თანდებული

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თანდებული − მეტყველების ნაწილი; ფორმაუცვლელი დამხმარე სიტყვა, რომელიც დაერთვის სახელის გარკვეული ბრუნვის ფორმას დაამყარებს სხვადასხვა სახის მიმართებას სახელსა და სახელს, ან სახელსა და ზმნას შორის (მაგ.: სამშობლოსათვის თავდადებული, საქართველოში მცხოვრები; თავისუფლებაზე ოცნებობს, ბეთანიისაკენ მიჰყავს). თანდებული კავშირსა და ნაწილაკთან ერთად განეკუთვნება ფუნქციონალურ ლექსიკას. მათ გამაერთიანებელ სახელად ქართულ საენათმეცნიერო ლიტერატურაში მხლებლებიც და უდეტრებიც იხმარება.

თანდებულები დამოუკიდებელი მნიშვნელობის მქონე სიტყვებისაგან (სახელებისა და ზმნისართებისაგან) მომდინარეობს. დამოუკიდებელი მნიშვნელობის მქონე მეტყველების ნაწილთა დამხმარე სიტყვებად გამოყენება-გადაქცევის პროცესი მხოლოდ ისტორიული ფაქტი არ არის – იგი დღესაც აქტუალურია. თანამედროვე სალიტერატურო ენებში წიგნური გზით თანდებულთა რიცხვი თანდათანობითიზრდება ისეთი ზმნისართებისა და სახელების ხარჯზე, რომლებიც სემანტიკურად გამოხატავენ მიმართება-დამოკიდებულებას (რელატიურობის სემანტიკა დამხმარე სიტყვად ქცევის გზაზე ისტორიულადაც არანაკლებ მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი იყო).

თანდებულები, რომლებიც ფუნქციონალური ლექსიკის ნიშნით გაერთიანებულსხვადასხვა მეტყველების ნაწილთა ნაკრებს წარმოადგენს, შედგენილობისა და მოხმარების მხრივ ერთგვაროვანი არ არის. მათში ისტორიული, სტრუქტურული თუ ფუნქციურ-სემანტიკური თვალსაზრისით არსებითად განსხვავებული მასალაა თავმოყრილი. სისტემის ბირთვს ყველა ენაში პირველადი თანდებულები ქმნიან. ეს არის მცირერიცხოვანი ჯგუფი – სემანტიკურად და ფორმობრივად გაცვეთილი უმარტივესი „სიტყვები“ (ბგერათკომპლექსები), რომლებიც მეტწილად ენის ლექსიკის უძველეს ფენას განეკუთვნება და რომელთა კავშირი საყრდენ სიტყვებად სინქრონიულ დონეზე ხელშესახები არ არის. მათი სიმცირე ქართულში (ქართველურ ენებში) კარგად განვითარებული ბრუნვათა სისტემისა და ზმნის მიმართებითი ფორმების, კერძოდ კი – ქცევის ფორმების არსებობით არის შეპირობებული. პირველადი თანდებულებია: -ზე (< ზედა), -ში (< შინა), -თან, -ვით, -გან, -კენ, -ებრ |-მებრ), -მდე (|-მდის), გამო, გარდა, მიერ, მიმართ, შორის, შუა, წინაშე.

მეორეულ თანდებულებს განეკუთვნება სახელები და ზმნისართები, რომელთაც ფორმობრივი და სემანტიკური კავშირი საყრდენ სიტყვებთან მეტ-ნაკლებად შენარჩუნებული აქვთ. ზმნის სართული თანდებულებია (ამ დანიშნულებით უპირატესად ადგილისა და დროის ზმნისართები გამოიყენება): წინ, უკან,მარჯვნივ, მარცხნივ, ირგვლივ, გარშემო, ქვეშ, ზევით, ქვევით, გასწვრივ, გაღმა, შემდეგ, წინათ… სახელური თანდებულებია (ამ დანიშნულებით გამოყენებულ არსებით სახელს, საწყისსა და მიმღეობას მეტწილად მოქმედებითი ან ვითარებითი ბრუნვის ფორმა აქვს): შესახებ, თაობაზე, საშუალებით, მიზნით, წყალობით, მიხედვით, მიუხედავად, შედეგად, მსგავსად, ნაცვლად… პირველად თანდებულებთან ერთად იხმარება მიმართებით, შედარებით, დაკავშირებით… (მაგ. საკითხთან მიმართებით).

თანდებული ქართულში სახელს მოსდევს, სახელის მიმართ პოსტპოზიციურია (შდრ. ევროპული და ზოგი სხვ. ენის წინდებული, რომელიც წინ უძღვის სახელს, სახელის მიმართ პრეპოზიციურია). თანდებული შეიძლება იყოს სახელთან შერწყმული (ერთმარცვლიანი თანდებულები. მაგ.: მთაში, მდინარესთან) ან ცალკე მდგომი (ორ- და მეტმარცვლიანი თანდებულები, მაგ.: ძმებს შორის, მზის გარშემო. გამონაკლისია -თანავე: შებინდებისთანავე). ძირითადი თანდებულიანი ბრუნვებია: მიც., ნათ, მოქმ., და ვით., მოთხრ., და წოდ. ბრუნვები თანდებულს არ დაირთავენ; თანდებულიანი სახელობითი ბრუნვა თანამედროვე ქართულის შენაძენია. თანდებული რომელიმე განსაზღვრულ, ჩვეულებრივ, ერთ ბრუნვას ერთვის, ორ ბრუნვასთან იხმარება -ვით (სახელობითი და მიცემითი ბრუნვები) და -გან (ნათესაობითი და მოქმედებითი ბრუნვები). -ვით თანდებულიანი სახელი და მიცემითი ბრუნვის ფორმები ფუნქციურად იდენტურია, მაგრამ სტილისტიკურად სხვადასხვა ღირებულებების მქონე. (შდრ.: ვეფხვივით და ვეფხვსავით). -გან თანდებულის ფუნქციები ბრუნვათა მიხედვით გამიჯნულია (მაგ. ხის-გან გამოთალა და ხით-გან > ხი-დან ჩამოვარდა).

ბრუნვათა მიხედვით თანდებულები ასეა განაწილებული: სახელობითი -ვით (თანხმოვანფუძიან სახელებთან); მიცემითი – -ვით, -თან, -ზე,-ში, შორის, შუა; ნათესაობითი – -თვის, -გან, -კენ, -დმი (|| -დამი), -თანავე, -ებრ (|| -მებრ), მიერ, გამო, გარდა, მიმართ, წინშე, ნათესაობით ბრუნვასთან იხმარება აგრეთვე მეორეული თანდებულების აბსოლუტური უმრავლესობა; მოქმედებითი – -გან (ით-გან> იდან), -ურთ; ვით. – -მდე (| -მდის).

თანდებულის დართვისას მორფემათა შესაყარზე, ჩვეულებრივ, ფონეტიკურ ცვლილებებს განიცდის როგორც თანდებული, ისე ბრუნვის ნიშანიც. ხშირად მათ შორის ზღვარი იშლება და ამოსავალი ვითარება იჩრდილება. სამეცნიერო ლიტერატურაში თანდებულიანი ფორმის დამოუკიდებელ ბრუნვად მიჩნევის არაერთი მაგალითია ცნობილი.

თანდებულებში ორგანულად არის შერწყმული გრამატიკული და ლექსიკური მნიშვნელობა. ბრუნვათა მნიშვნელობა თანდებულთა გრამატიკული მნიშვნელობაა, ხოლო სემანტიკური ელემენტები, რომლებიც ამა თუ იმ მიმართებათა კონკრეტიზაციასთანაა დაკავშირებული, მათს ლექსიკურ მნიშვნელობად არის მიჩნეული. თანდებულები არა მარტო არეგულირებენ სინტაქსურ კავშირს სიტყვებს შორის, არამედ ამ კავშირის ხასიათსაც განსაზღვრავენ. სახელის ბრუნვის ფორმასთან ერთად თანდებული ქმნის სინტაქსურ მთლიანობას, ე. წ. თანდებულიანი ბრუნვის ფორმას (თანდებულიან კონსტრუქციას), რომელიც სემანტიკურადაც ერთიანი და დაუნაწევრებელია.

თანდებულის მნიშვნელობათა რეალიზაცია სხვა სიტყვებთან ურთიერთობისას გარკვეულ გარემოცვაში ხდება. მინიმალურ კონტექსტს საამისოდ შესიტყვება წარმოადგენს. თანდებული შესიტყვების წევრებს – სახელსა და სახელს, ზმნასა და სახელს შორის ამყარებს ობიექტურ სივრცობრივ (ლოკალურ), დროულ, კუთვნილება-დანიშნულებითს, მსგავსება-შედარებითს, მიზეზობრივ, მიზნობრივსა და სხვ. სახის მიმართებას. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ამ მიმართებათა მნიშვნელობა თანდებულის საშუალებით შეერთებულ შესიტყვების წევრთა სემანტიკაზეა დამოკიდებული. ობიექტურ მიმართებათა მნიშვნელობა ყველაზე უფრო ზოგადი და განყენებულია (გრამატიზებულია) თანდებულის მნიშვნელობათა შორის (მაგ: მომავალზე ფიქრი, საკითხისადმი ინტერესი), სხვა შემთხვევაში მისი სემანტიკა უფრო კონკრეტული და ხელშესახებია. სივრცის ცნება ფართო და მრავალმხრივია თავისი შინაარსით. თანდებულის საშუალებით იგი შეიძლება დასუსტებულ იქნეს ადგილმყოფობის (შინაგან სივრცეში, ზედაპირზე, ახლოს, წინ, გვერდით… მყოფობის), საწყისი ან სასრული პუნქტის, მიმართულების და სხვა თვალსაზრისით (მაგ; ზღვაში ბინადრობს, ღია ზღვაში გავიდა, ზღვაზე ღრუბელი ჩამოწვა, ზაფხული ზღვაზე გაატარა, ზღვასთან დასახლდა, ზღვიდან დაბრუნდა, ზღვამდე გადაჭიმული, გული ზღვისკენ მიუწევს).

ზოგი თანდებული უპირატესად ერთი ფუნქციით იხმარება (მიერ, -ურთ, შესახებ…), ზოგისთვის მრავალფუნქციურობაა დამახასიათებელი (-ზე, -ში, -თვის, -გან…). თანდებულთა მრავალფუნქციურობას კონტექსტი შეაპირობებს, კონტექსტის საშუალებითვე ხდება მრავალფუნქციურობის თანმხლებ პრობლემათა დაძლევაც (შდრ. ამ თვალსაზრისით: სოფელში ცხოვრობს, სოფელში წავიდა, ბუჩქებში დაიმალა, მთაში აცივდა, აპრილში დაიბადა, მარტოობაში სიმშვიდე პოვა, ტოლებში გამოარჩია, ობლობაში გაიზარდა…).

თანდებულთა უდიდესი ნაწილი სტილისტიკურად ნეიტრალურ ლექსიკას მიეკუთვნება. ასეთია უპირატესად პირველადი და ზმნისართული თანდებულები. ემოციურად შეფერილი თანდებულებია, მაგ. წყალობით, მეოხებით, შემწეობით (შდრ. ნეიტრალური – საშუალებით). წიგნური შეფერილობა აქვს და უპირატესად წიგნის ენაში იხმარება – შესახებ თაობაზე, დაკავშირებით, მიმართებით, შესაბამისად… სასაუბრო ელფერი აქვს -ზე თანდებულს მიზნის სემანტიკის გადმოსაცემად პურზე მიდის ტიპის შესიტყვებებში.

თანდებული ქართული გრამატიკის ერთ-ერთი საფუძვლიანად შესწავლილი საკითხთაგანია. სპეციალური გამოკვლევების გარდა, რომლებიც თანდებულებს (ზოგადად თუ ცალკეულ მათგანს კერძოდ), მათს ეტიმოლოგიას, სტრუქტურას, სინტაქსურ, სემანტიკურსა თუ სტილისტიკურ ფუნქციებს ეძღვნება, არსებობს ისეთი ნაშრომებიც, რომლებშიც სხვა, უფრო ფართო – მორფოლოგიურ და სინტაქსურ საკითხებთან ერთად თანდებულებიც არაერთგზის გამხდარა კვლევის ობიექტი. კერძოდ, თანდებულები და თანდებულიანი ფორმები შესწავლილია სახელთა ბრუნებასა და ბრუნვათა ფუნქციებთან, მეტყველების ნაწილებთან, წინადადების წევრებსა და სიტყვათშეხამებებთან დაკავშირებით. თანდებულთა მორფოლოგიური და სემანტიკური დახასიათება წარმოდგენილია ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში. აგრეთვე მორფემების ლექსიკონში. ამ უკანასკნელში თანდებულები მორფემოიდების – მორფემის დანიშნულებით გამოყენებული, წარმოშობით არამორფემული ელემენტების სახელით არის შეტანილი.

ე. კალანდაძე


ლიტერატურა

  • შანიძე ა. ქართული გრამატიკის საფუძვლები, I. მორფოლოგია, თბ. 1953;
  • მარტიროსოვი ა. თანდებული ქართულში– „იკე“. I, თბ., 1946;

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები