მოხეური დიალექტი
მოხეური – ქართული ენის დიალექტი, გავრცელებულია საქართველოს ერთ-ერთ უძველეს კუთხეში – ხევში.
ხევი მდებარეობს კავკასიონის ჩრდილოეთ ფერდობზე, თერგის აუზში. აღმოსავლეთით მას ხევსურეთი ესაზღვრება, სამხრეთით – მთიულეთი, ჩრდილოეთით – ჩრდილო ოსეთი, დასავლეთით – შიდა ქართლი. ხევში, გარდა მოხევეებისა, ცხოვრობენ ხევსურები, ქისტები, ოსები. ხევზე გადის საქართველოს სამხედრო გზა.
მოხეურის ფონოლოგიური თავისებურებებიდან აღსანიშნავია შემდეგი:
დაცულია ფონემა ჴ: ჴარი, ჴმალი, ჴოცს…, თუმცა ახალი თაობის მეტყველებაში იგი თითქმის აღარ ისმის. შედარებით მკვიდრია უმარცვლო -ს პოზიცია. ზოგჯერ მას სიტყვათგანმასხვავებელი ფუნქციაც აქვს: სველი „დასველებული“ – სელი „შრატი, წაქი“; შეინიშნება ხმოვნის ფშევინიერი და იოტისებული შემართვის კვალი: ჰეკალი || ჲეკალი… ჩაკითხვისა და კითხვით-ძახილის ინტონაციისას თავს იჩენს მახვილიანი : ძაუგს მიდიხარ? ძაუგს. ხმოვანთა ძლიერი რედუქცია: შკმები „სკამები“, ნიკბის „ნიკაპის“… დასტურდება დისიმილაციური გამჟღერების შემთხვევები: პატარა – ბატარა. მოხეურის ერთ-ერთი დამახასიათებელი ფონეტიკური თავისებურებაა კომპლექსთა ნაირსახოვანი ცვლილებები: შხ → ჩხ (შხამა → ჩხამა): ჩქ → შქ (გააჩქარე → გააშქარე); სხ → ცხ (სხვა → ცხო) და პირიქით: ცხ → სხ (ცხიმიანი → სხიმიანი), სტ → შტ (ქისტი → ქიშტი); სკ → შკ (სკამი →შკამი)…
მოხეურში უა || ვა → ო პროცესი თითქმის გამონაკლისის გარეშეა გატარებული ყველა პოზიციაში: ვახტანგ → ოხთანგ, სიტყვა → სიტყო… ცვლილებას შესაძლოა წინ უძღოდეს მეტათეზისი: მთვრალი → მთრვალი → მთროლი; თავს იჩენს საპირისპირო პროცესიც: ო → ვა: ოსი → ვასი, გიორგი → გივარგი ე || ვე → ო ცვლილება ორი ნაირსახეობით გვხვდება ე → ვე → ო: გაშვება → გაშობა-; ე → ვე → : ძველი –> ძლი; ო და ოპოზიცია ზოგჯერ მნიშვნელობებსაც განარჩევს: დოგოხმარა „დაგვახმარა“ – დგხმარა „დაგვეხმარა“. შეინიშნება -ს დელაბიალიზაციის ტენდენციაც: დაგვეძინა – დგძინა – დგეძინა || დოგეძინა…ასევე ორი ნაირსახეობითაა წარმოდგენილი ი → ვი → უ-: მშვიდობა → მშუდობა; ი → ეი : გვითხრა → გთხრა, შვიდი → შდი… ხდება - ხმოვნის დელაბიალიზაციაც: დოგრჩა → დოგირჩა. მოხეურს ახასიათებს უ → ი || ეი პროცესიც: დურბინდი → დვირბინდი. ზოგჯერ შეინიშნება ბოლოკიდური პოზიციის ცვეთის შემთხვევები: სახლისთვის → სახლისთი –: ლაბიალური თანხმოვანი ახდენს ხმოვნის პროგრესულ ასიმილაციას: პავლე → პოვლე, ამბავი → ამბოვი-.
I სუბიექტური და III ობიექტური პირის ნიშანთა ფონეტიკური ნაირსახეობანია: ჰ → ხ (ყრუ თანხმოვნების წინ: დახკაზმა, ხყვების) → ღ (სონორებისა და გ, ბ მჟღერი თანხმოევნების წინ: ღმართებს, ლბრალობს); ს → შ (შიშინა ყრუ აფრიკატების წინ: შჭამს, შაშჩივლა) → ჟ (შიშინა მჟღერი აფრიკატის წინ: ჟჯავრობს), ს → ზ (დ, ძ მჟღერების წინ – მიზდევ, დაზძახა).
მოხეურში თავისებურია არა მარტო მახვილი, არამედ თითოეული ბგერის წარმოთქმაც: დამახასიათებელია მჟღერობის მაღალი ხარისხი, ფშვინვიერთა ბუნების შენარჩუნება და გაძლიერება. მოხეურში მახვილი არაა ფონოლოგიური; იგი სიტყვას ანიჭებს მუსიკალურ-ტონურ ელფერს და იცავს მას წინადადებაში მონოტონური წარმოთქმისაგან. მართალია, ცალკე სიტყვაში მოხეურის მახვილი ჰგავს მთიულურისას, მაგრამ მრავალმარცვლიან სიტყვაში ის ტონურ-დინამიკურისაკენ იხრება ისვე, როგორც სალიტერატურო ქართულშია. სიტყვაში მთავარი და დამატებითი, თანამახვილი, შეინიშნება ბოლოდან მესამე-მეოთხე მარცვლებში. მრავალმარცვლიან სიტყვაში ორი მახვილი – დინამიკური და ტონური უდავოა. ტონური ჩანს დომინანტი. ტონის ამაღლება მესამე-მეოთხე მარცვალზეა.
მორფოლოგიური თავისებურებათაგან ყურადღებას იქცევს შემდეგი: სახელობითში ბრუნვის ნიშანი -ი დაერთვის როგორც თანხმოვანზე, ისე -ა ხმოვანზე ფუძედაბოლოებულ სახელებს: გუთან-ი, ქალა-ი… სხვა ხმოვნებზე ფუძედაბოლოებული სახელები, როგორც წესი, -ი ბრუნვის ნიშანს არ დაირთავენ. გამონაკლისია უ-ზე დაბოლოებული ერთმარცვლიანი სახელები, რომელთაც ბრუნვის ნიშნის წინ უვითარდებათ ვ:ბუვ-ი, ყრუვ-ი-; უთანდებულო მიცემითი გამოიყენება ადგილის გარემოების გამომხატველად: ძაუგს წავიდა. ამ დანიშნულებით იგი იხმარება -თა სუფიქსიან მრავლობითთანაც (ნანათესაობითარი მიცემითი) – ცოლეურ-თა-ს დარჩებოდა-; მიცემითის ფორმა შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ვითარებითი ბრუნვის ფუნქციით: მზა-ს „მზად“, ტიტველას „ტიტველად“… და მოქმედებითი ბრუნვის დანიშნულებით: მამყვა სროლა-სროლა-ს („სროლა-სროლით"). მიცემითის -ს ნიშნით ფორმდება ზოგი ზმნისართი: წელია || წელია-ს… იგივე ზმნისართები შესაძლოა ნათესაობითი ბრუნვის ფორმითაც იქნეს წარმოდგენილი: წეღან-ის…ნათესაობითი, და მოქმედებითი ბრუნვის ნიშნები ვერ კვეცენ -ა ხმოვანზე ფუძედაბოლოებულ სახელებს და არც თვითონ რედუცირდებიან: ქალა-ის, ქალაით. დრო-ჟამის აღმნიშვნელი სიტყვების ნათესაობითი ბრუნვის ფორმა გამოხატავს დროის გარემოებას (ზამთრ-ის – „ზამთარში“); უთანდებულო მოქმედებითს შეუძლია გადმოსცეს გამოსვლითობა (აბლატივი) გერგეტ-ით (= გერგეტიდან); ფართოდაა გავრცელებული -ივ სუფიქსიანი წარმოება: ზამთარივ – „ზამთარში“, უნებლ-ივ – „უნებურად“.. წოდებითში ხმოვანზე ფუძედაბოლოებულ სახელებთან დამოწმებულია - || უ: ქალა– || ქა- ლა-უ…; ნაწილაკები შესაძლოა მიერთოს ნაცვალსახელთა ბრუნვის ფორმას (და არა ფუძეს, როგორც ეს სხვა დიალექტებსა თუ სალიტერატურო ქართულში გვხვდება): რა-მა-მე „რამემ“, რა-მ-ღა-ც „რაღაცამ“, ვინ-ებ-ი-ღა-ც „ვიღაცები“.
მოხეურში პროდუქტიულია ვითარების ზმნისართების -ებურ || -ებულ სუფიქსით წარმოება: ქარებულას || ქარებულად, ფარებულას || ფარებულად. იშვიათია -დამ თანდებული: გარედამ – „გარედან“. ამ ფუნქციით გამოიყენება უთანდებულო მოქმედებითი: სახლით, გარეთით. ჩვეულებრივი მოვლენაა -ში || შიგ (ჩი || ჩიგ), -ზე || ზედ, -გან თანდებულიანი სახელების -თი ფორმანტით გაფორმება (გამოსვლითობის ფუნქციის დაკონკრეტების შემთხვევაში): ჯარ-ჩიგა-თ – „ჯარში და იქიდან“, სახნავ-ზედ-ით – „სახნავზე და იქიდან“.
მოხეურში სახელთა მრავლობითი რიცხვის ფორმები თითქმის თანაბრად იწარმოება -ნ, -თა და -ებ სუფიქსებით. თავს იჩენს ზოგი თავისებურება: III პირის ნაცვალსახელთა მრავლობითის ფორმები უპირატესად -ებ სუფიქსით იწარმოება: ესე-ებ-ი || ეს-ებ-ი – „ესენი“, ის-ებ-ი – „ისინი“, ზოგ-ებ-ი / „ზოგნი“… -ებ გასდევს ბრუნების მთელ პარადიგმას: ემე-ებ-მ-ა – „ამათ“, ემე-ებ-ს, ემე-ებ-ის …; -ნ / -თ(ა) სუფიქსიანი მრავლობითი ოჯახის, შტო-გვარის სახელთა ძირითადი მაწარმოებელია. მის პარალელურად იხმარება -ენ ||-ეთ სუფიქსებიც.
მოხეურში შეინიშნება ზოგი თავისებურება ზმნისწინთა გამოყენებაში: მოსალოდნელია მო- (მა-), იხმარება გა- სიზმარი გევჩქენა, და-ს ცვლის გა- ზმნისწინი, ან – პირიქით: მძინარს [ძმებს] სულ თურმე გაშჭრა თავები; თავის ძროხა მეზობლის ძროხებჩი დაურია…
I სუბიექტური და ობიექტური, ასევე II ობიექტური პირის აღნიშვნა მოხეურში ისევე ხდება, როგორც სალიტერატურო ენაში, ოღონდ I სუბიექტური პირის მომდევნოდ თითქმის ყოველთვის იხმარება III ობიექტური პირის ნიშანი, ისევე როგორც ეს იყო ქართულ სალიტერატურო ენაში თითქმის XIX ს-ის ბოლომდე: ცელს გამოვსწკეპავთ, ქასურით გავღლესთ; ნამყო უსრულსა და ნამყო ძირითადში მრავლობითი რიცხვის III სუბიექტური პირის ნიშანი, ჩვეულებრივ, არის –ეს: ა-კეთ-ებ-დ-ეს – „აკეთებდნენ“, გამა-ი-პარ-ნ-ეს „გამოიპარნენ“…; ნამყო ძირითადში მხოლობითი რიცხვის III სუბიექტური პირის ნიშნად -ა გვაქვს: ამა-ი-ღა „ამოიღო“, ჩა-ა-გ-ა „ჩააგო“ ანალოგიური ვითარებაა II თურმეობითშიც: ე-ე-ღ-ა „აეღო“.
მოხეურში ხოლმეობითის ფორმები სამგვარად იწარმოება: ოდენ -ი სუფიქსით: (ჴნ-ავ-დ-ი-ს, მა-ჴნ-ი-ს), საკუთრივ დიალექტური – ოდენ -კე ჩაწილაკით (ჴნ-ავ-ს-კე, ჴნ-ავ-დ-აკე), უფრო ხშირად კი – ზემოხსენებული ორი წარმოების კონტამინაციით: ჴნ-ავ-დ-ი-ს-კე, ჴნ-ავ-დ-ი-ან-კე; მა-ჴნ-ი-სკე, მა-ჴნ-ი-ან-კე.
ბრძანებითი ორი სახისაა: კატეგორიული (იყენებს ნამყო ძირითადის II პირის ფორმას: გა-ა-მზად-ე) და თხოვნით-წაქეზებითი, რომელიც ორი ნაირსახეობით გვხვდება: -ღა ნაწილაკით (გა-ა-მზად-ე-ღა) და - ოდ-ე დაბოლოებით (გა-ა-მზად-ოდ-ე).
მოხეურს ახასიათებს კავშირებითის ფორმათა წარმოების თავისებურებანი: I კავშირებითში ყოველთვის არის -ე (მალ-ავ-დ-ე-ს, ი-მალ-ებოდ-ე-ს); II და III კავშირებითში გარდამავალ ზმნათა წარმოება უნიფიცირებულია – გამოიყენება -ა (და-მალ-ა-ს, წა-უ-ღი-ა-ს, და-ა-ბრუნ-ა-ს… და-ე-მალია-ს… ).
მოხეურში კაუზატივის წარმოებისას ზმნაში პირის ნიშნით აისახება არა ირიბი, არამედ პირდაპირი ობიექტი: და-გ-ა-გლეჯ-ინ-ებ „დავაგლეჯინებ მე მას შენ თავს“.
უპირატესობა ეძლევა უძველესი ფორმაციის ზმნების უთემისნიშნოდ გამოყენებას: ჩეჩ-ს „ჩეჩავს“, ჴეჴ-ს – „ქვებს ისვრის“, კეც-ს – „კეცავს“ .
მოხეურის სინტაქსიდან საყურადღებოა შემდეგი:
სახელსა და ზმნას შორის გვაქეს აზრობრივი შეთანხმების შემთხვევები: „ხალხი მიულოცავდეს (=მიულოცავდნენ), იმათ სადღეგრძელოს დალევდეს (= დალევდნენ)“.
მიცემით ბრუნვაში დასმული ობიექტი ზმნას ეთანხმება მრავლობით რიცხვში I და II პირის ფორმათა გამოყენებისას: ჩვენ გვ-მალ-ავ-ს – გვ-მალ-ვ-ენ, თქუენ – გ-მალ-ავ-ს-თ – გ-მალ-ვ-ენ-თ. III პირში მრავლობითი რიცხვი არ აღინიშნება, ინვერსიულ ზმნებშიც კი: მათ ე-წ-ყინ-ა (და არა: ეწყინათ), ზ-ძინ-ი-ა (და არა: ზძინიათ). შეინიშნება სახელობითში დასმული ობიექტის ზმნასთან რიცხვში შეთანხმების შემთხვევები: მე ვ-ნახ-ენ ესე-ნ-ი, ძმა-ნ-ი წა-ხ-კიდ-ნა. აღსანიშნავია ვნებითი გვარის ფორმასთან ძველ ქართულში პოვნიერი კონსტრუქციების გამოყენება: „მეშინია იმ კაცისგა (=ბკაცისგან)“, „იმ ქალისგა (= ქალისგან) ძრიად მეხათრება“.
მოხეურში სიტყვაწარმოებითი დანიშნულებითაა გამოყენებული ნანათესაობითარი გასუბსტანტივებული ფორმები: ფეჴ-ის-ა-ი „ფერხული“, ჩოჴ-ის-ა-ი ,ჩოხის ნაჭერი“. - ურ სუფიქსი, სადაურობის გარდა, გამოხატავს კუთვნილებასაც და ამ შემთხვევაში ნათ. ბრუნვით შეიძლება შეიცვალოს: ყაზბეგ-ურ-ი ადგილი „ყაზბეგის, ყაზბეგიანთ ადგილი“. მიზნის სემანტიკა გამოიხატება -ობ -(ა) სუფიქსიანი მასდარის ფორმებით: დამოუკიდებლად (ნადირ-ობ) ან უთანდებულო და თანდებულიანი მიცემითით (ნა-დირობას || ნადირობაზე), ან ვითარებითით (ნადირობ-ად), ანდა გაუდიფერენცირებელი მიცემით-ვითარებითით (ნადირობა). ადგილის სახელწოდებათა საწარმოებლად გამოყენებულია -ობ: ყან-ობ-ი, ბოსლ-ობ-ი.
დამკვიდრებულია აბსტრაქტულ სახელთა წარმოება ცირკუმფიქსის საშუალებით: სი-ობლ-ე „ობლობა“, სი-მხიარულ-ე „მხიარულება“. წარმომავლობის -ელ დასტურდება ზმნისართული წარმოშობის ფორმებშიც: სადავ-ელ-ი, აქავ-ელ-ი (კაცი); შდრ. აქა-ურ-ი, იქი-ურ-ი (ნივთი).
უხმოვანპრეფიქსო ზმნებისაგან (ტეხ-ს, კერავ-ს ჰკიდებ-ს) საობიექტო მიმღეობა შეიძლება იწარმოოს ს- (და არა მოსალოდნელი სა-) პრეფიქსის საშუალებით: გა-ს-კიდ-ელ-ა-ი „გასაკიდელი“, და-ს-კერავ-ა-ი „საკერველი, ძველზე ახლის გამოსაკერებელი ნაჭერი“. ჩვეულებრივია საობიექტო მიმღეობის სა-ის ცირკუმფიქსიანი წარმოება: საბზან-ის-ი „საბრძნისი“, სა-ღონისი, „საშუალება, სახსარი“.
მოხეურში თვლის სისტემა ასის შემდეგაც ოცობითიაა: ხუთოცი, ექესოცი…, ათასის შემდეგ – ასობითი: თერთმეტასი, თორმეტასი…
ბ. ჯორბენაძე
მ. კობიაშვილი
ლიტერატურა
- გიგინეიშვილი ი. თოფურია ე. ქავთარაძე ი. ქართული დიალექტოლოგია, I, თბ., 1961;
- ქავთარაძე ი. ქართული ენის მოხეური დიალექტი, თბ. 1985;
- ჯორბენაძე ბ. ქართული დიალექტოლოგია, I, თბ., 1989.