ებრაული ენა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ებრაული ენა – განეკუთვნება სემიტურ ენათა ქანაანურ ჯგუფს. მისი უძველესი ძეგლებია: ბიბლია, ეპიგრაფიკული ძეგლები – გეზერის კალენდარი (მე. წ. X ს.), სილოაჰის წარწერა (ძე. წ. VII ს), ოსტრაკა (წარწერები თიხის ჭურჭლის ნატეხებზე) სამარიიდან (ძვ. წ. VIII ს), ლახიშიდან (ძვ. წ. VI ს), პალიმფსესტი იუდას უდაბნოდან (მე. წ. VIII–VII სს.), მონეტები, წარწერიანი საწონები და სხვ.

სარჩევი

ებრაული ენის განვითარების ეტაპები

ებრაული ენა ძვ. წ. VI ს-მდე საერთო-სახალხო ენა იყო პალესტინაში, რის შემდეგაც დაიწყო მისი არამეიზაცია (პირველ ყოვლისა – ქალაქებში). ამ პერიოდის (ძვ. წ. XII-II სს) ებრაული ენა ცნობილია როგორც ბიბლიის ებრაული ან ძველი ებრაული. ახ. წ. III ს-მდე იგი ჯერ კიდევ იხმარებოდა სოფლის მოსახლეობაში. ქალაქად მას იყენებდნენ მხოლოდ სწავლულები – რაბინები, რომლებმაც შექმნეს „აკადემიური“ ლიტერატურა: ბიბლიის კომენტარები და ბიბლიური კანონების დამატებანი („მიშნა“, „თოსეფთა“, „მიდრაშები“), უფრო გვიან – იერუსალიმისა და ბაბილონისთალმუდები“ (IV-V სს.), ბიბლიის ტექსტების კითხვის წესებისა და ვოკალიზაციის ნიშნების კრებული „მასორა“ (VI-VII სს). ამ ლიტერატურის ენა ცნობილია როგორც რაბინული ან მიშნის ებრაული. ძვ. წ. III– ახ. წ. II სს. ხანისაა იუდას უდაბნოში (ყუმრანისა და მურაბათის ხეობები) აღმოჩენილი გრაგნილები, ოსტრაკა, ასევე ნახალ-ხევერში ნაპოვნი კორესპონდენცია. ბიბლიის შემდგომი ებრაული ლიტერატურის ენა საშუალო ებრაულადაა ცნობილი. ამის შემდეგ იწყება თანამედროვე ებრაულის ხანა (ზოგჯერ მას არასწორად „ძველებრაულს”, „ივრითს“ უწოდებენ, რაც ებრაულად „ებრაულ ენას“ ნიშნავს). თანამედროვე ებრაული ენა გაცოცხლებული ბიბლიის ენაა, რომელზეც XIX ს. ბოლოდან სისტემატურად იქმნება ლიტერატურა (მხატვრული, სასწავლო, პერიოდიკა), ხოლო ისრაელის სახელმწიფოს შექმნის შემდეგ (1948) ამ სახელმწიფოს ოფიციალური ენაა. თანამედროვე ებრაულ წარმოთქმას საფუძვლად დაედო ბიბლიური ტექსტების ე. წ. სეფარდული ტრადიცია, რაც ესპანეთსა და აღმოსავლეთში მცხოვრებ ებრაელთა (მ. შ. – ქართველ ებრაელთა) წრეებშია გავრცელებული.

ებრაული ენის თავისებურებანი

ებრაული ენისთვის დამახასიათებელია ბოლოკიდური მოკლე ხმოვნის დაკარგვა, სიტყვის შიგნითა Ao.JPG, ხორხისმიერ თანხმოვანთა სისუსტე, ხმოვნისა და თანხმოვნის სიგრძის დაკარგვა, სახელთა ბრუნების დაკარგვა, დროის გამოხატვა ასპექტით, რასაც თანამედროვე ებრაულში დაემატა პარტიციპიალური დროები, ანალიტიკური კონსტრუქციების განვითარება და სხვ.

ებრაული ენა საქართველოში

ებრაული ენის ისტორიული შესწავლისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ებრაულ ეპიგრაფიკულ ძეგლებს, ხელნაწერებს, განსაკუთრებით ქართველ ებრაელთა ენობრივ ტრადიციებს, სადაც კარგადაა დაცული ძვ. ებრაული ფონოლოგიური სისტემა.

საქართველოში ებრაელთა პირველი ემიგრაცია ძე. წ. VI ს-ში ივარაუდება, როდესაც პალესტინაში ჯერ კიდევ მათი მშობლიური ენა, ებრაული, იყო გაბატონებული. ამ ემიგრაციის სამეტყველო ენაც, ცხადია, ებრაული (ბიბლიის ენა) უნდა ყოფილიყო. ებრაელთა მეორე ემიგრაცია საქართველოში I-II სს-ში ჩანს დაწყებული. ეს ის ხანაა, როდესაც პალესტინაში უკვე არამეული ენაა გავრცელებული. სწორედ ამიტომაა, რომ ამ ხანებში შექმნილი ბიბლიის წიგნების ნაწილი (ეზრა. დანიელი) ძვ. ს V-II სს. არამეულ ენაზეა დაწერილი. ეს ენა სამეცნიერო ლიტერატურაში ცნობილია როგორც ბიბლიის არამეული. რამდენადაც სწორედ ბიბლიამ შემოინახა იგი. აქედან მოყოლებული, პალესტინელ ებრაელთა მშობლიურ ენას ცვლის არამეული ენის პალესტინის დიალექტი, რომელიც ებრაელთა დედაენა გახდა. ბუნებრივია, ამ დროს საქართველოში შემოსული ებრაელები სწორედ არამეულად მეტყველებდნენ, თუმცა სავსებით შესაძლებელია. რომ მათი ნაწილი ფლობდა მშობლიურ ებრაულსაც. არც ის არის გამორიცხული, რომ საქართველოში დამხვდურმა ებრაელობამ უკეთ იცოდა თავისი წინაპრების ენა და მათ წრეში იგი ჯერ კიდევ ცოცხლობდა ქართულის გვერდით. ამას ადასტურებს ებრაული ტექსტების წაკითხვის დღევანდელი ტრადიცია, რომლის მიხედვითაც, ხშული თანხმოვნები (b p d t) ხშულ წარმოთქმას ინარჩუნებენ ხმოვნების შემდეგაც და არ განიცდიან სპირანტიზაციას ისე, როგორც ეს ბიბლიის ებრაულში მოხდა: ებრაული gǡnǡb – ქართული ებრაული განაბი – „ქურდი“ და არა განავ, როგორც ეს გვიანდელი წაკითხვით არის. მაგრამ გვაქვს ებრაული melek – ქართული ებრაული მელეხი – „მეფე". სპირანტიზაციას ებრაულში შედარებით გვიანდელ (ძვ. V. VI ს. შემდგომ) მოვლენად მიიჩნევენ და მიაწერენ არამეულის გავლენას. სპირანტიზაციის პროცესი უნდა დამთავრებულიყო III ს-ში, ამიტომ იგი ერთნაირად აისახა კიდეც იმ ქართველ ებრაელთა მეტყველებაში, რომელთა წინაპრები ამ პროცესის დამთავრებამდე გადმოსახლდნენ საქართველოში, ქართველ ებრაელთა წარმოთქმაში დაცულია აგრეთვე განსხვავება ფშვინვიევრსა და ემფატიკურ თანხმოვნებს შორის (t თ – t ტ k ქ – q კ), რაც ევროპელი ებრაელების მეტყველებასა და ისრაელის ოფიციალურ ენაში არ არის შენარჩუნებული. ასევე, თანამედროვე ებრაულში გამქრალია ფარინგალური 'აინი, რომლის არსებობის კვალს ებრაულში ადასტურებს ებრაულიდან ქართულში შემოსული სიტყვა ყიური „ებრაელი“ (< ძვ. ებრ. C′ibri) და ა. შ.

საქართველოში დასახლებული ებრაელები, ბუნებრივია, ითვისებდნენ ქართულ ენას, რომელიც შემდეგ საუკუნეთა მანძილზე მათთვის მშობლიური ენის ფუნქციას ასრულებდა, იყო მათი სასაუბრო და სამწერლობო ენა. მაგრამ ქართველ ებრაელთა მეტყველებაში ჯერ კიდევ შემორჩენილია ებრაული სიტყვები, რომლებიც გვიან შემოვიდა ქართულში (სავარაუდოა, ზეპირი გზით) და ძირითადად გამოიყენება როგორც ჟარგონი (ტობე „კარგი“, განაბი „ქურდი“).

ბიბლიის ენის გავლენა ქართულ ენაზე

ებრაულმა ენამ, როგორც უძველესი ბიბლიის ენამ, საგრძნობი გავლენა იქონია ქართულ და, საერთოდ, ყველა იმ სამწერლობო ენაზე, რომლებზედაც ბიბლიის ტექსტები ითარგმნებოდა. ეს გავლენა ძირითადად შეეხო ლექსიკასა და ფრაზეოლოგიას (ბიბლეიზმები). მაგ., ქართულ ბიბლიაში ვხვდებით როგორც ცალკეულ ებრაულ სიტყვებს (ამინ – „იყავნ“), ისე ებრაულის საფუძველზე შექმნილ გამოთქმებს. ქართული ბიბლიის ტექსტებში დადასტურებული პარონომაზიის შემთხვევებიც („მოყვანებით მოიყვანოს იგი თავისა თჳსისა ცოლად“, „დამჴობით დაამჴუნე იგინი“…) ორიგინალის გავლენაზე მეტყველებს.

კ. წერეთელი


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები