საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დე იურე დამოუკიდებლობის აღიარება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დე იურე დამოუკიდებლობის აღიარება - რუსეთ-საქართველოს 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებამ და საბჭოთა რუსეთის ხელისუფლების მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დე ფაქტო და დე იურე აღიარებამ, ფაქტობრივად, საქართველოს დამოუკიდებლობის საერთაშორისო დე იურე აღიარება დააჩქარა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა დე იურე ცნეს შემდეგმა სახელმწიფოებმა:

იმ მოსაზრებით, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა აღადგენდა თავის დამოუკიდებლობას, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა რუსეთის ბოლშევიკური ხელისუფლების მხრიდან ქვეყნის ანექსია-ოკუპაციის შემდეგაც აღიარეს.

სარჩევი

საქართველოს დამოუკიდებლობის დე იურე ცნობის მილოცვები

1921 წლის 6 თებერვლისთვის თბილისში არაერთი უცხო სახელმწიფოს საელჩო და დიპლომატიური წარმომადგენლობა გაიხსნა. მთავრობის სასახლეში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს - ნოე ჟორდანიას საქართველოს დამოუკიდებლობის დე იურე ცნობა მიულოცეს თბილისში აკრედიტებულმა უცხო სახელმწიფოთა შემდეგმა წარმომადგენლებმა:

  • დიდი ბრიტანეთის უმაღლესმა კომისარმა - სტოქსმა;
  • საფრანგეთის უმაღლესმა კომისარმა - შევალიემ;
  • საფრანგეთის სამხედრო წარმომადგენელმა - პოლკოვნიკმა კორბეილმა;
  • გერმანიის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელმა - რაუშერმა;
  • იტალიის ელჩმა - ჩერუტიმ;
  • იტალიის კონსულმა - ფრანზონიმ;
  • რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის დიპლომატიურმა წარმომადგენელმა - შეინმანმა;
  • ამერიკის დამხმარე კომიტეტის წარმომადგენელმა - ელვერგმა;
  • ოსმალეთის დიდი ნაციონალური ყრილობის წარმომადგენელმა - ქიაზიმ ბეიმ;
  • პოლონეთის რესპუბლიკის წარმომადგენელმა - ოსტროვსკიმ;
  • ნიდერლანდების ვიცე-კონსულმა - ფონ ალენ შტეინმა;
  • ნორვეგიის კონსულმა - სონდლომ;
  • ესპანეთის ვიცე-კონსულმა - ბარსეგიანიმ;
  • საბერძნეთის წარმომადგენელმა - სკეფერისმა;
  • ფინლანდიის დიპლომატიურმა წარმომადგენელმა - პოლკოვნიკმა ბერკვისტმა;
  • ჩეხოსლოვაკიის ნაციონალური საბჭოს წარმომადგენელმა - სვატოშმა;
  • სპარსეთის გენერალურმა კონსულმა - ზოკა ედ დოვლემ;
  • აზერბაიჯანის საბჭოთა რესპუბლიკის დიპლომატიურმა წარმომადგენელმა - ნაჯაფოვმა;
  • სომხეთის საბჭოთა რესპუბლიკის დიპლომატიურმა წარმომადგენელმა - შავერდოვმა;
  • სომხეთის დიპლომატიურმა წარმომადგენელმა კაცენსმა;
  • ესტონეთის კონსულმა - პაულმა;
  • ლატვიის კონსულმა - დაილიდემ.

საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები საზღვარგარეთ

შესაბამისად, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დე ფაქტო და დე იურე ცნობასთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩოები, საკონსულოები თუ დიპლომატიური წარმომადგენლობები გაიხსნა საფრანგეთში, ინგლისში, იტალიაში, გერმანიაში, შვეიცარიაში, ბელგიაში, რუსეთში, ოსმალეთში, არგენტინაში, მანჯურიაში, შვეციაში, ნორვეგიაში, აშშ-ში, უკრაინაში, აზერბაიჯანში, ჩეხოსლოვაკიაში, პოლონეთში.

  • არგენტინაში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენელი ანდრია დეკანოზიშვილი იყო, ხოლო არგენტინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში - ლუკას ეირეგეირა (Lucas Ayarragaray).
  • საფრანგეთში სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა აკაკი ჩხენკელი, ხოლო საელჩოს პირველ მდივნად - სოსიპატრე ასათიანი;
  • გერმანიაში საქართველოს ელჩი იყო ვლადიმერ ახმეტელი;
  • შვეიცარიაში (ბერნში) - მიხეილ სუმბათაშვილი, საელჩოს პირველი მდივანი - ვლადიმერ გურჯიძე;
  • ჟენევაში, ერთა ლიგასთან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელი - ხარიტონ შავიშვილი;
  • ბელგიაში - ანტონ ჟორჟოლიანი, ატაშე - ალექსანდრე ქუთათელაძე;
  • შვეციასა და ნორვეგიაში - მიხეილ (მიხაკო) წერეთელი;
  • იტალიაში - კონსტანტინე საბახტარაშვილი, საელჩოს პირველი მდივანი - გიორგი მაჩაბელი (მოგვიანებით, იგი თავად გახდა ელჩი იტალიასა და ავსტრიაში), ეკონომიკური წარმომადგენელი - მიხეილ ყაუხჩიშვილი, კონსული - გიორგი აფხაზი;
  • დიდ ბრიტანეთში - დავით ღამბაშიძე, პირველი მდივანი - ანდრია გუგუშვილი, მდივანი - ვიქტორ ნოზაძე;
  • არგენტინაში - ანდრია დეკანოზიშვილი;
  • ოსმალეთში (კონსტანტინოპოლში) - მთავრობის რწმუნებული - კონსტანტინე გვარჯალაძე, კონსული - იოსებ გოგოლაშვილი, ეკონომიკური წარმომადგენელი - ივანე ჭავჭანიძე;
  • ანკარაში ქემალ ფაშას მთავრობასთან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ელჩი სვიმონ მდივანი იყო, სამხედრო მრჩეველი - გენერალი ალექსანდრე ერისთავი, საქმეთა მწარმოებელი - არისტო ჭუმბაძე, ატაშე - მელიტონ ქარცივაძე და ზია აბაშიძე, ოფიცრები დავალებათათვის - ემუხვარი და ლეიტენანტი დიმიტრი შალიკაშვილი (გენერალ ჯონ-მალხაზ და ოთარ შალიკაშვილების მამა);
  • მანჯურიაში, ხარბინში - ნიკოლოზ ჯიშკარიანი;
  • აშშ-ში წარმომადგენლად - ილია გოლდმანი, მოგვიანებით - დავით ღამბაშიძე, ხოლო 1926 წელს დევნილი მთავრობის კონსულად ვასილ დუმბაძე გაიგზავნა; რუსეთის საბჭოთა რესპუბლიკაში (მოსკოვში) თავდაპირველად გაბრიელ ხუნდაძე, ხოლო შემდეგ გერასიმე მახარაძე დაინიშნა;
  • ნოვოროსიისკში კონსული - პეტრე ჩინიჯიშვილი;
  • შორეულ აღმოსავლეთში კონსული - ჯერ ფრანსუა თუმანოვი იყო, ხოლო შემდეგ - კირილე თუმანოვი;
  • უკრაინაში - ბიქტორ თევზაია;
  • ბაქოში - ივანე ქარცივაძე;
  • ჩეხოსლოვაკიაში - გიორგი აიოლო;
  • პოლონეთში პირველი ელჩი სიმონ სიდამონ-ერისთავი იყო, მოგვიანებით - იოსებ სალაყაია, კონსული - სერგო ყურულაშვილი;
  • საბერძნეთში (ათენში) - ჩილინჯიშვილი, კონსულად - ჩინგოზაშვილი.

გარდა ამისა, ევროპასა და ამერიკაში სხვადასხვა დროს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეკონომიკური წარმომადგენლები იყვნენ: იოსებ ელიგულაშვილი, ნიკოლოზ ჯაყელი, მათე სკობელევი და სიმონ შიფრინი.

ლელა სარალიძე

ლიტერატურა

  • საქართველოს ეროვნული არქივის ცენტრალური საისტორიო არქივი, ჰარვარდის უნივ. მიკროფ. ასლები, საქ. 708;
  • სცსა, ფ. 1861, აღწ. 3, საქ. 230;
  • გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 1921, №31;
  • National Republic of Georgia. Hearings before the Committee on Foreign Affairs. House of Representatives, sixty-ninth Congress, 1st Session on H. J. Res. 195 providing for the appointment of a Diplomatic Representative to the National Republic of Georgia. April 1 and 2, 1926. Statements of Mr. John A. Stewart (New York City), Mr. Vasili D. Dumbadze (New York City), Maj. Henry G. Opdycke (New York CIty). Washington, Government Printing Office, p. 280, 1926;
  • ი. ტაბაღუა, საქართველოს საგარეო ურთიერთობის ისტორიიდან, თბ., 1994;
  • გ. შარაძე, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა და საგარეო პოლიტიკა, თბ., 2003.


წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები