ჰენრი VI (ტრილოგია)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„ჰენრი VI”უილიამ შექსპირის ტრილოგია − ისტორიული ქრონიკა, რომელიც ეძღვნება ინგლისელი მონარქების ცხოვრებას.

შექსპირმა დრამატურგიული შემოქმედება ისტორიული ქრონიკებით დაიწყო. 1590 – 1592 წლებში მან „ჰენრი VI”-ის სამი ნაწილი დაწერა. თუ შექსპირის ათივე ქრონიკას მათში ასახული მოვლენების ისტორიული თანმიმდევრობით დავაწყობთ, მკაფიოდ დავინახავთ ინგლისის მონარქების ისტორიას მეფე ჯონითა და რიჩარდ II-თი დაწყებული და შექპირის თითქმის თანამედროვე ჰენრი VIII-თი დამთავრებული. ისტორიული ქრონიკების შექმნისას ის რაფაელ ჰოლინშედის მიერ 1577 (ან 78) წელს მომზადებულსა და გამოცემულ „ინგლისის, შოტლანდიისა და ირლანდიის ქრონიკებს” ეყრდნობოდა. დრამატურგის ინტერესის სფეროში ის მოვლენები და პროცესები ხვდება, რომელთა საფუძველზეც მოხდა მისი თანამედროვე ინგლისური მონარქიის ფორმირება. შექსპირის პირველ სამ ქრონიკას საერთო სახელწოდებით „ჰენრი VI” (ტრილოგია დაიწერა შემდეგი თანმიმდევრობით: II, III და I ნაწილები) ინგლისსა და საფრანგეთს შორის XIV-XV საუკუეებში წარმოებული ასწლიანი ომის წარუმატებელი დასასრულისა და წითელი და თეთრი ვარდების ფეოდალური შინაომის თემები აერთიანებს. შექსპირისათვის მნიშვნელოვანია გაიაზროს, თუ რამ გამოიწვია ინგლისის მარცხი საფრანგეთთან ომში, რომლის შედეგადაც მან მატერიკზე არსებული ტერიტორიები დაკარგა და ფეოდალური შინააშლილობის მორევში ჩაეფლო.

სარჩევი

პირველი ნაწილი

„ჰენრი VI”-ის პირველი ნაწილი მეფე ჰენრი V-ის – აზენკურის ბრძოლის გმირის გარდაცვალების მომენტიდან (1422) იწყება. ტახტის მემკვიდრე მისი მცირეწლოვანი ვაჟი ჰენრია, შემდგომში ჰენრი VI. ძლიერი და წარმატებული ჰენრი V აღარ არის, მისი ვაჟი ჯერ მხოლოდ ერთი წლისაა, აღარ არსებობს ფეოდალური განხეთქილების შემაკავებელი ფაქტორები და მაშინვე თავს იჩენს ძველი დინასტიური დაპირისპირება ლანკასტერებსა და იორკებს შორის, რომელიც ჰენრი ბოლინბროკის, შემდგომ ჰენრი IV ლანკასტერის მიერ ინგლისის მეფე რიჩარდ II იორკის ტახტიდან ჩამოგდებით და სატუსაღოში მალულად მოკვლით დაიწყო (ქრონიკა „რიჩარდ II”). მოგვიანებით, ეს ფეოდალური დაპირისპირება წითელი (ლანკასტერები) და თეთრი ვარდების (იორკები) დაპირისპირების სახით შედის ისტორიაში. „ჰენრი VI”-ის პირველ ნაწილში შექსპირი ცნობილ სცენას ქმნის, სადაც, ტემპლის ბაღში თავშეყრილი მოწინააღმდეგეები, თავისი დინასტიური და პარტიული კუთვნილების გამიჯვნის ნიშნად, წითელსა და თეთრს ვარდებს წყვეტენ. ტრილოგიის პირველს ნაწილში გადმოცემული მოვლენები 22 წელიწადს მოიცავს, დრამატურგი მოქმედებას სიმეტრიის პრინციპით აგებს და ერთმანეთის მონაცვლეობით ინგლისისა და საფრანგეთის ბანაკებში მიმდინარე მოვლენებს გვაჩვენებს. კონფლიქტები ორივე მხარეს ხდება, ბურგუნდიის ჰერცოგი თავისი პირადი ინტერესების გამო ინგლისელების მხარეს გადადის, თუმცა ჟანა დ’არკი მის უკან გადმობირებას ახერხებს. მიუხედავად ცალკეული პრეცედენტებისა, ფრანგები ერთიანი ნაციონალური ინტერესით არიან გაერთიანებულნი, ხოლო ინგლისელებს შორის მუდმივი ფეოდალური შუღლი და განხეთქილებაა, რაც ომის მსვლელობაზე უშუალოდ აისახება. პარტიული და დინასტიური ინტერესები ნაციონალურ ინტერესებს სჯაბნის და ისეთი გმირების ღვაწლიც კი, როგორც რაინდი თოლბოთია, საბოლოო ჯამში, ვერ შველის საქმეს. თოლბოთი სამშობლოსთვის თავდადებული, უანგარო და კეთილშობილი მეომარია, რომელიც თავის თავში ინგლისელი ერის სიდიადეს განასახიერებს. თოლბოთი და მისი სრულიად ახალგაზრდა ვაჟი, მტრებით გარემოცულნი, სხვა ინგლისელ მხედართმთავართაგან მიტოვებულნი, ბორდოსთან ბრძოლაში გმირულად იღუპებიან.

პიესის დასასრულს გრაფი სუფოლკი ჰენრი VI-ისა და ნეაპოლის მეფის ქალიშვილის − მარგარეტ ანჟუელის ქორწინებას ამზადებს იმ იმედით, რომ მომავალში მეფე-დედოფლისა და სახელმწიფოს მართვას შეძლებს.

მეორე ნაწილი

„ჰენრი VI”-ის მეორე ნაწილში შექსპირს ინგლისში გადავყავართ და პოლიტიკური შეცდომებით, ფეოდალური განხეთქილებებითა და სამხედრო წარუმეტებლობით გამოწვეული ურთიერთდაპირისპირების სურათს გვაჩვენებს, რასაც სახალხო აჯანყებაც მოჰყვება. ყველაფერი ერთად იმ დიდ ტრაგედიას ქმნის, რომელსაც მთელი სახელმწიფო, მისი ყველა წოდების წარმომადგენელი განიცდის. საყოველთაო არეულობასა და ქაოსში სიკვდილი მტყუანსა და მართალს არ ასხვავებს. ძალაუფლების „თამაშები” ტკივილითა და იმედგაცრუებითაა აღსავსე და დასასრული არ უჩანს.

მესამე ნაწილი

ტრილოგიის მესამე ნაწილში წითელი და თეთრი ვარდების ომის სისხლიანი პერიპეტიები იშლება, რიჩარდ გლოსტერი ტაუერში დაპატიმრებულ ჰენრი VI-ს კლავს, მანამდე კი, თავის ძმებთან − ედუარდთან და ლორდ კლარენსთან ერთად, მარგარეტისა და ჰენრის ვაჟს − უფლისწულ ედუარდს უსწორდება. ტახტზე იორკების გვარის წარმომადგენელი ედუარდ IV ადის. თუმცა ედუარდის გამეფებითა და დინასტიათა ცვლით ძალაუფლებისათვის ბრძოლა არ სრულდება.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები