ჰამილტონი უილიამ როუან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰამილტონი უილიამ როუან (1805–1865). ირლანდიელი მათემატიკოსი. დაიბადა დუბლინში სიყმაწვილიდანვე ავლენდა მრავალმხრივ უნარს, რვა წლისამ იცოდა ინგლისური, ფრანგული, იტალიური, ლათინური, სპარსული და არაბული ენები.
Hamiltoni uiliam rouan.PNG

13 წლის ყმაწვილი უკვე ფლობდა ცამეტ ენას. 16 წლისა გაეცნო ნიუტონის „საწყისებს“, 17 წლისამ დაიწყო ლაპლასის „ცის მექანიკის“ შესწავლა. 28 წლისამ კონსერვატიული მექანიკური სისტემისათვის უმცირესი ქმედების პრინციპი დაადგინა. იგი იყო ირლანდიის სამეფო ასტრონომი. 32 წლის ჰამილტონი აირჩიეს ირლანდიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტად.

ჰამილტონის ძირითადი შრომები ეძღვნება მათემატიკურ ოპტიკას, მექანიკას, ვარიაციულ აღრიცხვას. ჩამოაყალიბა კომპლექსურ რიცხვთა სრული თეორია; მუშაობდა გრაფთა თეორიაში.

ასტრონომიული ხელსაწყოების სრულყოფის მიზნით დაიწყო ოპტიკური კვლევები. ჰამილტონის მიერ ჩატარებული კვლევები და მიღებული შედეგები თავმოყრილია ნაშრომში „სხივთა სისტემის თეორია“(1828) და შემდეგ გამოცემულ სამ „დამატებაში“. ჰამილტონის ამ ნაშრომებმა, სადაც განვითარებულია მათემატიკური ოპტიკა, მეცნიერთა დიდი ინტერესი გამოიწვია. შემდგომ ჰამილტონმა თავისი ოპტიკური კვლევის მეთოდები მექანიკაზე განავრცო. ამ პერიოდში გამოაქვეყნა ორი ნაშრომი – „დინამიკის ზოგადი მეთოდის შესახებ“ (1834) და „მეორე ნარკვევი დინამიკის ზოგადი მეთოდის შესახებ“ (1835).

მექანიკაში ჰამილტონი სარგებლობდა უმცირესი ქმედების პრინციპით (ჰამილტონის ფორმით) – კლასიკური მექანიკის ზოგადი ინტეგრალური ვარიაციული პრინციპით.

1843 წ-ს ჰამილტონმა შემოიღო „კვატერნიონების“ ცნება – რიცხვთა თავისებური სისტემა, რომელიც წარმოადგენს კომპლექსური რიცხვის ცნების განზოგადებას. 1843 – 1865 წლები მიუძღვნა კვარტერნიონების და საერთოდ, კომპლექსური რიცხვების თეორიის კვლევას. 1845 წ-ს შემოიღო ახალი მათემატიკური ტერმინი „ვექტორი“ (ლათინურიდან vector - „გადამტანი“). ჰამილტონსავე ეკუთვნის ტერმინები „სკალარი“, „სკალარული ნამრავლი“, „ვექტორული ნამრავლი“. მის სახელს ატარებს ფუნქცია, მექანიკის კანონიკური განტოლებები და სხვა.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები