პარონომაზია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პარონომაზია, პარონომასია (ბერძნ. parōnomasia < para – ახლოს და onomazō – ვასახელებ), სტილისტიკური ფიგურა, რომელშიც ერთი და იგივე ზმნა ორი განსხვავებული (პირიანი და უპირო) ფორმით არის წარმოდგენილი და ერთ ზმნურ მნიშვნელობას გადმოსცემს. პარონომაზია სემიტური ენებისათვის, განსაკუთრებით ებრაულისათვის, დამახასიათებელ მოვლენად არის მიჩნეული. ებრაულში პარონომაზია გადმოიცემა ერთი და იმავე ძირისაგან ნაწარმოები ორი ფორმით, რომელთაგან ერთი ინფინიტურია, ხოლო მეორე – ფინიტური. ეს ფორმები უშუალოდ მოსდევენ ერთმანეთს.

პარონომაზიას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ქართულ სალიტერატურო ენის ისტორიაში. განსაკუთრებით ხშირია პარონომაზიის შემთხვევები ბიბლიური ტექსტების თარგმანებში. ქართული ბიბლიურ ტექსტებში პარონომაზია შედგება მასდარისა და პირიანი ფორმისაგან. მაგ., „კითხვით მკითხავდა ჩუენ კაცი იგი ნათესავსა ჩუენსა (მცხ. Gn 43,7)“. სინტაქსურად პარონომაზია არის შედგენილი შემასმენელი და ცალკე სინტაქსურ ერთეულებად არ იშლება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს თავის სპეციფიკურობას.

ქართულში, ისევე როგორც ებრაულში, პარონომაზიის შემთხვევათა დიდი წილი პირობით და ბრძანებით წინადადებებზე მოდის: „უკეთუ განვრცობით განივრცნეს უფალმან ღმერთმან საზღვარნი შენნი (მცხ. Dt 19,8)“.

ფუნქციურად ქართული პარონომაზია იმეორებს ებრაულს, კერძოდ, გამოხატავს მოქმედების ინტენსივობას, აგრეთვე, განმეორება-ხანგრძლივობასაც: „- რამეთუ მეფობით მეფობდე შენ და მიიწიოს უფლება შენნი ყოველსა ზედა ისრაელსა (მცხ.J, Sam 24,21)“. წარსულში მომხდარი პარონომაზია ხაზს უსვამს ამ მოქმედების ნამდვილად, ჭეშმარიტად შესრულებას: „და ვაცსა მას ცოდვისასა ძიებით ეძიებდა მოსე (ოშკი Lv 10,16)”.

პარონომაზიის წევრები ქართულში ასე ლაგდება: ჩვეულებრივ, მასდარი უშუალოდ წინ უსწრებს პირიან ფორმას, თუმცა, სემიტურისაგან განსხვავებით, ქართულში პარონომაზიის წევრთა შორის შეიძლება ჩართული იყოს სხვა სიტყვებიც, უმეტესად ნაცვალსახელები ან ნაწილაკები. მაგ., „და იყოს სმენით თუ ისმინეთ მცნებანი უფლისა ღვთისა თქუენისანი… (მცხ. Dt 28). აღსანიშნავია, რომ ნაცვალსახელთა ჩართვისას იცელება პარონომაზიის წევრთა რიგიც – პირველ ადგილს იკავებს ზმნის პირიანი ფორმა: „არა მოეკლათ იგი მოკლვით (მცხ. Gn 37,22)“.

ებრაულისა და, საერთოდ, სემიტური ენებისაგან განსხვავებით, ქართულში გეხედება პარონომაზიის შემთხვევები. როდესაც იგი გადმოიცემა ორი სინონიმური ძირიდან ნაწარმოები ფორმებითაც:

„…ყოველი რომელი შეეხოს მთასა, სიკუდილითა აღესრულოს (მცხ. Ex 9,2)“. ამგვარი პარონომაზიის საფუძველი თვით ქართულში, განსაკუთრებით მის დიალექტებში უნდა ვეძიოთ“.

კ. წერეთელი


ლიტერატურა

წერეთელი კ. პარონომაზია ქართულში (პარონომაზიის შემთხვევები ძველ ქართულ ტექსტებში)– „იკე“, VI. თბ., 1954.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები