საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Saq.dem res.jpg

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი, ძირითადად, მოიცავს 1918 წლის 26 მაისიდან 1921 წლის 18 მარტამდე განვითარებულ მოვლენებს. მაგრამ მასში გათვალისწინებულია 1917 წლის თებერვალ-მარტის დემოკრატიული რევოლუციიდან 1918 წლის 26 მაისამდე განვითარებული მოვლენებიც, როგორც ერთგვარი მოსამზადებელი პერიოდი დამოუკიდებლობის აღდგენისათვის ბრძოლაში. რუსული მონარქიის დამხობა, ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტის, ამიერკავკასიის კომისარიატისა და სეიმის, ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის პერიოდები სისხლხორცეულადაა დაკავშირებული ქართული და კავკასიური ეროვნული სახელმწიფოების აღდგენასთან.

ენციკლოპედია-ლექსიკონში შეტანილი სტატიები შინაარსობრივად სამი თემისაგან შედგება: პიროვნებათა ბიოგრაფიები, ორგანიზაციები და მოვლენები. ბიოგრაფიული სტატიები ეძღვნება იმ პერიოდის ცნობილ და აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეებს, საქართველოს მთავრობის, პარლამენტის (ეროვნული საბჭოს, დამფუძნებელი კრების) და სენატის (სასამართლოს) წევრებს, პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, დიპლომატებს, აქტივისტებს, საზოგადო მოღვაწეებს, მნიშვნელოვანი მოვლენების მონაწილეებს, სამხედრო პირებს (გენერლებს, ოფიცრებს), კულტურის სფეროს (მეცნიერების, მწერლობის, მუსიკის, თეატრის, მხატვრობის...) გამოჩენილ წარმომადგენლებს და ა. შ. ბიოგრაფიული სტატიების პერსონაჟები არიან აგრეთვე უცხოელი მოღვაწეები, დიპლომატები, პოლიტიკოსები თუ კულტურის წარმომადგენლები, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს საქართველოსა და გარესამყაროს ურთიერთობაში.

მეორე სახის სტატიებში წარმოდგენილია პოლიტიკური, სამხედრო, სამეურნეო, ეკონომიკური, კულტურული, სამართლებრივი, ადმინისტრაციული, სახელმწიფოს საშინაო და საგარეო სფეროს მნიშვნელოვანი მოვლენები: რეფორმები, სახელმწიფოებრივი ღონისძიებები, პარლამენტის საქმიანობა, კანონები, ადმინისტრაციული დაყოფა, ნაციონალიზაცია, აგრარული რეფორმა, სამხედრო კონფლიქტები თუ თავდაცვითი ომები, კულტურული თუ სამეცნიერო საქმიანობა და პროცესები. მოვლენებში ასახულია ის დიდი კულტურულ-ეროვნული აღმავლობა, რომელიც რესპუბლიკის ხანის საქართველოსათვის იყო დამახასიათებელი.

მესამე სახის სტატიებში მოცემულია რესპუბლიკის ხანის სტრუქტურები და ორგანიზაციები: პარლამენტი, აღმასრულებელი ხელისუფლება, სამინისტროები, ადმინისტრაციული სამსახურები, პოლიტიკური პარტიები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებები, სასწავლებლები, უფლებადამცველი ორგანიზაციები, სოციალ-ეკონომიკური, სამეურნეო, სავაჭრო თუ სხვა სახის საზოგადოებები და ორგანიზაციები, პროფკავშირული დაწესებულებები, ერობები, კავშირები, საბჭოები, გაერთიანებები, პრესის ორგანოები, პარტიული, პოლიტიკური თუ კულტურული გამოცემები, ჟურნალ-გაზეთები და ა. შ.


წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი / ავტორ-შემდგენელთა ჯგუფი: თამარ ათანელიშვილი, გიორგი ასტამაძე, მიხეილ ბახტაძე [და სხვ.] ; მთ. რედაქტორი დიმიტრი შველიძე ; ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწ. უნ-ტი. საგამომცემლო ცნობები თბილისი : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2018.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები