შექსპირი უილიამ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
უილიამ შექსპირი

უილიამ შექსპირი − (1564-1616), ინგლისელი დრამატურგი და პოეტი, 37 დრამატული თხზულების ავტორი.

ინგლისური აღორძინების თეატრმა კულმინაციას უილიამ შექსპირის დრამატურგიაში მიაღწია, რომელიც მსოფლიომ საკაცობრიო მასშტაბის უდიდეს გენიად აღიარა. შექსპირის ჰუმანიზმს უნიკალური და საყოველთაო ხასიათი აქვს. ალბათ, არ არსებობს ეპოქა თუ კულტურა, რომელმაც შექსპირის ნაწარმოებების მეშვეობით თავისი სათქმელი არ გამოხატა. შექსპირის თანამედროვე მკვლევარის, იან კოტის აზრით, თვითეული ეპოქა მის შემოქმედებაში იმას პოულობს, რისი ნახვაც სურს და რასაც საკუთარი გამოცდილება კარნახობს. ცხადია, ამ მხრივ არც ქართული რეალობაა გამონაკლისი, XIX საუკუნიდან მოყოლებული, შექსპირის დრამატურგია ქართული თეატრისა და კულტურისათვის თვითშემეცნების, საკუთარი თავის პოვნისა და ნაციონალური პრობლემების გააზრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საშუალება გახდა.

ბიოგრაფია

უილიამ შექსპირი ინგლისში, ქალაქ ეივონის სტრატფორდში 1564 წლის 23 აპრილს დაიბადა. მისი მშობლები − ჯონ შექსპირი და ელისაბედ არდენი − ქალაქის შეძლებულ ფენას ეკუთვნოდნენ. უფროსი შექსპირი ხელთათმანების მეწარმე იყო. რამდენჯერმე ის ადგილობრივი სათათბიროს წევრად აირჩიეს, ერთი პერიოდი კი ქალაქის თავის თანამდებობაც ეკავა. უილიამი რვა შვილიდან მესამე იყო. განათლება გრამატიკულ სკოლაში მიიღო, სადაც გრამატიკას, ლოგიკას, რიტორიკას, ლათინურსა და ბერძნულ ენებსა და ლიტერატურას სწავლობდა და ანტიკური სიტყვიერების საუკეთესო ნიმუშებს ეცნობოდა.

18 წლის ასაკში შექსპირი 26 წლის ენ ჰეითეუეიზე დაქორწინდა. მათ სამი შვილი შეეძინათ: უფროსი სიუზენი, ტყუპები ჰემნეტი (რომელიც 1596 წელს გარდაიცვალა) და ჯუდითი. 80-იანი წლების ბოლოს უილიამი ლონდონში გადასახლდა, თავიდან მსახიობად მუშაობდა, თუმცა მალე დრმატურგიას მიჰყო ხელი.

ლიტერატურის მკვლევარი და შექსპიროლოგი ართურ გური ვარაუდობს, რომ სანამ ლორდ ჩემბერლენის დასის მეპაიე გახდებოდა, შექსპირს იმ თეატრალურ დასებში უნდა ეთამაშა, რომლებიც მის პიესებს დგამდნენ. სავარაუდოდ, ესენი ლორდ სტრეინჯის, ლორდ პემბრუკისა და ჰერცოგ ესექსის „მსახურთა” დასები უნდა ყოფილიყო.

შექსპირის ნაწარმოებთა შედარებით სრული კრებული, ე. წ. პირველი ფოლიო (დიდი ფორმატის წიგნი, განსხვავებით მანამდე დაბეჭდილი კვარტოებისაგან), მისი გარდაცვალების შემდეგ − 1623 წელს გამოიცა. პიესები გამოსაცემად მსახიობებმა ჯონ ჰემინჯმა და ჰენრი კონდელმა მოამზადეს. შესავალი შექსპირის მეგობარმა, ცნობილმა ერუდიტმა და დრამატურგმა ბენ ჯონსონმა დაწერა. ფოლიოში 36 პიესა შედიოდა. პირველ ფოლიოში არ მოხვდა „პერიკლე, ტიროსის მეფე” (სავარაუდოდ, დაიწერა პამფლეტისტთან და დრამატურგთან ჯორჯ უილკინსთან ერთად) და „ორი კეთილშობილი ნათესავი” (დაიწერა დრამატურგ ჯონ ფლეტჩერთან ერთად), ასევე არ შესულა დაკარგული პიესები − „წარმატებული გარჯა სიყვარულისა” (რომლის არსებობა ბოლომდე დადასტურებული არ არის, თუმცა რამდენიმე წყაროში ის შექსპირის კომედიებს შორის არის დასახელებული, როგორც კომედიის − „ამაო გარჯა სიყვარულისა” − ერთგვარი საპირწონე), „კარდენიო” (დაიწერა ჯონ ფლეტჩერთან ერთად, 1612-1614წ.წ.), ასევე ქრონიკა „ეუდარდ III”, რომელიც 1596 წელს გამოიცა და რომელსაც შექსპირს მიაკუთვნებდნენ.

XVIII საუკუნის შექსპიროლოგი კეიპელი თვლიდა, რომ „ედუარდ III” მხოლოდ შექსპირს შეეძლო დაეწერა. ამას გარდა, XIX საუკუნეში აღმოაჩინეს პიესა „თომას მორის” ხელნაწერი, რომლის 147 ბწკარის ავტორი, სავარაუდოდ, უილიამ შექსპირი უნდა იყოს. საბოლოოდ, შექსპირის კანონში 37 პიესა გააერთიანეს (პირველ ფოლიოში შესულ 36 პიესას „პერიკლე” დაემატა).

შემოქმედება

შექსპირის პიესათა ქრონოლოგიური ნუსხა 1930 წელს ე. ჩემბერსმა შექსპირის პიესათა შემდეგი ქრონოლოგიური ნუსხა შეადგინა:

1590 − 1591 − ჰენრი VI, მესამე ნაწილი.
1590 − 1591 − ჰენრი VI, მეორე ნაწილი.
1591 − 1592 − ჰენრი VI, პირველი ნაწილი.
1592 − 1593 − რიჩარდ III,<br /

შეცდომათა კომედია..

1593 − 1594 − ტიტუს ანდრონიკუსი,.

ჭირვეულის მორჯულება.

1594 − 1595 − ორი ვერონელი,

ამაო გარჯა სიყვარულისა,
რომეო და ჯულიეტა.

1595 − 1596 − რიჩარდ II,

ზაფხულის ღამის სიზმარი.

1596 − 1597 − მეფე ჯონი,

ვენეციელი ვაჭარი.

1597 − 1598 − ჰენრი IV, I ნაწილი

ჰენრი IV, II ნაწილი.

1598 − 1599 − აურზაური არაფრის გამო,

ჰენრი V.

1599 − 1600 − იულიუს კეისარი,

როგორც გენებოთ,
მეთორმეტე ღამე.

1600 − 1601 − ჰამლეტი,

უინძორელი ქალები.

1601 − 1602 − ტროილოსი და კრესიდა.
1603 − 1604 − ყველაფერი კარგია, რისი ბოლოც კეთილია.
1604 − 1605 − საწყაული საწყაულის წილ,

ოტელო.

1605 − 1606 − მეფე ლირი,

მაკბეთი.

1606 − 1607 − ანტონიუსი და კლეოპატრა.
1607 − 1608 − კორიოლანუსი,

ტიმონ ათონელი.

1608 − 1609 − პერიკლე.
1609 − 1610 − ციმბელინი.
1610 − 1611 − ზამთრის ზღაპარი.
1611 − 1612 − ქარიშხალი.
1612 − 1613 − ჰენრი VIII.

გარდა დრამატურგიული ნაწარმოებებისა, უილიამ შექსპირმა, როგორც ბრწყინვალე პოეტმა, შექმნა პოემები „ვენუსი და ადონისი”, „პატივახდილი ლუკრეცია”, „შეყვარებული ქალის ჩივილი” და „ფენიქსი და მტრედი”, ასევე 154 სონეტი. შექსპირის სამყაროს „თეატრალიზაციამ” ისეთი მასშტაბები შეიძინა, რომ 2009 წელს თანამედროვეობის ერთერთმა ცნობილმა რეჟისორმა და სცენოგრაფმა რობერტ ვილსონმა თეატრ „ბერლინერ ანსამბლში” შექსპირის სონეტების მიხედვით სპექტაკლიც კი დადგა, რომელიც სცენაზე „ზღაპრულ ჯამბაზთა” დახვეწილმა გუნდმა გაითამაშა.

შექსპირის პიესებს ჟანრობრივად სამ ჯგუფად ყოფენ: ქრონიკებად, ტრაგედიებად და კომედიებად. თუმცა არსებობს მეორე, შედარებით ახალი ტრადიციაც, რომლის თანახმადაც, ინგლისელი ბარდის უკანასკნელ პიესებს რომანტიკულ დრამებს (ან ტრაგიკომედიებს) უწოდებენ. ესენია „პერიკლე”, „ციმბელინი”, „ზამთრის ზღაპარი” და „ქარიშხალი”. მკვლევართა აზრით, ამ პისების სიუჟეტი, კომპოზიცია და იდეურ-თემატური სამყარო, სხვა პიესებთან შედარებით, მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის, რაც, შესაძლოა, ბაროკოს ეპოქის ზეგავლენით აიხსნას.

ამას გარდა, არსებობს შექსპირის შემოქმედების სამ პერიოდად დაყოფის ტრადიცია. სადაც პირველ პერიოდს ოპტიმისტურს უწოდებენ, რადგან ამ დროს დრმატურგის ნაწარმოებებში ჯერ კიდევ ძლიერია ადამიანის თანშობილი კეთილშობილებისა და საკაცობრიო პროგრესის ჰუმანისტური რწმენა. მეორე პერიოდი ტრაგიკულის სახელითაა ცნობილი, რადგან ამ პერიოდში შექმნილ ნაწარმოებებში ყველაზე მკაფიოდ იკითხება ყოფიერების ტრაგიკული წინააღმდეგობები და ადამიანთა ბუნების მანკიერება. აქ შექსპირს აღარ სჭირდება ცალკეული ისტორიული ფაქტებისა და მოვლენების ანალიზი, ის ისტორიული კონკრეტიკისგან თავისუფლდება და მიწიერი არსებობის კანონზომიერებათა სიღრმისეულ, ფილოსოფიურ, შეიძლება ითქვას, „არქეტიპულ” ხედვას იძენს. მიუხედავად ყველაფრისა, ტრაგედიებში განვითარებულ დრამატულ მოვლენათა კონტექსტსა და დარღვეული ილუზიების ფონზე, კიდევ უფრო ძლიერდება რენესანსული ჰუმანისტური იდეალების რწმენა, ხოლო ადამიანი განსაკუთრებულ ტრაგიკულ დიდებულებას იძენს. შექსპირის შემოქმედების მესამე პერიოდს რომანტიკულს უწოდებენ. ითვლება, რომ რომანტიკულ პერიოდს ზღაპრული ფანტაზიის სამყაროში რეალობაში გადაულახავ კოლიზიათა გადაჭრა ახასიათებს, რაც ადამიანებისთვის შვების მოგვრასა და იმედის მიცემას ისახავს მიზნად. თუმცა, თანამედროვე კრიტიკა ე.წ. რომანტიკულ პიესებს განსხვავებულად უდგება და მათში, განსაკუთრებით „ქარიშხალში”, თეატრალურ ხელოვნებასა და დრამატურგის ძალაუფლებასა და ბედისწერაზე რეფლექსიას ხედავს.

თუ შექსპირის დრამატურგიულ შემოქმედებას მთლიანობაში შევხედავთ, მასში პოეტის ხელოვნებისა და მსოფლმხედველობის განვითარებისა და ფორმირების ერთიან დინამიკურ პროცესს დავინახავთ. ითვლება, რომ შექსპირის ადრეულ ნაწარმოებებზე, განსაკუთრებით კი „ჰენრი VI”-ის სამ ნაწილსა და „რიჩარდ III”-ზე კრისტოფერ მარლოს დრმატურგიამ იქონია ზეგავლენა. ეს შეეხება როგორც ნაწარმოების კომპოზიციური აგების პრინციპებს, ისე კონფლიქტის ტიპს. თუმცა, თუნდაც ამ ადრეული ნაწარმოებებიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ შექსპირისა და მარლოს მსოფლმხედველობა ერთმანეთისგან განსხვავდება. შექსპირის კაცთმოყვარეობა და ჰუმანიზმი განუზომლად უფრო ფართო და მასშტაბურ ხასიათს ატარებს, ხოლო სამყაროსა და ისტორიის კანონზომიერებათა მისეული ხედვა ბევრად უფრო მრავალმხრივია, ფაქტობრივად, ამოუწურავი. ბენ ჯონსონი შექსპირს „ეპოქის სულსა” და „ინგლისური სცენის სასწაულს” უწოდებდა, გოეთესთვის ის „თავად ბუნება” იყო, პიტერ ბრუკისთვის კი „თვით რეალობა”. შექსპირს თანამედროვეობის „ავტორად” და „დამფუძნებელ მამადაც” მიიჩნევენ.



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები