ასიმილაცია (ენათმეცნიერება)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ასიმილაცია – (ლათ. asimilation – დამსგავსება), კომბინატორული ბგერითი ცვლილების სახე, როცა ერთი ბგერის არტიკულაცია იცვლება სხვა ბგერის არტიკულაციის გავლენით სიტყვის ფარგლებში. ბგერა, რომელიც იმსგავსებს მეორეს, იქნება ასიმილატორი, ხოლო ბგერა, რომელიც ემსგავსება ასიმილატორს – ასიმილირებული. მაგ., სიტყვაში მათგან > მადგან ხდება ყრუ -ს გაჟღერება მეზობელი მჟღერი -ს გავლენით, ე. ი. ასიმილატორია გ, ასიმილირებული – (<თ).

ასიმილაცია მოქმედებს როგორც თანხმოვნებში, ისე ხმოვნებში. ასიმილაცია მეტ-ნაკლებად ყველა ენაშია გავრცელებული, თუმცა მისი სხვადასხვა სახე ყველა ენისათვის ან ერთი ენის სხვადასხვა პერიოდისთვისაც კი ერთნაირად არ არის დამახასიათებელი. იმის მიხედვით, თუ რა თვალსაზრისით განვიხილავთ ასიმილაციის მოქმედებას, გარჩეულია მისი შემდეგი სახეები:

მანძილის მიხედვით – კონტაქტური და დისტანციური. კონტაქტურია ასიმილაცია, როდესაც ასიმილატორი და ასიმილირებული ბგერები უშუალო მეზობლობაში იმყოფებიან (მსგავსი > მზგავსი; ქვითკირი > ქვიტკირი: დაუწყო > დოუწყო). დისტანციურია ასიმილაცია, როდესაც ერთმანეთს ემსგავსება სხვა ბგერით (ბგერებით) გათიშული ორი ბგერა (სიმშილი > შიმშილი: ბჭისკარი > ჭიშკარი).

მიმართულების მიხედვით – პროგრესული და რეგრესული. პროგრესულია ასიმილაცია, როცა წინამავალი ბგერა მოქმედებს მომდევნოზე, ე. ი. ასიმილაციის მოქმედება მიმართულია წინ, სიტყვის ბოლოსაკენ (კბილი > კპილი; შეწუხდა > შეწუხთა). რეგრესულია ასიმილაცია, როცა მომდევნო ბგერა მოქმედებს წინამავალზე. ე. ი. ასიმილაციის მოქმედება მიმართულია უკან, სიტყვის თავისაკენ (ერთგული > ერდგული: მისდეეს > მიზდეეს: კარებთან > კარეფთან). არის შემთხვევები, როდესაც ბგერათა მოქმედება საურთიერთოა, რასაც შედეგად შეიძლება მოჰყვეს შერწყმა (ე. წ. რეცპროკული) ასიმილაცია ცამეტი (ათ-სამმეტი).

შედეგის მიხედვით – სრული და ნაწილობრივი. ასიმილაცია სრულია, თუ ერთი ბგერა (ასიმილირებული) მთლიანად ემსგავსება მეორეს (ასიმილატორს). ეს ხდება მაშინ, როდესაც ასიმილაციის პროცესში მონაწილე ბგერები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან მხოლოდ ერთი არტიკულაციური ნიშნით (გქვია > ქქვია: სიმშილი > შიმშილი; დიალექტური: გაუკეთა > გოუკეთა > გუუკეთა). ასიმილაცია ნაწილობრივია, თუ ერთი ბგერა (ასიმილირებული) მხოლოდ ნაწილობრივ ემსგაესება მეორეს (ასიმილატორს), ერთი რომელიმე არტიკულაციური ნიშნის მიხედვით (მათგან > მადგან; აქებს > აქეფს).

ასიმილაციის მოქმედების შედეგად მომხდარი ბგერათცვლილებები შეიძლება წარიმართოს ხმის მონაწილეობა-არმონაწილეობის, წარმოთქმის ადგილისა და რაგვარობის მიხედვით. მაგრამ ხშირად ასიმილაცია არის ორი ან მეტი ასიმილაციური პროცესის შედეგი. ასეთ შემთხვევაში ლაპარაკობენ რთულ ასიმილაციაზე (ავადმყოფი > ავანტყოფი).

ასიმილაციის მოქმედება გამოწვეულია ფიზიოლოგიური ფაქტორებით, მაგრამ ეს უკანასკნელნი ყოველთვის არ იწვევენ ასიმილაციის (შდრ. სვან. უშგული – სოფლის სახელი, ნაგჭურ – საკუთარი სახელი, მეთგი – საკუთარი სახელი და ა. შ., სადაც მეზობელი ბგერების გავლენით თანხმოვანთა მჟღერობა-სიყრუე არ იცელება).

ამგვარად, ასიმილაცია წარმოგვიდგება როგორც ძირითადად იზოლირებულ სიტყვაში მიმდინარე პროცესი. მაგრამ თვით სიტყვის სტრუქტურაში დადასტურებული ბგერათმიმდევრობები ყოველთვის ცოცხალი ფონეტიკური ცვლილებებით არ არის განპირობებული – ისინი გარკვეულწილად ისტორიულად მოქმედი ასიმილაციური (ასევე დისიმილაციური) პროცესების შედეგია (შეშა < *სეშა, ჭიანჭველა < *ღინჭველი… იხ. აგრეთვე უმლაუტი). დისტრიბუციული ანალიზის დროს ასიმილაციური პროცესების აღწერა შეცვლილია დისტრიბუციული მოდელების საშუალებით. ამიტომაც ასიმილაცია მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ისტ. ფონეტიკურ კვლევაში. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ასიმილაციის მოქმედება სცილდება იზოლირებული სიტყვის ფარგლებს და ვრცელდება მთელ გამონათქვამზე. სამეტყველო ნაკადის ნარნარი მიმდინარეობა და რიტმი ასიმილაციის საშუალებით ხორციელდება.

ასიმილაცია შეიძლება განვიხილოთ როგორც ენებში მიმდინარე ცოცხალი პროცესი (მსგავსი > მზგავსი), ან როგორც უკვე ისტორიულად მომხდარი პროცესის შედეგი (ცეცხლი < სეცხლი).

ნ. იმნაძე


ლიტერატურა

  • ყიფშიძე ი. ასიმილაციისა და დისიმილაციის წესი ქართულსა და მეგრულში (1919-20).
  • იგივე, რჩეული თხზულებანი, თბ. 1994;
  • ახვლედიანი გ. ზოგადი ფონეტიკის საფუძვლები, თბ. 1949.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები