გიორგი მცირე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სამოციქულო, გადაწერილი გიორგი მცირის მიერ 1083წ.

გიორგი მცირე – (გიორგი ხუცესმონაზონი), გ. 1083 წლის შემდეგ), XI საუკუნისის ქართველი სასულიერო მოღვაწე, მწერალი, მწიგნობარი. მოღვაწეობდა საქართველოში, ათონის მთაზე, კონსტანტინოპოლში (ბიზანტია), შავ მთაზე (სირია), იერუსალიმში (პალესტინა).

გიორგი მცირე სიყრმიდანვე გიორგი მთაწმიდელის (ათონელი) მოწაფე და სულიერი შვილი იყო. იგი განუშორებლად თან ახლდა თავის მოძღვარს ყველგან, სადაც კი მოუხდა ყოფნა გიორგი მთაწმიდელს, იქნებოდა ეს შავი მთა თუ კონსტანტინოპოლი, საქართველო თუ იერუსალიმი.

გიორგი მთაწმიდელის გარდაცვალების შემდგომ (1065), გიორგი შეყენებულმა (დაყუდებული), შავი მთის ქართველმა მოღვაწემ და გიორგი მთაწმიდელის სულიერმა მოძღვარმა, ორჯერ სთხოვა გიორგი მცირეს, რომ დაეწერა გიორგი მთაწმიდელის ცხოვრება. ამასვე აიძულებდა მას იოანე ჭყონდიდელი, რომელიც ბაგრატ მეფის დავალებით იყო ჩასული კონსტანტინოპოლში. გიორგი დაყუდებულს სურდა, რომ თხზულებაში აღწერილი ყოფილიყო გიორგი მთაწმიდელის ცხოვრების მეორე ნახევარი – შავი მთიდან ათონზე გამგზავრებიდან მის სიკვდილამდე. განსხვავებული შეხედულება ჰქონდათ ათონელ მამებს, რომელთაც სურდათ ეხილათ გიორგის „ცხოვრება“ დაბადებიდან სიკვდილამდე. გიორგი მცირემ, სწორედ ამ სურვილს გაუწია ანგარიში.

სამოციქულო, გადაწერილი გიორგი მცირის მიერ 1083წ.

„გიორგი ათონელის ცხოვრების“ ტექსტს წინ უძღვის წერილი (ეპისტოლე), რომლის ადრესატიცაა გიორგი დაყუდებული. ამ წერილიდან ირკვევა, რომ გიორგი დაყუდებულს ორჯერ მიუწერია წერილი გიორგი მცირეთვის დაჟინებული თხოვნით, რომ ამ უკანასკნელს აღეწერა გიორგი მთაწმიდელის ცხოვრება. თავის მხრივ, გიორგი მცირე გიორგი დაყუდებულისადმი მიწერილ წერილში ადრესატისაგან ითხოვდა უკვე დასრულებული თხზულების წაკითხვას და სრულყოფას: „რომელი იპოოს ნაკლულევანებაჲ მიზეზითა ჩუენ მიერ აღწერილობისაჲთა, განემართოს თქუენ მიერ მადლითა სულისა წმიდისაჲთა, რომელი მკჳდრ არს თქუენთანა...“ მთელი თხზულება გამსჭვალულია გიორგი მთაწმიდელისადმი უდიდესი სიყვარულისა და პატივისცემის გრძნობით, დაწერილია ნატიფი სტილით.

ავტორის მიერ შემუშავებული გეგმის თანახმად თხზულება ორ უმთავრეს ნაწილად არის დაყოფილი. თავისი მოძღვრის შესახებ გამოთქმული ყოველი აზრის დასამტკიცებლად გიორგი მცირეს ყოველთვის მოჰყავს მაგალითები მოძღვრის ცხოვრება-მოღვაწეობიდან. ავტორი, როგორც წესი, ასახელებს თავისი ცნობების წყაროს თვით გიორგი მთაწმიდელის მიერ მოყოლილი ამბები და სანდო პირებისგან მოწოდებული ცნობები. ამგვარად, გიორგი მცირე იმავე მეთოდებს იყენებს, რასაც თავად მისი მოძღვარი გიორგი მთაწმიდელი მიმართავდა „იოანე და ეფთვიმეს ცხოვრების“ წერისას. სწორედ ამიტომ, გიორგი მცირის თხზულება სავსებით სანდო საისტერესო წყაროდ არის მიჩნეული.

„ცხოვრების“ ტექსტიდან ჩანს, რომ ავტორმა თხზულების წერა დაიწყო გიორგი მთაწმიდელის გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე, ანუ 1066 წ. I ნახევრიდან 1068 წლამდე, რომელსაც გარდაიცვალა გიორგი შეყენებული.

გიორგი მცირე ცნობილია აგრეთვე როგორც მწიგნობარი, რომელიც ზრუნავდა ქართული ხელნაწერების გამრავლებაზე. ჩვენამდე მოაღწია მის მიერ გადაწერილმა ერთმა შესანიშნავმა ხელნაწერმა, რომელიც გიორგი მთაწმიდელის მიერ თარგმნილი „სამოციქულოს“ ტექსტს შეიცავს (A 584) და გადაწერილია 1083 წ. ამ თარიღის შემდეგ ჩვენთვის გიორგი მცირის შესახებ არაფერია ცნობილი.

თ. ცერაძე


წყაროები და ლიტერატურა

  • საქართველოს სამოთხე, გ. საბინინის გამოც., პეტერბ., 1882;
  • აფციაური ჯ., გიორგი მცირის „გიორგი მთაწმინდელის ცხოვრება“, თბ., 1980;
  • კეკელიძე კ., ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, 1, თბ., 1980;
  • ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, ი. აბულაძის რედ., წგ. 2, თბ., 1967;
  • ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, ე. გაბიძაშვილის გამოც., წგ. 4, თბ., 1968;
  • ჯანაშვილი მ., ათონის ივერიის მონასტრის 1074 წ. ხელთნაწერი აღაპებით, ტფ., 1901;
  • ძველი ქართული ლიტერატურის ქრესტომათია, შედგ. ს. ყუბანეიშვილის მიერ, წ.1, თბ., 1946;
  • ჯავახიშვილი ივ., ისტორიის მიზანი, წყაროები და მეთოდები წინათ და ახლა, წგ.: 1, ძველი ქართული საისტორიო მწერლობა (V-XVIII სს.), თბ., 1977 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 8);
  • Сабинин М., Житие славных преподобных отцов наших Иоанна и Евфимия, Полное жизнеописание святых грузинской церкви, 2, СПб, 1872;
  • Peeters P., Histoires monas- tiques Géorgiennes, Analecta Bollan- diana, 1917-1919, v. 36-37.

წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები