რაუშერი ულრიხ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რაუშერი ულრიხ

რაუშერი ულრიხ კარლ პაულ (26.VI.1884, შტუტგარტი - 18.XII.1930, სტ. ბლაზიენი) - გერმანელი სახელმწიფო მოხელე, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, დიპლომატი, ჟურნალისტი და მწერალი. გერმანიის (ვაიმარის რესპუბლიკის) ელჩი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 1920-1922 წლებში.

სარჩევი

ბიოგრაფია

წარმოშობით ბურჟუაზიული ოჯახიდან იყო. მიიღო შესანიშნავი განათლება მიუნხენში, ჰაიდელბერგში, სტრასბურგსა და ოქსფორდში. პროფესიით იურისტი გატაცებული იყო მუსიკით, ხელოვნებით, გერმანულად თარგმნიდა ფრანგულ ლიტერატურას, საკუთარ წერილებს ხელოვნების სფეროზე აქვეყნებდა წამყვან გერმანულ გამოცემებში.

პირველი მსოფლიო ომის მიმდინარეობისას მუშაობდა იმპერიის პრესის განყოფილებაში (ReIchspresseamt) ბრიუსელის საგენერალგუბერნატოროში და მხარს უჭერდა გერმანიის იმპერიის პოლიტიკას ბელგიის მიმართ. ერთი პერიოდი იბრძოდა კიდეც არტილერისტად დასავლეთის ფრონტზე, 1918 წლიდან კი კვლავ ჟურნალისტად დაბრუნდა ბერლინში. წლის ბოლოს ხდება სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი და მალე იკავებს რამდენიმე მნიშვნელოვან თანამდებობას: ინიშნება ფილიპ შაიდემანის პირად მდივანად, 1919 წელს კი გერმანიის ხელისუფლების პრესის განყოფილების უფროსად.

1920 წლის სექტემბერში ვაიმარის რესპუბლიკამ დე იურე აღიარა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. იმავე წლის დეკემბერში გერმანიამ საქართველოში თავის წარმომადგენლად ულრიხ რაუშერი დამტკიცდა, რომელიც თბილისში 1921 წლის 8 იანვარს ჩამოვიდა. საქართველოს თავს დამტყდარი ბოლშევიკური აგრესიის გამო, ფაქტობრივად, მხოლოდ ომის ხანაში მოუწია საქართველოში ყოფნა. მუდმივად საქართველოს დემოკრატიული ხელისუფლების გვერდით იმყოფებოდა ომის მიმდინარეობისას და დარჩა მასთან ევაკუაციამდე, რაც 1921 წლის მარტში განხორციელდა. ამის მერეც მთელი წლის მანძილზე ასრულებდა თავის მოვალეობას და გერმანიაში გაემგზავრა 1922 წლის დასაწყისში.

1922 წლის აპრილიდან იყო გერმანიის ელჩი მეზობელ პოლონეთში სიცოცხლის ბოლომდე. მხარს უჭერდა ტრადიციული გერმანულ-პოლონური მტრობის ჩარჩოებში მოქცევას და ურთიერთობის ნორმალიზებას. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ელჩობისას გერმანია-პოლონეთს შორის გაფორმებული ორი ხელშეკრულება, ე.წ. „ლიკვიდაციის ხელშეკრულება“ (31.10.1929), რომლის ძალითაც გერმანიამ და პოლონეთმა უარი თქვეს მსოფლიო ომისგან და ვერსალის ზავისგან მომდინარე ფინანსურ მოთხოვნებზე ერთმანეთის მიმართ და ასევე სავაჭრო ხელშეკრულება (17.3.1930). ურთიერთობების ნორმალიზაცია ნაცისტების ხელისუფლებაში მოსვლასთან ერთად ისტორიას ჩაბარდა. გარდაიცვალა გერმანიაში, შვარცვალდში ყოფნისას ხორხის ტუბერკულოზით.

გიორგი ასტამაძე

ლიტერატურა

  • Kurt Doß, ZwIschen WeImar und Warschau, U. Rauscher, Deutscher Gesandter In Polen 1922-1930. EIne polItIsche BIographIe, 1984 Franz Osterroth,BIographIsches LeXIkon des SozIalIsmus, Bd. 1, 1960
  • Wolfgang Elz: Rauscher, UlrIch Karl Paul, Neue Deutsche BIographIe, Band 21, Duncker & Humblot, BerlIn 2003.
  • PolItIsches ArchIV des AuswärtIgen Amtes, ReIchskanzleI: R011823. LänderabteIlung IV: R84084, R84085, R84086, R84107, R84108.

იხილე აგრეთვე

ბიოგრაფიული ლექსიკონი

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები