ზმნისწინი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზმნისწინი პრევერბი – ზმნის თავში დართული მორფემა, რომელსაც აქვს როგორც სიტყვაწარმოებითი, ისე ფორმაწარმოებითი ფუნქციები: ცვლის ლექსიკურ მნიშვნელობებს, გვიჩვენებს მიმართულებას, აწარმოებს მომავალ დროს და, ამასთანავე, ზმნაში გამოხატულ მოქმედებას სძენს დასრულებულ სახეს.

ზმნისწინთა აღსანიშნავად სხვადასხვა ავტორი განსხვავებულ ტერმინებს იყენებდა: ართრონი (ს-ს. ორბელიანი), ზედდადებული, კერძო კი ზედდადებული, ნიშანი განმავითარი (ანტონ I), შეერთებულად ხმარებული თანდებულები (ს. დოდაშვილი). მიმძღოლი თანდებული (დ. ყიფიანი), სიტყვის ნაკვეთი (ა. ქუთათელაძე) და სხვ. ტერმინი, „ზმნისწინი“ დაამკვიდრა ა. შანიძემ.

ზმნისწინი შედგენილობის მიხედვით არის მარტივი დართული, ორიენტაციის მიხედვით – საიქითო და სააქეთო. საიქითო ორიენტაციისა: მი-, ა, და-, გა-, შე-, ჩა-, გადა-, წა-, უკუ-, სააქეთო ორიენტაციისა: მო-, ამო-, დამო-, გამო-, შემო-, ჩამო-, გადმო-, წამო-, უკმო-.

საიქითო, ანუ მაშორებელი ორიენტაციის ზმნისწინები მარტივია (გამონაკლისია გადა-), სააქეთო, ანუ მაახლოებელი ორიენტაციისა კი – ყველა რთული, გარდა მო ზმნისწინისა, რომლის დართვა-დაურთველობის საშუალებით გამოიხატება ორიენტაციის განსხვავება ორივე რიგის ზმნისწინებს შორის (ა. შანიძე).

ზმნისწინი პოლიფუნქციური მონაცემია. იგი აღნიშნავს მიმართულებას: ადის, შე-დის. გა-დის, ჩა-დის (ა. შანიძე. არნ. ჩიქობავა, ი. ვეშაპიძე, ზ. ჭუმბურიძე, ბ. ჯორბენაძე, გ. გოგოლაშვილი) და ორიენტაციას: მიქრის, მო-ქრის, მი-ფრინავს, მოფრინავს (ა. შანიძე). ზოგი მკვლევარი ორიენტაციას ცალკე არ გამოყოფს და მას გეზთან ერთად განიხილავს მიმართულებაში (ირ. ვეშაპიძე, ზ. ჭუმბურიძე). ზმნისწინი გამოხატავს სრულ ასპექტს: აკეთა – გა-აკეთა (ა. შანიძე): აწარმოებს დროს, სახელდობრ, ახლანდელისაგან მომავალს, მაგ. კერავს – შეკერავს, აკეთებს – გა-აკეთებს (არნ. ჩიქობავა, ა. შანიძე); აწარმოებს მწკრივს, აწმყოსაგან მყოფადს (ზ. ჭუმბურიძე. ლ. კვაჭაძე, ა. კიზირია); აწარმოებს განსხვავებული მნიშვნელობის მქონე ზმნებს. მაგ.: სახლი ააგო, ხალიჩა და-აგო, ფული წააგო (ა. შანიძე, არნ. ჩიქობავა, ი. ვეშაპიძე, ზ. ჭუმბურიძე); აღნიშნავს ადგილმდებარეობას; ძვ. ქართულში საკმაოდ გავრცელებული იყო ადგილობითი ზმნისწინებიც, რომლებიც თანამედროვე ქართულში აღარ იხმარება (ი. ვეშაპიძე).

ზმნისწინის ფუნქციებიდან პირველადია მიმართულების აღნიშვნა; უძველესია მნიშვნელობათა გამიჯვნის ფუნქციაც (ა. შანიძე, არნ. ჩიქობავა). სრული ასპექტისა და დროის (აწმყოსაგან მყოფადის წარმოება) აღნიშვნა ახ. ქართულისათვისაა დამახასიათებელი (არნ. ჩიქობავა). მიმართულება ხშირად თანამდევ ფუნქციად გვევლინება (ბ. ჯორბენაძე).

ზმნისწინების გამოყენების მიხედვით ზმნებს ყოფენ:
1. ორ ჯგუფად: ა) ზმნები ან ზმნების ფორმები, რომელთაც ზმნისწინები საერთოდ არ დაერთვის: სწამს, უყვარს, სძულს, ჰღვიძავს, სძინავს და სხვ. ბ) ზმნები, რომელთაც შეუძლიათ ზმნისწინი დაირთონ ან არ დაირთონ: ხატვა – და-ხატვა, გრეხა – და-გრეხა (ა. შანიძე);
2. სამ ჯგუფად: პირველი ორი ჯგუფი ა. შანიძის კლასიფიკაციით არის გამოყოფილი. მესამე დამატებულ ჯგუფში გაერთიანებულია ზმნები, რომლებიც უზმნისწინოდ არ გვხვდება და ზმნები, რომელთაც უზმნისწინო პარალელური ფორმა ამა თუ იმ დროში არ ეწარმოებათ, მაგ., ვნებითი გვარის ფორმები II და III სერიებში (და მყოფადის წრეშიც) მხოლოდ ზმნისწინიანია: წა-ვიდა, მი-ფრინდა, გა-გორდა, გა-ბრაზდა (არ ითქმის ვიდა, ფრინდა, გორდა, ბრაზდა). კლასიფიკაცია მორფოლოგიურია (ლ. კვაჭაძე).
3. სამ ჯგუფად (კლასიფიკაცია სემანტიკურია): 1. ზმნები, რომლებიც ზმნისწინს არ დაირთავენ. ეს არის არსებობის (მყოფობის), ფიზიკური და ემოციური მდგომარეობისა და ზოგიერთი სხვა სემანტიკის ზმნები. 2. მოძრაობის ზმნები, რომლებიც უზმნისწინოდ არ გვხვდება. 3. ზმნები, რომლებსაც შეუძლიათ ზმნისწინი დაირთონ ან არ დაირთონ. ზმნისწინთა შერჩევა დამოკიდებულია როგორც ზმნის, ისე ზმნისწინის სემანტიკაზე (ნ. ლოლაძე). აუცილებელია ზმნური სიტყვაწარმოებითი მოტივაციის შესწავლაც, რადგანაც ნაწარმოები სიტყვის მნიშვნელობაში გასათვალისწინებელია მამოტივირებელი მორფემის ამოსავალი სემანტიკაც. მაგ.: წა-იკითხავს ზმნაში წა- ს. თავდაპირველად აღნიშნავდა მიმართულებას – აქედან იქით. ამჟამად წა ზმნისწინის ეს ფუნქცია დაკარგულია (ნ. ლოლაძე).

რამდენადაც ზმნისწინს ოდინდელი ფუნქციების (მიმართულება, მნიშვნელობის ცვლა) გვერდით ახალ ქართულში გაუჩნდა ახალი ფუნქციებიც – დროისა და ასპექტის ჩვენება, რამაც გააძლიერა ზმნის ლექსიკური მნიშვნელობის ცვლის შესაძლებლობა. სწორედ ამის შედეგია, რომ ახ. ქართულში ზმნისწინის სიტყვაწარმოებითი ფუნქცია უკვე ძირითად, წამყვან ფუნქციად იქცა. დღეს ზმნისწინიანი ზმნების დიდ ნაწილში მიმართულება არ ჩანს, მაგრამ, დროისა და ასპექტის გამოხატვის გარდა, ჩანს ზმნისწინის სიტყვაწარმოებითი ფუნქცია, ოღონდ სხვადასხვა ნიუანსობრივი გაგებით დატვირთული: მოქმედების სასრულობის, უნებლიობის გამოხატვა და ა. შ.

ც. კვანტალიანი


ლიტერატურა

  • ჩიქობავა არნ. წარ- პრევერბის მნიშვნელობისათვის ქართულში. – „ენიმკის მოამბე“, 1937, ტ. 1;
  • შანიძე ა. ქართული ენის გრამატიკის საფუძვლები, I. მორფოლოგია, თბ.,
  • 1953 (1973);
  • ვეშაპიძე ი. ზმნისწინი ძველ ქართულ ენაში, თბ., 1967;
  • კვაჭაძე ლ. ქართული ენა, თბ, 1986;
  • გოგოლაშვილი გ. ქართული ზმნის უღვლილების სისტემა, თბ., 1988;
  • ჯორბენაძე ბ. ქართული ენის მორფოლოგია. პროგრამა-პროსპექტი. თბ., 1995;
  • მანჯგალაძე მ. ზმნისწინის ფაკულტატიური დანიშნულებისათვის ქართულში. – „საენათმეცნიერო ძიებანი“, VII, თბ., 1998;
  • კვანტალიანი ც. ზმნისწინი და ქცევის ფორმათა წარმოების საკითხები, – იქვე, VIII, თბ. 1999;
  • ლოლაძე ნ. ზმნისწინიან ფორმათა მოტივაციის ზოგიერთი საკითხისათვის. – იქვე.


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები