ინვერსიული ზმნები
ინვერსიული ზმნები – ფართო გაგებით – ზმნები, რომლებშიც ადგილი აქვს პირის ნიშანთა ინვერსიას; ვიწრო გაგებით – ზმნათა ლექსიკურ-გრამატიკული ჯგუფი, რომელშიც გაერთიანებულია გრძნობა-აღქმისა და უნებლიე პროცესების აღმნიშვნელი ზმნები. ამ ზმნათა სპეციფიკიდან გამომდინარე, გრამატ. ობიექტი (ირიბი) წარმოადგენს აღმქმელ, განმცდელ პირს, ამიტომ იგი შეფასებულია როგორც მოქმედი.
დღეისათვის ქართველოლოგიაში ინვერსიულად მიიჩნევა:
ა) III სერიის ფორმები გარდამავალი ზმნისა (გა-მ-იკეთებია მე ის);
ბ) გრძნობა-აღქმის ზმნები (მ-იყვარს ტიპისა; აგრეთვე, მაქვს, მყავს);
გ) კაუსატიური ზმნები, რომლებიც ინვერსიის საფუძველზე სურვილის გამოხატვის უნარს იძენენ (კაუზატივი: მამღერა მან მე სიმღერა – სურვილის სემანტიკა: ნეტავი მ-ამღერა მე სიმღერა);
დ) გუნების, მიჩნევის, უნებლიე მოქმედების გამომხატველი ენებითის ფორმები (მ-ემღერე-ბა, მეცოტავება, შემო-მ-ეხარჯება);
ე) სუბიექტგაუჩინარებული ზმნები მოქმედებითი გვარისა (მ-აცახცა-ხებს შიშისაგან);
აგრეთვე მედიოაქტიურ ზმნათა III სერიის ფორმები. უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთი ზემოაღნიშნული ტიპის ზმნათა ინვერსიულობას არ იზიარებენ თვით ინვერსიის მომხრენიც კი.
ინვერსიულ ზმნათა თავისებურებებზე ყურადღება გაამახვილა დ. ჩუბინაშვილმა, ხოლო მათი გამოყოფის დასაბუთება და უღვლილების სისტემაში განსაკუთრებული ადგილის მიჩენა ნ. მარის სახელს უკავშირდება. აღნიშნული ზმნები იწვევს ქართული ენის უცხოელ მკვლევართა განსაკუთრებულ ინტერესსაც. გამოთქმულია მოსაზრება, რომ გრძნობა-აღქმის პროცესების გადმოსაცემად ქართულს უფრო ადეკვატური კონსტრუქცია მოეპოვება, ვიდრე ბევრ ინდოევროპულ ენას (ფ. ფინკი, ა. დირი).
ნ. ლოლაძე
ლიტერატურა
- შანიძე ა. ქართული (ენის) გრამატიკის საფუძვლები, I. მორფოლოგია, თბ., 1953 (1973);
- მისივე. თხზ. ტ. 2, თბ., 1981;
- ჩიქობავა არნ. ქართული ენის ზოგადი დახასიათება. – ქეგლ, ტ. I, თბ., 1950.