ი, ცხენ-ი > ცხენ-ოსან-ი, სვან-ი > სვან-ეთ-ი. წარმოქმნილი სახელის ფუძედ გამოიყენება აგრეთვე რომელიმე ბრუნვის ფორმა, ჩვეულებრივ – ვითარებითი და მოქმედებითი: გულ-ი > გულ-ად-ი, შემთხვევა > შემთხვევ-ით-ი. ისტორიულად წარმოქმნილ სახელად შეიძლება მივიჩნიოთ ნაგენიტივარი გეოგრ. სახელები, რომელთაც ბოლოში -ის და -თ(ა) მოუდით: თბილის-ი, შინდ-ის-ი… მოწამე-თ-ა, ბერ-თ-ა და სხვ.

აფიქსების გამოყენების მხრივ დერივაცია ფორმაწარმოებას უკავშირდება: წარმოქმნის საშუალებები ისევე აწარმოებენ ახალ სიტყვებს, როგორც ფორმაწარმომქმნელი მორფემები მორფოლოგიური სახის ცვლილებას. თავისი დანიშნულებით და სტრუქტურით წარმოქმნა ლექსიკოლოგიასაც განეკუთვნება (სიტყვის ლექსიკური მნიშვნელობის ცვლის გამო) და მორფოლოგიასაც (მაწარმოებელი აფიქსების გამოყენების თვალსაზრისით). წარმოქმნა შეიძლება იყოს სახელურიცა და ზმნურიც. ჩვეულებრივ, არსებითი სახელისაგან ზედსართავია ნაწარმოები და ზედსართავისაგან – არსებითი: კაც-ი > კაცურ-ი, კლდე > კლდ-ოვან-ი, ქუდ-ი > სა-ქუდ-ე და ა. შ.; მაღალ-ი > სი-მაღლ-ე, ახალგაზრდა > ახალგასრდ-ობ-ა. შედარებით იშვიათი მოვლენაა, როცა არსებითისაგან არსებითი სახელი მიიღება, ზედსართავისაგან – ზედსართავი: ბაღ-ი > მე-ბაღ-ე, სახლ-ი > სასახლ-ე… წითელ-ი > წით-ურ-ი, თეთრ-ი > უ-თეთრ-ეს-ი. არის შემთხვევები, როცა არსებითისაგან ზედსართავი იწარმოება, მისგან კი – ახ. არსებითი სახელი: გულ-ი >გულ-ად-ი > გულ-ად-ობ-ა. ასევე ჩვეულებრივია აფიქსების დართვით ზმნური ფუძისგან ნაზმნარი სახელის, ხოლო სახელისაგან ნასახელარი ზმნის წარმოქმნა; ხატავ-ს > ხატვა, იბრძვი-ს > ბრძოლ-ა, ტირი-ს > ტირ-ილ-ი… ბარ-ი > ბარ-ავ-ს, ჩქარ-ი > ჩქარ-ობ-ს.

აფიქსაციით წარმოქმნილი სახელები სამი სახისაა: პრეფიქსული სა-წერი, უ-რიცხვი), სუფიქსური (მანდილ-ოსან-ი, სახელ-ოვან-ი), პრეფიქსულ-სუფიქსური,ანუ ცირკუმფიქსური (სი-ლამაზ-ე, სა-ოჯახ-ე, მე-ურმ-ე).

შინაარსობრივად წარმოქმნილ სახელებს ასე აჯგუფებენ: კნინობითი, ქონებისა, უქონლობისა, წარმომავლობისა, დანიშნულებისა, წინავითარებისა, ხელობისა, აბსტრაქტული, რიგობითი და წილობითი, გეოგრაფიული, ხარისხისა და სხვ.

სიტყვაწარმოებითი მოდელები ენაში შეიძლება იყოს პროდუქტიული (მოქმედი) და არა - პროდუქტიული, რაც იმას ნიშნავს, რომ მოდელები ენის განვითარების მანძილზე იცვლება და ამრიგად, ისტორიული დიაქრონიული და სინქრონული სიტყვაწარმოებითი მოდელები განსხვავებულია.

პროდუქტიული სიტყვაწარმოებითი მოდელის მაგალითია -ობა სუფიქსით არსებითებისაგან ახალი არსებითების წარმოება: კაცი – კაცობა, არაპროდუქტიულისა -ედ სუფიქსიანი ფორმები, როგორიცაა: კარედი. თუმცა სამეცნიერო ტერმინების შექმნისას მეცნიერებმა სწორედ ეს მოდელი გამოიყენეს: წრედი, პწკარედი. სხვა ენიდან ნასესხები მოდელი შეიძლება იყოს პროდუქტიული ენაში, მაგ. -ისტ სუფიქსით შესაძლოა ახალი სიტყვების წარმოება ქართულში. თუმცა ასეთი სიტყვები მრავალრიცხოვანი არ იქნება. მაგალითების სიხშირე და მოდელის პროდუქტიულობა განსხვავებული რიგის ცნებებია.

დერივაცია უკავშირდება როგორც მორფოლოგიას, ისე ლექსიკოლოგიასაც. მაგრამ არცერთ მათგანს არ განეკუთვნება. მორფოლოგიაში ტერმინი „დერივაცია“ გულისხმობს სიტყვათფორმაციის მხოლოდ ერთ კატეგორიას – დერივაციულ მორფოლოგიას.

2. გენერატ. გრამატიკაში ტერმინი „დერივაცია “ გამოყენებულია წინადადების წარმოქმნის პროცესისათვის.

ა. მარტიროსოვი
ნ. სტურუა



წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები