რუსული ენა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რუსული ენა – განეკუთვნება აღმოსავლეთსლავურ ენათა ჯგუფს (უკრაინულ და ბელორუსულ ენებთან ერთად), რომელიც დიფერენციაციის შედეგად VI – VII სს. დიალექტის დონეზე გამოეყო ძველ სლავურს. რუსულის, როგორც ცალკე ენის, დამახასიათებელი ნიშნების ჩამოყალიბება (ფონეტიკა, ლექსიკა, მორფოლოგია) დაიწყო XIV ს-იდან. რუსულ ენაზე მოლაპარაკეთა საერთო რიცხვი მსოფლიოში 250 მილიონია, საკუთრივ რუსეთში – 180 მლნ (199-ის აღწერით).

რუსული დამწერლობას საფუძვლად დაედო ერთ-ერთი სლავური ანბანი, კირილიცა, რომელიც რუსეთში შემოვიდა X-XI სს-ში ქრისტიანიზაციასთან დაკავშირებით.

რუსულ ენაში 5 ხმოვანი და 34 თანხმოვანი ფონემაა. მახვილი ფონოლოგიურია. გრამატიკული სქესი მხოლობით რიცხვში სამია (მამრობითი, მდედრობითი, საშუალო); მრავლობით რიცხვში ეს განსხვავება ნეიტრალიზებულია (შდრ. Большой/ая/ое, მრავლობითი Больш-ие). რიცხვი ორია (მხოლოობითი და მრავლობითი) აქვს 3 ბრუნება და 6 ბრუნვა, ორი ტიპის უღლება, 3 გრამატიკული დრო. ზმნის კატეგორიებია: გარდამავლობა, გვარი, ასპექტი, უკუქცევითობა, კილო, დრო, პირი, რიცხვი, სქესი (ნამყო დროში); ზმნის უცვლელი ფორმებია ინფინიტივი და აბსოლუტივი; მეტყველების ნაწილი ტრადიციულად ათია (ამ საკითხზე არსებობს განსხვავებული თვალსაზრისები).

რუსულში კილოური დიფერენციაცია შედარებით სუსტია XIX საუკუნიდან ადგილობრივი კილოკავების გაერთიანებით ყალიბდება ორი დიალექტი – ჩრდილოველიკო-რუსული და სამხრეთველიკო-რუსული. მათი შერწყმით მიღებულია საშუალოველიკო-რუსული დიალექტი, რომლისგანაც XVI – XVII სს. იქმნებოდა მოსკოვის მეტყველებაზე დამყარებული თავისებური კოინე. ეს უკანასკნელი საფუძვლად ედება რუსულ სალიტერატურო ენა ს. რუსული ორთოგრაფია საშუალო სირთულისაა და კარგად არის მოწესრიგებული. ანბანში შემორჩენილია ორი ე.წ. უბგერო ასო, რომლებსაც მათ მიერ აღნიშნული ბგერების დაკარგვის გამო მხოლოდ ორთოგრაფიული ფუნქციები შერჩათ.

ისტორიულად რუსეთს ხანგრძლივი კონტაქტები ჰქონდა როგორც დასავლურ, ისე აღმოსავლურ კულტურებთან და ენებთან. ეს აისახა რუსული ენის მდიდარ ლექსიკაშიც, რომელშიც დიდი რაოდენობით არის ნასესხობები ბერძნული ლათინური, გერმანული, ფრანგული პოლონური, მონღოლური, თურქული და სხვა ენებიდან. რუსულიდანაც მრავალი სიტყვა შევიდა მასთან ურთიერთობის მქონე ენებში. სადღეისოდ რუსული სალიტერატურო ენა კარგად ნორმირებული ენაა, მდიდარი, მრავალფეროვანი და დახვეწილი გამომხატველობითი საშუალებებით. მასზე შექმნილია უმდიდრესი სამეცნიერო, ისტორიული და მხატვრული ლიტერატურა.

რუსეთ-საქართველოს შორის კულტურული კონტაქტების ადრეულ დაფიქსირებულ ფაქტებად უნდა ჩაითვალოს IX–X სს. ბულგარელი ისტორიკოსის ბრი ხრაბრის მიერ ნახსენები „ივერთა დამწერლობა“ და რუს. მატიანის ცნობა, რომ კიევის ლავრის მოხატვაში (შემკობაში) ივერიელი ხატმწერებიც მონაწილეობდნენ.

XVII-XVIII სს-იდან საქართველოში განვითარებულ ისტორიულ-პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით იწყება რუსულ-ქართული კონტაქტების გააქტიურება, რამაც XIX ს-იდან, საქართველოს რუსეთის იმპერიაში შესვლის შემდეგ. ბუნებრივია, ინტენსიური ხასიათი მიიღო. საქართველოში რუსული ენის ცოდნის აუცილებლობამ დღის წესრიგში დააყენა მთარგმნელობითი საქმიანობა, ორენოვანი ლექსიკონებისა და გრამატიკების შედგენის საჭიროება. რუსული ენის გავლენა საგრძნობი გახდა ქართული ენის ლექსიკაზე. ნასესხობებმა სალიტერატურო ენაშიც შემოაღწია. განსაკუთრებით გაიზარდა რუსულის გავლენა საბჭოთა პერიოდში (1921-იდან), როდესაც: ენობრივმა კონტაქტებმა ბილინგვური (იხ. ბილინგვიზმი) ხასიათი მიიღო. რუსული ლექსიკა ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში (განსაკუთრებით, პოლიტიკურსა და პროფესიულ სფეროებში) შემოიჭრა. მაგრამ, როგორც მოსალოდნელი იყო მდიდარი სამწერლობო ტრადიციების მქონე ენისათვის, ქართულში ეს გავლენა სიტყვათა სესხებისა და კალკირების ზღვარს არ გასცილებია.

გ. წიბახაშვილი

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები