საშუალი ქართული ენა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საშუალი ქართული ენა – XII–XVII საუკუნეთა წერილობით ძეგლებში დაცული ენა. მეტ-ნაკლებად ასახავს ქართული გენის განვითარების ძველიდან ახალში გარდამავალ შუალედურ საფეხურს. მისთვის ნიშანდობლივია ძველი და ახალი გრამატიკული ფორმების თანაარსებობა.

ქართული სალიტერატურო ენის განვითარების ისტორიაში საშუალი ქართული ენის ცალკე პერიოდად გამოყოფას ემხრობიან ა. შანიძე, გ. დეეტერსი, კ. კეკელიძე, ი. ქავთარაძე, ზ. ჭუმბურიძე, ზ. სარჯველაძე და სხვ. არსებობს სხვა მოსაზრებაც: არნ. ჩიქობავა არ თვლიდა მართებულად საშუალი ქართულის ცალკე საფეხურად გამოყოფას და ქართული ენის განვითარების ისტორიაში გამოყოფდა ორ პერიოდს: ძველსა (V-XI სს) და ახალს (XII ს-იდან დღემდე).

საშუალი სალიტერატურო ქართულის განვითარება, ენის მუდმივად ცვლის ზოგადი შინაგანი კანონის მოქმედებასთან ერთად, საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში მომხდარმა დიდმა ისტორიულმა ცვლილებებმა განაპირობა.

XI ს, დასასრულიდან ბატონდება საერო ლიტერატურა, იწერება „ვეფხისტყაოსანი“, „ამირანდარეჯანიანი“, შავთელისა და ჩახრუხაძის ოდები, ითარგმნება „ვისრამიანი, იქმნება ისტორიული და სამართლებრივი ძეგლები, ასტროლოგიური თხზულებანი, სამკურნალო კარაბადინები, დგება სიგელ-გუჯრები (წყალობა-ბოძების, ყიდვა-გაყიდვის, ადგილ-მამულის გაცვლის, შემოსავალ-გასავლისა და სხვ.). ჟანრობრივმა და თემატურმა მრავალფეროვნებამ სამწერლობო ქართულის ასპარეზი გააფართოვა, რასაც ბუნებრივად მოჰყვა მასში სამეტყველო ნორმების, ფონეტიკურად ცვლილი ფორმების, გრამატიკული და ლექსიკური ნეოლოგიზმების შემოტანა. ნეოლოგიზმები საგრძნობია უკვე XI ს. II ნახ. მოღვაწეთა (გიორგი მთაწმიდელის, ეფრემ მცირის, გიორგი მცირის….) თხზულებებში და მასშტაბური ხდება XII ს-იდან. სამწერლობო ენა ივსება სასაუბრო და უცხო (უპირატესად, სპარსული) ლექსიკით. იცვლება ფონეტიკური და გრამატიკული სტრუქტურა: მარტივდება დიფთონგები, რაც გავლენას ახდენს ბრუნებაზე – ხმოვანფუძიანი სახელები თანდათან კარგავენ სახელობით ბრუნვის ნიშანს, ფუძეუკვეცელთ კი ნათესაობით და მოქმედებით ბრუნვებში -ჲსა, –ჲთა დაბოლოება ეცვლებათ -სა, -თა → -სი, -თი (წყაროისა – წყაროსა – წყაროსი): უინფიცირდება პირისა და საზოგადო სახელთა ბრუნება: დუნდება პრეპოზიციური მსაზღვრელის ბრუნების უნარი; მარტივდება ორმარცვლიანი თანდებულები და ენკლიტიკურად უერთდება სახელს (მიწასა ზედა → მიწაზედ → მიწაზე); ვრცელდება ზედსართავი სახელის უფროობითი ხარისხის „უსუფიქსო“ ფორმები (უდიდე, უმაღლე); ხმარებიდან გადის აწმყოსა და უწყვეტლის ხოლმეობითის მწკრივები, ასევე I და II ბრძანებითის III პირის ფორმები; უნიფიცირება -დ და -ოდ სავრცობიან მწკრივთა უღლება; ზმნა კარგავს ნარიანი პირდაპირი ობიექტის გამოხატვის უნარს, მაგრამ უჩნდება მიცემით ბრუნვაში დასმული ობიექტისა და სუბიექტის მრავლობითობის თან-ით გამოხატვის შესაძლებლობა; ვითარებით ბრუნვაში დასმული საწყისი ვერ იწყობს პირდაპირ დამატებას სახელობითსა და მიცემითში; -მცა კარგავს კავშირებითობის ფუნქციას და ნატვრითი ნაწილაკი ხდება (თან მარტივდება); შემოდის ახალი კავშირები და კორელატები:როცა/როს, მაგრა, რომე/რომ, ვით, მით რომელ („მიტომ“), ამით რომე („ამიტომ“), ხან–ხან, ან–ან და სხვ.

XII– XVIII სს-ში საშუალი ქართული სალიტერატურო ენა არ არის ერთგვაროვანი: სხვადასხვაა, ერთი მხრივ, დავით აღმაშენებლის სიგელებისა და ანდერძების, აბუსერის ძე ტბელისა და ბასილი ეზოსმოძღვრის თხზულებათა ან „ქართლის ცხოვრებაში“ შემავალი ძეგლების ენა და, მეორე მხრივ, სულხან-საბა ორბელიანის, პ. ორბელიანის, ს. ჩხეიძის ისტორიული თხზულებებისა და, განსაკუთრებით), დ. გურამიშვილის პოეზიის ენა. ასე რომ, ეს გაერთიანება ერთ პერიოდად (XII-XVIII სს.- „საშუალი ქართული“) რამდენადმე მაინც პირობითია, ისევე, როგორც პირობითია ქართული სალიტერატურო ენის სამ საფეხურად დაყოფა, რადგან ზედმიწევნითი საზღვრის დადება ძველსა, საშუალსა და ახ. ქართულს შორის არ შეიძლება.

კ. დანელია

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები