მექანიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მექანიკა – მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ნივთიერი (მატერიალური) სხეულების მექანიკური მოძრაობისა და მათი ურთიერთქმედების კანონებს. მექანიკური მოძრაობა ეწოდება ნივთიერი სხეულების გადაადგილებას სხვა სხეულების მიმართ სივრცესა და დროში.

მექანიკური მოძრაობის განხილვისას სივრცესა და დროში საჭიროა ვიცოდეთ რა მოძრაობს, ე. ი. განვსაზღვროთ მოძრავი ობიექტი. მექანიკაში ძირითადად განიხილავენ მოძრავი სხეულის ორ მნიშვნელოვან ნიშანს: მის განფენილობას (ნივთიერი სხეულის გეომეტრიულ ფორმას) და ნივთიერებას (მასას და მის განაწილებას მოცემულ გეომეტრიულ სივრცეში). ამასთანავე, მიღებულია დაშვება, რომ ამ სხეულების ყველა სხვა ფიზიკური თვისებები ერთნაირია.

თავისი ამოცანების მიხედვით მექანიკას ყოფენ რამდენიმე ნაწილად: ნივთიერი წერტილის მექანიკა, ნივთიერ წერტილთა სისტემის მექანიკა, მყარი სხეულის მექანიკა და უწყვეტ ტანთა მექანიკა; ეს უკანასკნელი მოიცავს დრეკადობის თეორიასა და ჰიდროაერომექანიკას. მექანიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია თეორიული მექანიკა, რომელიც იკვლევს ნივთიერი წერტილის, ნივთიერ წერტილთა სისტემის და მყარი სხეულის მოძრაობის ზოგად კანონებს, მათი გამოყენების მეთოდებს.

მექანიკა მეცნიერების ერთ-ერთი უძველესი დარგია. მექანიკის ისტორია შეიძლება დაიყოს რამდენიმე პერიოდად, რომლებიც განსხვავდებიან როგორც პრობლემების ხასიათით, ასევე მათი გადაწყვეტის მეთოდებით:

1) მექანიკის, როგორც მეცნიერების ზოგადი კანონების აღმოჩენის წინა პერიოდი;
2) მექანიკის საფუძვლების შექმნის პერიოდი (XVII ს);
3) მექანიკის მნიშვნელოვანი დარგების (მყარი სხეულის მექანიკა, დრეკადობის თეორია, ჰიდრომექანიკა) შექმნის პერიოდი (XVIIIს);
4) რეალურ გარემოთა და სისტემების მექანიკის განვითარების პერიოდი (XIX - XX ს.).

მექანიკის ცნება პირველად შემოტანილია არისტოტელეს ტრაქტატში (ძვ. წ. IV საუკ.). ძველთაგანვე ცნობილი იყო ძალთა შეკრებისა და გაწონასწორების კანონები, უმარტივესი მანქანების თვისებები და ბერკეტის წონასწორობის პირობები (არქიმედე, ძვ. წ. III საუკ.).

მექანიკის განვითარებაში უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ნ. კოპერნიკისა და ი. კეპლერის აღმოჩენებს. განუზომლად დიდია გ. გალილეის მოღვაწეობა, რომელმაც შემოიტანა მრავალი ცნება და აღმოაჩინა ინერციის პრინციპი. მექანიკის საკითხებს მნიშვნელოვანი შრომები მიუძღვნეს რ.დეკარტმა, ქ. ჰიუგენსმა და სხვ. მექანიკამ დასრულებული სახე მიიღო ი. ნიუტონის შრომებში. კლასიკური მექანიკის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანა ნიუტონის ტრაქტატმა – „ნატურალური ფილოსოფიის მათემატიკური საწყისები“ (1687). თავისი წინამორბედების მიერ მიღებული შედეგების ღრმად გაანალიზებით, ნიუტონმა მექანიკის აღწერას საფუძვლად დაუდო სამი კანონი, რომლებიც ცნობილია ნიუტონის კანონების სახელწოდებით. ნიუტონის მექანიკა აღწერს ისეთი სხეულების მოძრაობას, რომელთა სიჩქარე გაცილებით ნაკლებია სინათლის სიჩქარეზე სიცარიელეში.

მექანიკის განვითარებას ფუნდამენტური შრომები მიუძღვნეს ეილერმა, დალამბერმა, ლაგრანჟმა, ჰამილტონმა და მრავალმა სხვა მეცნიერმა.

თანამედროვე მექანიკის პრობლემების სისტემას, პირველ ყოვლისა, მიეკუთვნება რხევათა თეორიის ამოცანები, მყარი სხეულის დინამიკის და მოძრაობის მდგრადობის თეორიის საკითხები; დრეკადობის თეორიაში დიდი ყურადღება ექცევა პლასტიკურობისა და ცოცვადობის საკითხებს მანქანათა ნაწილებსა და ნაგებობებში; თხელკედლიანი კონსტრუქციების მდგრადობისა და სიმტკიცის გათვლებს; ჰიდროაერომექანიკის მნიშვნელოვანი პრობლემებია დიდი სიჩქარეები ავიაციაში, ბალისტიკაში, კოსმონავტიკაში.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები