უკრაინა
უკრაინა (Ukraine) – სახელმწიფო ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. ქვეყანას სამხრეთით ესაზღვრება შავი ზღვა, სამხრეთ-აღმოსავლეთით – აზოვის ზღვა.
ფართობი – 603,7 ათ. კმ2.
მოსახლეობა – 47,8 მლნ. კაცი (2012), მათ შორის 73% უკრაინელი.
ოფიციალური ენა – უკრაინული.
დედაქალაქი – ქ. კიევი.
ადმინისტრაციულად იყოფა: 24 მხარედ, ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკად და ორ ქალაქის მხარედ.
სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი, საკანონმდებლო ორგანო – რადა (ერთპალატიანი პარლამენტი), აღმასრულებელი – მინისტრთა კაბინეტი (მთავრობა).
თანამედროვე უკრაინამ, რომელიც შედიოდა სსრ კავშირში, დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1991 წლის 24 აგვისტოს.
დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი ქვეყანა. განვითარებულია ინდუსტრიულ-აგრარული მეურნეობა.
სარჩევი |
მრეწველობა
მრეწველობის მოწინავე დარგებია: სამთომოპოვებითი, ჰიდროელექტრო ენერგეტიკა, ფერადი და შავი მეტალურგია, მანქანათმშენებლობა, ქიმიური, კოქსოქიმიური, ნავთობქიმიური, მსუბუქი, კვების მრეწველობა. სოფლის მეურნეობა სპეციალიზებულია ხორბლის, ტექნიკური კულტურების მოყვანასა და მეცხოველეობაზე.
საზღვაო პორტები
მთავარი საზღვაო პორტებია: ოდესა, სევასტოპოლი, ილიჩოვსკი, ფეოდოსია, მარიუპოლი, იზმაილი, ნიკოლაევი, ხერსონი, ქერჩი, იალტა, ევპატორია.
ავიახაზების უმნიშვნელოვანესი ცენტრებია: კიევი, ხარკოვი, დნეპროპეტროვსკი, ოდესა, ლვოვი და სხვა.
შეიარაღებული ძალები
შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 159 ათ. კაცი (2012), სახმელეთო ჯარები 88,6 ათ., სამხედრო-საჰაერო 55 ათ., სამხედრო-საზღვაო 15,4 ათ. უმაღლესი მთავარსარდალია პრეზიდენტი, რომელიც მართავს შეიარაღებულ ძალებს თავდაცვის სამინისტროს, გენშტაბისა და შეიარაღებული ძალების სახეობების შტაბების საშუალებით. დაკომპლექტება ხორციელდება შერეული სისტემით.