ხუნდაძე გაბრიელ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხუნდაძე გაბრიელ - (1877 - 1937) - ქართველი დიპლომატი, დამოუკიდებელი საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი საბჭოთა რუსეთში.

საბჭოთა რუსეთის ხელისუფლება საქართველოს სუვერენიტეტის აღიარებას არ აპირებდა, დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ კი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისთანავე მოსკოვში თავისი დიპლომატიური წარმომადგენელი - გაბრიელ ხუნდაძე მიავლინა. იგი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ერთ-ერთი პირველი ქართველი დიპლომატიური წარმომადგენელი (ელჩი) იყო. ამ თანამდებობაზე გაბრიელ ხუნდაძე 1918 წლის ივნისში დაინიშნა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება პრო-ევროპულ საგარეო კურსს ადგა, საბჭოთა რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა და მასთან თანამშრომლობისთვის მზად იყო, თუმცა საბჭოთა ხელისუფლება რუსეთის იმპერიაში შემავალ ყოველ ერს კვლავ თავის შემადგენელ ნაწილად მოიაზრებდა. ამის შესახებ გაბრიელ ხუნდაძე საქართველოს ეროვნული საბჭოს 1918 წლის აგვისტოს სხდომაზე ხაზგასმით აღნიშნავდა: „ყველა იმ ერს, რომელმაც ისარგებლა ერთა თვითგამორკვევის პრინციპით და ბოლშევიკური მთავრობა არ იცნო, ბოლშევიკებმა ომი გამოუცხადეს. ტროცკიმ წინადადება მისცა ადმირალ საბლინს ფლოტი საბრძოლველად გაემზადებინა და სევასტოპოლიდან გაელაშქრა ჩხენკელის მთავრობის წინააღმდეგ. ამას ბოლშევიკები არ ეძახიან ერთა თვითგამორკვევის წინააღმდეგ გალაშქრებას“.

საბჭოთა რუსეთში ელჩად მუშაობის პერიოდში გაბრიელ ხუნდაძემ აქტიური დიპლომატიური და საორგანიზაციო მუშაობა გასწია, ჩამოაყალიბა საკონსულო პეტროგრადში (კონსული პეტრე ჩინიჯიშვილი). 1919 წლის დასაწყისში გაბრიელ ხუნდაძეს განუცხადეს, რომ საბჭოთა რუსეთი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას და მის მთავრობას არ ცნობდა. კრემლის მესვეურთა განკარგულებით, რუსეთში საქართველოს წარმომადგენლობა დახურეს და იანვარში დააპატიმრეს საქართველოს საელჩოს თითქმის მთელი შემადგენლობა, ელჩის - გაბრიელ ხუნდაძის ჩათვლით. იგი ბუტირკის ციხეში მოათავსეს და რამდენიმე თვის პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს.

1920 წლის 7 მაისის საქართველო-რუსეთის ხელშეკრულების თანახმად, ორივე მხარემ ერთმანეთის დამოუკიდებლობა აღიარა და დიპლომატიური წარმომადგენლობებიც გახსნა, საქართველოს ელჩად გერასიმე მახარაძე დაინიშნა. გაბრიელ ხუნდაძემ დიპლომატიური მოღვაწეობა ამჯერად აზერბაიჯანში ელჩის რანგში გააგრძელა 1920 წლის ივნისამდე. თანამედროვეები მას ახასიათებენ, როგორც კეთილშობილ, უშიშარ ვაჟკაცს და შესანიშნავ ორატორს.

ლელა სარალიძე

ლიტერატურა

  • სცსა, ფ. 1864, აღწ. 2, საქ. 197, 580;
  • ო. ჯანელიძე, ნარკვევები საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ისტორიიდან, თბ., 2013;
  • დ. ჭუმბურიძე, ვ. კიკნაძე, ხ. ქოქრაშვილი, ლ. სარალიძე, „საქართველო-რუსეთის ურთიერთობა XVIII-XXI საუკუნეებში (სამეცნიერო ლიტერატურისა და დოკუმენტების მიხედვით)“, წიგნი II, თბ., 2016.


წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები