მარცვალი (გრამატიკა)
მარცვალი – რწყმული მეტყველების უმცირესი ბუნებრივი ერთეული. მარცვლის შესწავლისას უნდა დადგინდეს:
1. რა ფონეტიკური ფაქტორი ქმნის მარცვალს;
2. როგორია მარცვლის შედგენილობა და
3. სად არის მარცვლის საზღვარი (მარცვალთგასაყარი).
ფონეტიკაში მარცვლის საყოველთაოდ მიღებული განმარტება არ არსებობს: ცნობილია მარცვლის სხვადასხვა თეორიები, რომლებიც ემყარებიან არტიკულაციურ ან აკუსტიკურ მახასიათებლებს. აკუსტიკური დახასიათების მიხედვით (სონორობის თეორია), მარცვალი არის სონორობის ზრდისა და შესუსტების ტალღა: სიტყვაში იმდენი მარცვალია, რამდენი სონორობის მწვერვალიცაა მასში. მარცვლის საყრდენია ნაკლებ სონორთა შუა მოქცეული მათზე მეტი სონორობის მქონე ბგერა (ო. იესპერსენი). არტიკულაციური დახასიათებით, მარცვალი არის მინიმალური საწარმოთქმო ერთეული, რომელიც ჰაერის ერთი ჯახებით წარმოითქმის ან კუნთების დაძაბულობის ერთი იმპულსით იქმნება (რ. სიტეტსონი). არის ცდა მარცვლის ფონემატური აღწერისა, რომლის თანახმად „მარცვალი არის ფონემურ თანამიმდევრობათა განმეორებადი უმცირესი ერთეული“ (ე. ჰაუგენი), მარცვალის ორიგინალური ინტერპრეტაცია აქვს მოცემული პ. ლადეფოგედს: „მარცვალი შეიძლება განვიხილოთ, როგორც აბსტრაქტული ოდენობა, რომელიც არსებობს მეტყველის მენტალურ აქტივობაში. მარცვალი არის აუცილებელი ერთეული გამონათქვამის ორგანიზაციის პროცესში“, ბგერებისა და მათი ცვალებადობის შესწავლისას ავტორისათვის ამოსავალი არის მარცვალი პერცეფციის თვალსაზრისითაც მარცვალი უმცირესი ბუნებრივი ერთეულია (ს. ჯაფარიძე).
მარცვლის შესწავლის სიძნელე ის არის, რომ მისი გამოყოფა უნდა მოხდეს მხოლოდ ფონეტიკური მახასიათებლების საფუძველზე. მაგრამ როგორც ექსპერიმენტულმა კვლევამ აჩვენა, ეს მახასიათებლები არ არის მუდმივი, ისინი ცვალებადია მეტყველებაში. ამის გამო ზოგი ფონეტიკოსი საერთოდ ეჭვის ქვეშ აყენებდა მარცვლის, როგორც დამოუკიდებელი ფონეტიკური ერთეულის, არსებობას. მრავალი ფაქტორი კი საპირისპიროს ადასტურებს:
1. მეტყველებას ყველა მთქმელი (მათ შორის ბავშვებიც და ნაკლებ წიგნიერებიც) უფრო ადვილად ანაწევრებს მარცვლებად, ვიდრე ბგერებად. უცხო ენაზე წარმოთქმულ ბგერათა თანამიმდევრობაში მსმენელი ვერ გამოყოფს სიტყვებსა და ფონემებს, მაგრამ არ არის ძნელი მისი მარცვლებად დანაწევრება;
2. დიდი მნიშვნელობა აქვს მარცვალს პოეზიაში – ლექსის რიტმი ემყარება მარცვალთა რაოდენობას;
3. ექსპერიმენტულად დადასტურებულია, რომ ზესეგმენტური ერთეულები (მახვილი, ინტონაცია, გრძლივობა და ა. შ.) ახასიათებს არა რომელიმე ცალკეულ ბგერას, არამედ მარცვალს;
4. მარცვლის მნიშვნელობას ადასტურებს დამწერლობის განვითარების ისტორიაც – არსებობს დამწერლობის სისტემები (ე.წ. სილაბური დამწერლობები), სადაც სიმბოლოები აღნიშნავენ არა სიტყვას ან ბგერას, არამედ მარცვალს.
მარცვლის შედგენაში უპირატესობა აქვს ხმოვანს, ის მარცვალს ქმნის თანხმოვანთა გარემოცვაში; ხმოვანი მარცვლის მწვერვალია, ხოლო თანხმოვნები – მისი პერიფერიული ელემენტები. ხმოვანს შეუძლია მარტომ შექმნას მარცვალი (ი-გი). სიტყვაში იმდენი მარცვალია, რამდენი ხმოვანიცაა მასში. სონორობის თეორიის მიხედვით, ზოგიერთ ენაში მარცვალს ქმნიან სონანტებიც (რ, ლ, მ, ნ). თანამედროვე ქართულში სონორი თანხმოვნები მარცვალს ვერ ქმნიან და ხშირად სასაუბრო სწრაფ მეტყველებაში სრულ რედუქციას განიცდიან, მაგ.: სახლს > სახს. ამასთანავე, ქართულ სილაბურ ლექსში მარცვალთა რაოდენობა მხოლოდ ხმოვანთა რაოდენობის ტოლია.
მარცვალ ორგვარია: ღია და დახურული. ღია ეწოდება მარცვლოვანი ბგერით დამთავრებულ მარცვალს (დე-და, მა-მა, ძმა); დახურული – უმარცვლო ბგერით დამთავრებულს (სისხ-ლი, და-ხურ-ვა). მარცვალთან დაკავშირებით არსებობს აგრეთვე ფონემათა განლაგების, ანუ არანჟირების საკითხი. მეცნიერთა ერთ ჯგუფს მიაჩნია, რომ ენაში ფონემათა თანამიმდევრობის წესები უნდა დადგინდეს მარცვლის, და არა სიტყვის ან მორფემის ფარგლებში; მეტიც, თვით მორფემები და სიტყვები შეიძლება აღიწეროს მარცვლის ტერმინებში (ფ. დე სოსიური, პ. ლადეფოგედი, თ. უთურგაიძე).
ქართულისათვის დადგენილია მარცვლის ფარგლებში ბგერათა განაწილების შემდეგი წესები (გათვალისწინებულია სალიტერატურო ენა და დიალექტების ვითარება):
1. ერთ მარცვალში ორი ხმოვანი არ გვხვდება;
2. ორ ხმოვანს შორის მოქცეული თანხმოვანი ეკუთვნის მომდევნო მარცვალს;
3. ორხმოვანს შორის მოქცეული ორი თანხმოვანი დამარცვლისას იშლება: პირველი თანხმოვანი ეკუთვნის პირველ ხმოვანს, ხოლო მეორე – მეორე ხმოვანს;
4. თუ ინტერვოკალურ პოზიციაში ირღვევა მზარდი ნაპრალოვნობა, მარცვალთგასაყარი დაიდება იქ, სადაც მზარდი ნაპრალოვნობა ირღვევა (აფრ-თხი-ლებს, იბრ-ძვის, ან-თხევს);
5. დანარჩენ შემთხვევებში ინტერვოკალური თანხმოვნებიდან პირველი მისდევს პირველ ხმოვანს, დანარჩენი თანხმოვნები მომდევნო ხმოვნის ექსპლოზიას წარმოადგენენ (თ. უთურგაიძე).
ი. თევდორაძე
ლიტერატურა
- ახვლედიანი გ. ზოგადი ფონეტიკის საფუძვლები, თბ., 1949;
- გამყრელიძე თ. მაჭავარიანი გ. სონანტთა სისტემა და აბლაუტი ქართველურ ენებში, თბ., 1965;
- ჯაფარიძე ზ. პერცეფციული ფონეტიკა, თბ., I975;
- უთურგაიძე თ. ქართული ენის ფონემატური სტრუქტურა, თბ. 1976;
- ნებიერიძე გ. ენათმეცნიერების შესავალი, თბ., 1991;
- ფოცხიშვილი ა. 1. მარცვალთღიაობისა ახალ ქართულში;
- 2. მარცვალთღიაობის ა-ს პრობლემა ძველსა და ახალ ქართულში. – იხ. მისი: ქართული ენა, თბ., 2000;