დრო (გრამატიკა)
დრო – ზმნის კატეგორია, რეალური დროის სპეციფიკური ენობრივი ასახვა. ემსახურება ზმნით გამოხატული მოქმედების ან მდგომარეობის დროით ლოკალიზაციას თქმის მომენტთან მიმართებით. მოქმედება შეიძლება ხდებოდეს თქმის მომენტში, უსწრებდეს თქმის მომენტს ან მოხდეს თქმის შემდეგ. ამის მიხედვით ტრადიციულად ენებში, მ. შ. ქართულშიც, გამოიყოფა სამი დრო: ახლანდელი, წარსული და მომავალი. ტერმინები დაამკვიდრა ა. შანიძემ ნაცვლად ტერმინებისა – აწმყო, ნამყო, მყოფადი, რომლებიც ანტონ I-გან მომდინარეობს და ახლაც რჩება სათანადო მწკრივების აღსანიშნავად. მაგრამ აღნიშნული სამწევრა ოპოზიცია ენებში არ რეალიზდება როგორც მხოლოდ ტემპორალური. სხვა ზმნურ კატეგორიებთან, ძირითადად კილოსა და ასპექტთან, მჭიდრო კავშირში წარმოიქმნება საუღლებელ ფორმათა რთული სისტემა, რომელიც ენათა მიხედვით სხვადასხვაგვარია. შესაბამისად, სხვადასხვა დროს ქართულში სამზე მეტი დროის (ს. ხუნდაძე, ნ. მარი) გამოყოფა, ა. შანიძის აზრით, გამოწვეულია დროის კატეგორიის აღრევით სხვა ზმნურ კატეგორიებთან.
ქართულში დროის კატეგორიას გრამატიკული ნიშანი არ მოეპოვება. თუმცა ახლანდელისაგან წარსულისა და მომავლის ფორმების გარჩევა შეიძლება ასპექტით ან სხვა ფუძით. მაგ. წერ-ს – და- წერ-ა, და-წერ-ს ან არის – იქ-ნება. ხშირად ახლანდელი დროის აღმნიშვნელი ფორმები კონტექსტის მიხედვით იცვლის დროულ გაგებას. მაგ. ახლანდელი დროის ფორმები შეიძლება გამოხატავდეს ზედროულობას (უდროობას) – „დედამიწა ბრუნავს“, „თევზი ცურავს“, მომავალს – „ხვალ შენთან მოვდივარ“, წარსულს – „შევხედე და აგერ მოდის“; წარსულის ფორმა შეიძლება გამოყენებული იყოს სხვა დროის გამოსახატავად. მაგ., მოდალურ წინადადებაში მან შეიძლება გამოხატოს მომავალი – „თუ ასე წერე, ვერასოდეს დაამთავრებ“.
დროს, როგორც სახელისაგან ზმნის განმასხვავებელ განსაკუთრებულ კატეგორიას, ჯერ კიდევ არისტოტელე გამოყოფდა. თანამედროვე ენათმეცნიერებაში დროის ტრადიციულმა თეორიამ რეინტერპრეტაცია განიცადა, მ. შ. ტექსტის ლინგვისტიკის თვალსაზრისითაც.
ნ. ლოლაძე
ლიტერატურა
- შანიძე ა. ქართული ენის გრამატიკის საფუძვლები, 1, თბ. (1953) 1973;
- კვაჭაძე ლ. ქართული ენა, ნაწ. 1, თბ., 1981.