გიორგი შეყენებული

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გიორგი შეყენებული (ღმერთშემოსილი, დაყუდებული) – (გ. დაახლ. 1068), (წმ. ხსენ. დღე 03/16.07)], XI ს. ასკეტი, ანტიოქიის მახლობლად მდებარე შავი, ანუ საკვირველი მთის ქართველი მოღვაწე, დაყუდებული (ანუ შეყენებული) ამ მთის ერთ-ერთ ნაპრალში, სვიმონწმიდის მონასტრის მახლობლად. მის შესახებ ცნობები შემონახულია თანამედროვის, გიორგი მცირის ჰაგიოგრაფიულ თხზულებაში „გიორგი მთაწმიდელის ცხოვრება“. ავტორის სიტყვით, ეს იყო „ბერი წმიდაჲ შეყენებული, ვითარცა გურიტი უბიწოჲ და ტრედი უმანკოჲ, კაცი ზეცისა და ანგელოზი ქუეყანისაჲ, ყოვლითურთ უცხოჲ და განშორებული ჴორცთაგან და ჴორციელთა ზრუნვათა, და გონებითა ღმრთისა მიცვალებული“, „დიდი მნათობი ნათესავისა ჩუენისა“ და „კაცი ყოველთა მიერ გულისსათქუმელი“.

გ. შ-ს დიდი პატივით იხსენიებენ როგორც თანამედროვენი (გიორგი მთაწმიდელი, გიორგი მცირე, ეფრემ მცირე, იოანე ჯიბისძე), ისე გვიანი ხანის მოღვაწენი (ანტონ I კათოლიკოსი, იოანე ბატონიშვილი), რადგან XI ს. 30-60-იან წლებში შავი მთის ქართველ მოღვაწეთა შორის იგი ერთ-ერთ უდიდეს მოძღვრად და განსწავლულ მწიგნობრად მიიჩნეოდა. სწორედ მას დაემოწაფა გიორგი მთაწმიდელი ჭაბუკობისას, როდესაც ხახულიდან იერუსალიმისკენ გზად მიმავალმა ანტიოქიაში გაიცნო იგი.

გიორგი შეყენებული დიდად დაინტერესებული ყოფილა ქართული სასულიერო ლიტერატურის აღმავლობით. თავადაც ბეჯითად მუშაობდა ხელნაწერი წიგნების გამრავლებაზე და თავის მოწაფეთა შორისაც ეძებდა სწავლულ და სამწერლო მოღვაწეობისთვის მომზადებულ ახალგაზრდებს, რათა მათთვის დაევალებინა თარგმნითი თუ ორიგინალური თხზულებების შექმნა. სწორედ მან შენიშნა გიორგი მთაწმიდლის დიდი ლიტეტარურული ტალანტი, სამწერლო მუშაობისკენ წარმართა იგი და მრავალი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა თავისი დიდებული მოწაფის შემოქმედებით საქმიანობას. უშუალოდ გიორგი შეყენებულის თაოსნობითა და დავალებით უთარგმნია გიორგის რამდენიმე წიგნი (დავითნი, სამოციქულო, სვინაქსარი და სხვ.), რაც მთარგმნელის ანდერძებშია გაცხადებული.

გიორგი შეყენებული გიორგი მთაწმიდლის ცხოვრების დაწერის ინიციატორიც იყო. ეს საქმე მან გიორგი მცირეს დაავალა, როგორც თავისი მოძღვრის „თუალით მხილველსა და ჴელით მსახურს“, რომელმაც სხვაზე უკეთ უწყოდა მისი ცხოვრების დეტალები და შესაფერისი სამწერლო მომზადებაც ჰქონდა.

როდესაც გიორგი მცირემ დაასრულა თავისი ჰაგიოგრაფიული თხზულება, იგი მის შემკვეთს, გიორგი შეყენებულს გაუგზავნა და დასძინა თხოვნაც რასაც ამ წიგნში ნაკლოვანებას ნახავ, შენ თავად გაასწორე და განასრულეო. ჩანს, მისთვის კარგად იყო ცნობილი გიორგი შეყენებულის განსწავლულობა და ლიტეტარურული გამოცდილება.

ე. კოჭლამაზაშვილი



წყაროები და ლიტერატურა

  • ათონის ივერიის მონასტრის 1074 წლის ხელნაწერი აღაპებით, ტფ., 1901;
  • გიორგი მცირე, ცხოვრება გიორგი მთაწმიდელისა, ი. ლოლაშვილის გამოც., თბ., 1994;
  • ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, ი. აბულაძის რედ., წგ. 2, თბ., 1967.
  • ანტონ ბაგრატიონი, წყობილსიტყვაობა, ი. ლოლაშვილის გამოც., თბ., 1980;
  • აფციაური ჯ., „გიორგი ათონელის ცხოვრების“ დაწერის თარიღისათვის, „მაცნე“, 1967, №1;
  • მისივე, გიორგი მცირის „გიორგი მთაწმიდელის ცხორება“, თბ., 1980; კეკელიძე კ., ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1980; ლოლაშვილი ი., როდის დაიწერა „გიორგი მთაწმიდელის ცხოვრება“, „ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში“, 1968, №3;
  • მენაბდე ლ. ძველი ქართული მწერლობის კერები, 2, თბ., 1980.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები