გურული დიალექტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გურულიქართული ენის დიალექტი, დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი კუთხის – გურიის მოსახლეობის მეტყველება.

გურული იყოფა ორ კილოკავად: ზემოგურულად (ჩოხატაურისა და ოზურგეთის რაიონის მთიანი ნაწილის მოსახლეობის მეტყველება) და ქვემო-გურულად (ლანჩხუთისა და ოზურგეთის რაიონების მოსახლეობის მეტყველება). კილოკავებში შემავალი თქმები, თავის მხრივ, იყოფა განსხვავებულ ქცევებად. მაგ; ჩოხატაურის თქმაში განირჩევა ზემო სურების, შუა სურებისა და დიდვანის ქცევები.

გურულის ფორმირებაცა და მისი ენობრივი თავისებურებებიც ისტორიულ-გეოგრაფიულმა ფაქტორებმა განაპირობა. სპეციალისტები (ნ. მარი, ი. ჯავახიშვილი, ი. ყიფშიძე, არნ. ჩიქობავა და სხვ.) ვარაუდობენ, რომ ჩვ. წ. პირველ საუკუნეებში ქართულად მოლაპარაკე ერთ-ერთი ტომი სამხრეთ-აღმოსავლეთიდან შავი ზღვის სანაპიროსაკენ დაძრულა და ზანებით დასახლებულ ტერიტორიაზე დამკვიდრებულა. სწორედ ზანურ სამყაროსთან ხანგრძლივი და მჭიდრო კონტაქტის შედეგია ზანიზმების სიუხვე გურულში. ხმოვანთა რედუქციის სისუსტე სახელების ბრუნებისას როგორც თანხმოვანფუძიან (წყალის, მსხალით…), ისე ხმოვანფუძიან (ყპაის, რძეით…) სახელებში; ობიექტის მრავლობითის გამოხატვა III სუბიექტური პირის -ენ სუფიქსით (შეგჩებიენ, გაქვენ, მოყავენ…), მოთხრობითბრუნვიანი ქვემდებარე გარდაუვალ ზმნებთან (კაცმა მოკტა, კაცმა დიეცა…) და სხვ. ფონეტიკური და გრამატიკული მოვლენები, განსაკუთრებით შესამჩნევია ზანიზმები ლექსიკაში (აკალიფება, დამაგინება, ორჩხუში, ოჭვათო, ჯარგვალი, ჯუმადია -), ტოპონიმიაში (ოჩხამური, ჭვათირი, ჯუმათი…). გურულ ტოპონიმიასა და ანთროპონომიაში წარმოჩნდება იმ რიგის ფორმებიც, რომლებსაც ანალოგიები ეძებნება აფხაზურ-ადიღურ ენებთან: სუფსა, აჭყვა, მალთაყვა, ინგოროყვა, ჭანუყვაძე, თალაკვაძე, ბოლქვაძე – (ს. ჯანაშია, გ. როგავა).

ამავე დროს, იმის გამო, რომ გურული დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა ზანურ გარემოცვაში, მას შემოუნახავს არაერთი არქაული სიტყვა და ენობრივი მოვლენა: მოქმედებითი გვარის ზმნათა ერთი ნაწილი უძველესი მარტივი ფუძით იხმარება (ჩეხს, ხვეტს): –ავ/-ამ თემისნიშნიანი ზმნების ვნებითი გვარიც ხშირად არქაული წესითაა ნაწარმოები (იმალვის, იკარქვის): გურულის ზოგ თქმაში III სუბიექტური პირის მრავლობითობა გარდაუვალ ზმნებთან -ეს სუფიქსითაც გამოიხატება (მიეგებეს, ადგეს იგენმა); გვხვდება ადამიანის საკუთარ სახელთა გაუფორმებელი წარმოება სახელობით და მოთხრობით ბრუნვაში (სამსონ მობძანდა, დავით გამეიარა) და სხვ. მრავალი არქაული სიტყვა შემორჩენილია ლექსიკაში (ზარმელი, კოში, მერე, ჟვავი, უსხი…). შემონახული არქაული ფორმები გურულს ძვ. ქართულ სალიტერატურო ენასთან აახლოებს, განსაკუთრებით კი – იმ ლიტერატურული სკოლების ენასთან, რომლებიც ქართული ენის სამხრეთ-დასავლურ კილოებთან, ე. ი. ისტორიულ ქვემო ქართლის მეტყველებასთან (შავშურ-კლარჯულთან) იყო დაკავშირებული (ქართული დიალექტოლოგია, 1, 1961).

გურულის მრავალფეროვნების ერთ-ეროი მიზეზია აგრეთვე მისი მეზობლობა, ერთი მხრივ, იმერულთან და, მეორე მხრიე, აჭარულთან, რაც თავისებურ გავლენას ახდენს ამ კუთხეთა მოსაზღვრე სოფლების მეტყველებაზე. აჭარულთან გურულს აერთიანებს მთელი რიგი ენობრივი მოვლენები: შაეგრიმანი. ლაპარიკი (ხმოვანთა შენაცვლება); ზაბუთი, ამ შიშორე (ასიმილაცია); კალონი, ანბავი (დისიმილაცია); დააქფია, ძვილაჲ (მეტათეზისი); კობზი, იბარცხნის (სუბსტიტუცია); გვერჩი, ბეძე=ბედზე (აფრიკატიზაცია): საცოდვავი, ურცხო, გემბრიელი (ბგერათაგანვითარება); ფთა, ჩთილი, (ბგერათდაკარგვა); ხიბაკიანა, მაშინდულა (ვითარებით ბრუნვაში მხოლოდ - გვხვდება); ბახჩასან, ქვასან (-თან თანდებულის ნაცვლად -ან); მიასტრა, იცნა (მესამე სუბიექტური პირის ნიშნად წყვეტილში -ა); ღვიძავდა, ძინავდა (უწყვეტელში აწმყოს ფუძეა გამოყენებული); შვიდი ძმანები, ფირალები გაქცეულა (რიცხვში შეუთანხმებლობა): საერთოა ლექსიკის დიდი მარაგი (დელი, ეტოშება, კატარი, კვენდღი, და სხვ.). საკმაოდ ბევრი ერთნაირი ფონეტიკური და გრამატიკული მოვლენა დასტურდება გურიისა და იმერეთის ურთიერთმოსაზღვრე სოფლების მეტყველებაშიც: ქ არ < ქე არ, ქი არ; ა) յ ვერ < კი ვერ (ხმოვანთა ელიზია); յჭირს, յყავს (ასიმილაციური დაყრუება); მინუჩი, გვერძე, ღმერც (აფრიკატიზაცია); ვორი, საშინავო (ბგერის ჩართვა); კივა, ჩხივა (-ი მავრცობიან ზმნებთან მესამე პირის -ა სუფიქსის ხმარება); ყრილარიენ, ზილარიენ (მდგომარეობის გამომხატველ ზმნებთან აწმყოში მესამე სუბიექტური პირის სიმრავლის გამოხატვა მეშველი ზმნით); იმგენმა იმღერენ (მოთხრობითში დასმული სახელის მრავლობითობის გამოხატვა -ენ სუფიქსით, ძირითადად ქვემოიმერულში); გაქვენ, გეყურებოდენ (მიცემითში დასმული სახელის მრავლობითობის გამოხატვა -ენ ფორმანტით); ისობს | ისოფს, ღრიალოფს, ამტროვს (თემის ნიშანთა შენაცელება); დგანა, ჟდანა ფუძე გართულებულია -ან სუფიქსით, უპირატესად ქვემოიმერულში): აჭუმს, ართუმს (-ევ სუფიქსიან კაუზატივებში ფუძის გახმოვანების ცვლა); ორი ბიჭები (რიცხვით სახელთან საზღვრული მრავლობითშია წარმოდგენილი); ბიჭებმა იჩხუბა, მაგენი ამბობდა (ქვემდებარე-შემასმენელს შორის რიცხვში შეუთანხმებლობა) და სხვ. საერთოა მრავალი ლექსიკური ერთეული (გაგანია, თანაქა, ლორთქო, ტარაბუა, ყანთარი და ა. შ.

თვალსაჩინოა გურულის სიახლოვე იმერხეულ კილოსთანაც. ამიტომ იმ დიალექტურ არეალში, რომელსაც გურული და აჭარული ქმნიან, შეიძლება შევიდეს იმერხეულიც (კლარჯული). იმერხეულისა და გურულის ურთიერთმსგავსება დასტურდება როგორც ფონეტიკურ-გრამატიკული მოვლენებით, ისე ლექსიკითაც. შდრ. იმერხეულ-გურული: მეითავა, დეიჭირა (ნაწილობრივი ასიმილაცია); გუუხსნა, დუუბა (სრული ასიმილაცია); შიეძლო, შიეხვეწა (დისიმილაცია); მუა, გოგუები (ოა > უა, ოე > უე რეგრესული დისიმილაციის საფუძველზე); ვინცხა, რაცხა (თანხმოვანთა ასიმილაცია): სუნთელი (თანხმოვანთა დისიმილაცია); ეცოდვება (კონტამინაცია); ოდასან, ხესან (-თან თანდებულისეული -თ იკარგება); იცნა (მესამე სუბიექტური პირის ნიშნად მხოლობით რიცხვში წყვეტილში გამოიყენება -ა); მუაგონდენ = მოაგონდათ (რეალური სუბიექტის მრავლობითობის აღნიშვნა -ენ ფორმანტით ინვერსიულ ზმნებში); დაწევა კაცმა (გარდაუვალ ზმნებთან II სერიაში სუბიექტი მოთხრობით ბრუნვაშია); ლექსიკა: ალიკაპი, არტაშანი, ბელყაიში, გვარდა, ზორი, ქარაფსი და ა. შ.

გურულში გამოიყოფა ძვ. მესხურის ფენა: ე ხმოვნის იოტიზებული შემართვა (ჲერთი); ორმაგი წარმოება მრავლობითობისა (ძმანები); რეგრესული ასიმილაცია როგორც ხმოვნებში (მუუტანა), ასევე თანხმოვნებში (აშჯერ=ასჯერ); ქვემდებარისა და შემასმენლის შეუთანხმებლობა რიცხეში (თქვენ ბძანდები, თქვენ უთხარი); -ათ-ით ნაწარმოები ტოპონიმები (ჩოჩხათი, მამათი) და სხვ. ბევრი საერთოა ლექსიკაში: განაწერა, ზენგილი, თავმოდგმული, ნაშალი, ოტური, უგლაგარი, ფხეჯი, ჭიბოშანი, ჭლიკი და სხვ.

გურულში არაერთი სიტყვაა შესული თურქულიდან (ბალდუმი, ეგირი, რახათი, სერესკელი, სილადი, უზაბდარა, ოდა და ა. შ.). მათგან ზოგი უცვლელად დამკვიდრდა, ზოგი ფონეტიკურადაა სახეცვლილი.

კილოკაური სხვაობა შეიძლება იყოს ფონეტიკური ან მორფოლოგიური ხასიათისა (შდრ. ქვემოგურული: გიეძრო, ბაღანაი, ბაღანაის – ზემოგურული: გეეძრო… ბაღანე, ბაღანეს); შეიძლება განსხვავდებოდეს ინტონაცია, ტონი, რიტმი, მახვილი. ინტონაცია განსხვავებულია არა მარტო კილოკავთა, არამედ თქმებს შორისაც [მაგ. ზემოსურებელთა მეტყველებასთან შედარებით შუასურებელთა მეტყველება განსაკუთრებული ხანგრძლივობით ხასიათდება (ს. ჟღენტი)], მაგრამ კილოკაური სხვაობა ძირითადად მაინც ლექსიკას ემჩნევა. ერთ კილოკავში დადასტურებული ფორმა ან საერთოდ არ იხმარება მეორე კილოკავში, ან იხმარება ნაკლები სიხშირით. ზოგჯერ ერთი და იგივე სიტყვა განსხვავებული მნიშვნელობისაა (მაგ., ოფიჩო – ქვემოგურულში წისქვილის ჩიბო, ზემოგურულში ბლის ხის ქერქისაგან გაკეთებული ამოსაფარებელი ქვევრის სახურავისათვის).

განსაკუთრებით საინტერესოა საკუთრივ გურულში ნაწარმოები ფორმები: ამორანქვა – „წყლის ამოსხმა, ამოქაჩვა“; გადამაგინება – „ფესვის გადაწვენა“, ელანძე – „სწრაფად“ (ერთ ლანდზე) და მისთ.

გურულის დიალექტური ფორმებიდან ზოგი ქართული ენის სხვა კილოებშიც დასტურდება, მაგრამ ერთი მთლიანი სისტემა, რომელსაც ეს ფორმები ქმნიან, მხოლოდ გურულისთვისაა დამახასიათებელი.

ე. ნიკოლაიშვილი


ლიტერატურაა

  • ჟღენტი ს. გურული კილო. გამოკვლევა, ტექსტები, ლექსიკონი, თბ., 1936;
  • მისივე, ზანიზმები გურულ ზმნებში. – „ენიმკის მოამბე“, 1940, ტ. 5–56;
  • გიგინეიშვილი ი. თოფურია ე. ქავთარაძე ი. „ქართული დიალექტოლოგია, I, თბ., 1961;
  • სარჯველაძე ზ. ზანიზმები გურულში. – «გორის ნ. ბარათაშვილის სახ. სახელმწ. პედ. ინ-ტის შრომები», 1965, ტ. 10;
  • ჯორბენაძე ბ. „ქართული დიალექტოლოგია, I. თბ., 1989.


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები