ფონეტიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფონეტიკა – (< ბერძნ. phōnētikós – ბგერითი), ენათმეცნიერების დარგი, რომელიც შეისწავლის ენის ბგერით მხარეს – სამეტყველო ერთეულების საწარმოთქმო მოქმედებებს, მათ შედეგად წარმოქმნილი ბგერადობის აკუსტიკურ მახასიათებლებს, ფონეტიკური (სეგმენტური, ზესეგმენტური) ერთეულების აღქმას და მათ შორის ურთიერთმიმართებებს.

კვლევის მიზნის შესაბამისად, ფონეტიკა ვითარდებოდა სხვადასხვა ასპექტით. ზოგადი ფონეტიკა განსხვავებულ ენათა მასალაზე დაყრდნობით იკვლევს ადამიანის სამეტყველო მოქმედების შესაძლებლობებს საერთოდ და აანალიზებს ბგერით ერთეულთა ფიზიოლოგიურ და აკუსტიკურ თავისებურებებს, აღქმის ზოგად კანონზომიერებებს, ბგერათშეხამების წესებს და ა. შ.
კერძო ფონეტიკის საგანია კონკრეტული ენის ბგერითი მხარის შესწავლა აღნიშნული პრობლემატიკის თვალსაზრისით.
აღწერითი ფონეტიკა იკვლევს ცალკეულ ენათა ბგერით მოვლენებს სინქრონიულ ჭრილში, დროის გარკვეულ მონაკვეთზე.
ისტორიული ფონეტიკა შეისწავლის ბგერითი მხარის ცვალებადობას დროში, ცვლილებათა მიზეზებსა და მათ მიმართულებას.

სამეტყველო ბგერებსა და საწარმოთქმო ორგანოებზე დაკვირვებებს დიდი ხნის ისტორია აქვს. განსაკუთრებით მაღალ დონეს მიაღწია ფონეტიკურმა კვლევამ ძველ ინდოეთში, სადაც სპეციალური ფონეტიკური ტრაქტატები იქმნებოდა ჯერ კიდევ ძვ. წ. IX საუკუნიდან. ფონეტიკის საკითხები საკმაოდ დაწერილებით განიხილებოდა ანტიკურ მეცნიერებაშიც. ფონეტიკა, როგორც ენათმეცნიერების დამოუკიდებელი დარგი, ყალიბდება XIX ს-ის II ნახევრიდან. ისტორიული ენათმეცნიერების განვითარებასთან დაკავშირებით. ზუსტი ბგერათშესატყვისობების დადგენა. ბგერათცვლილებების მიზეზებისა და ხასიათის გარკვევა და ა. შ. მოითხოვდა ბგერათწარმოების ურთულეს მექანიზმში ჩაწვდომას, ბგერათა ფიზიკური (ფართო გაგებით) ბუნების ცოდნას, რისთვისაც ენათმეცნიერებამ ძირითადად გამოიყენა მის გარეთ, საბუნებისმეტყველო დარგებში (ფიზიკასა და ფიზიოლოგიაში) მიღწეული შედეგები. ამან განაპირობა კლასიკური ფონეტიკის საბუნებისმეტყველო ორიენტაცია. ფაქტობრივად, ფონეტიკა ჩამოყალიბდა როგორც არტიკულაციური ფონეტიკა და აკუსტიკური ფონეტიკა, თუმცა. თუ მკაცრად ვიმსჯელებთ, ფონეტიკური კვლევა არასოდეს ყოფილა წმინდა საბუნებისმეტყველო კვლევა. რამდენადაც იგი ყოველთვის სწავლობდა სწორედ სამეტყველო ბგერებს, ე. ი. კონკრეტული ენობრივი აღქმისათვის მისაწვდომ და, ამდენად, მოცემული ენობრივი სისტემისათვის დამახასიათებელ ბგერებს. მაგრამ სწავლობდა მათ, არსებითად, ფიზიოლოგიურ-აკუსტიკურ თავისებურებათა თვალსაზრისით, რაც ლინგვისტიკისათვის საკმარისი არ აღმოჩნდა: ფონეტიკამ ვერ შექმნა ის თეორიული ბაზა, რომელსაც შეიძლებოდა დაეფუძნებოდა ისტორიული ენათმეცნიერების აშკარად არასაბუნებისმეტყველო პრაქტიკა. სწორედ ამ გარემოებამ განსაზღვრა მოგვიანებით ფონეტიკის გვერდით ბგერითი მხარის შემსწავლელი წმინდა ლინგვისტური დარგის – ფონოლოგიის შექმნის აუცილებლობა. ფაქტობრივად, ენათმეცნიერების კვლევაში ფონოლოგიას უნდა დაეკავებინა ადგილი არა ფონეტიკის გვერდით, არამედ მის ნაცვლად, როგორც ფონეტიკის განვითარების უფრო მაღალ საფეხურს. მაგრამ ფონეტიკური კვლევის ტრადიციები იმდენად ძლიერი იყო, რომ იმ დროს უფრო ადვილი აღმოჩნდა ახალი დარგის დაფუძნება, ვიდრე ძველის გარდაქმნა ახალი მეთოდოლოგიური მოთხოვნების საფუძველზე. ფონოლოგია მოითხოვს ბგერების შესწავლას მათი ფუნქციონირების თვალსაზრისით. ამიტომ ზოგ ფონოლოგიურ მიმდინარეობაში (მაგ., პრაღის სკოლის ფონოლოგიაში) კვლევის სფეროში შემოდიოდა ძირითადად ბგერის განმასხვავებელი (რელევანტური) ნიშნები, ხოლო ბგერის სხვა, არაგანმასხვავებელი ნიშნები ხასიათდებოდა როგორც „ჭარ-ბი“ (არარელევანტური) და ფონეტიკის კომპეტენციაში რჩებოდა. შესაბამისად. ფონოლოგია დაუპირისპირდა ფონეტიკას, როგორც ლინგვისტური მეცნიერება არალინგვისტურს, საბუნებისმეტყველოს. ასეთი დაპირისპირება როგორც თეორიული ისე პრაქტიკული თვალსაზრისით გაუმართლებელი ჩანს. რამდენადაც ფონეტიკა სწავლობს სამეტყველო ბგერებს, როგორც ენობრივი ფუნქციონირების რეალურ ელემენტებს, იგი არ გაიაზრება ფუნქციური თვალსაზრისის გარეშე. თავის მხრივ, ფონოლოგია არ შეიძლება აიგოს ბგერათა ფონეტიკური თავისებურებების გათვალისწინების გარეშე. უფრო მეტიც, რომელიმე ნიშანი შეიძლება იყოს არარელევანტური მოცემული ფონოლოგიური აღწერისას, მაგრამ არა საერთოდ ენობრივი ფუნქციონირების თვალსაზრისით. ასე მაგ. ფონოლოგიურად არარელევანტური, „ჭარბი“ ნიშანი შეიძლება იყოს რელევანტური ფონემატური აღქმისათვის. არარელევანტურ ბგერით ნიშანთა შესწავლას დიდი მნიშვნელობა ენიჭება დიაქრონიულ კვლევაში, რადგანაც ბგერათა (და მათი გზით – ფონემურ სისტემათა) ცვლილებები ხშირად შეიძლება წარიმართოს სწორედ არარელევანტური ნიშნების გზით. ფონეტიკური და ფონოლოგიური კვლევა ერთიანია ბგერითი სისტემის ანალიზის ყველა დონეზე. და შესაბამისად, უფრო მიზანშეწონილია ფონეტიკა და ფონოლოგია განიხილებოდეს როგორც ერთი საენათმეცნიერო დარგის ორი ასპექტი და არა განსხვავებული ორიენტაციის მქონე ორი დამოუკიდებელი დისციპლინა.

ი. ქობალავა


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები