სცენა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სცენა — (ლათ. scaena, < ბერძნ. skene – კარავი, თეატრალური ფიცარნაგი), თეატრალური წარმოდგენის მოედანი; თეატრალური ნაგებობის ძირითადი ნაწილი.

სცენის თანამედროვე ტიპი ჩამოყალიბდა თეატრის განვითარების პარალელურად, ხანგრძლივი ევოლუციის შედეგად. ევროპული სცენის პირველსახე იყო ორქესტრა ძველბერძნულ თეატრში (მრგვალი, იშვიათად, ნახევარწრისებური მოედანი, განთავსებული მაყურებლების დასაჯდომ ადგილსა და სკენეს შორის). წარმოდგენის დროს ორქესტრა ეკავა ქოროს; მე-5-4 საუკუნეებში ძვ. წ. აქვე თამაშობდნენ მსახიობებიც. ელინიზმის ეპოქაში მსახიობთა სათამაშო ადგილად იქცა პროსკენე. ძველრომაულ თეატრში სასცენო მოედნად იყენებდნენ პროსცენიუმს, რომელიც განთავსებული იყო ორქესტრას დიამეტრის გასწვრივ.

შუა საუკუნეებში მოხეტიალე მსახიობები თავიანთ წარმოდგენებს მართავდნენ ღია ცის ქვეშ, ქალაქებისა და სოფლის მოედნებზე და არ იყენებდნენ სპეციალურად აგებულ სცენას. ამ პერიოდში სხვადასხვა ტიპის სცენური მოედნების წარმოშობა დაკავშირებული იყო რელიგიური ჟანრების გაფურჩქვნასთან (ლიტურგიკული დრამა, მირაკლი, მისტერია, მორალიტე). მისტერიის ეკლესიიდან გასვლის შემდგომ, წარმოიშვა სცენური ფიცარნაგის განსაკუთრებული სახეობა – პეჯენტი, გადაადგილებადი ორსართულიანი ოთხთვალა.

მე-16 საუკუნის ინგლისში წარმოდგენები იმართებოდა სასტუმროების ეზოებში. მე-17 საუკუნის პირველი მეოთხედის დასასრულს, ინგლისურ სამაყურებლო თეატრში ჩამოყალიბდა ე.წ. შექსპირული სცენა. ეს იყო ფიცარნაგი, მიწიდან ამაღლებული ადამიანის სიმაღლემდე (პარტერში მყოფნი სპექტაკლს ფეხზე მდგარნი უყურებდნენ).

სცენური ფიცარნაგის სხვა ტიპი, მიახლოებული ამჟამინდელთან, წარმოიშვა იტალიაში აღორძინების პერიოდში (მე-16 საუკუნის დასაწყისი), სადაც პერსპექტივის გამოყენებამ წარმოშვა სიღრმისეული პერსპექტივის მქონე სცენის პლანშეტი, რომელზეც აგებული იყო პერსპექტიული დეკორაციები (თეატრი ფერარეში, 1508). 1539 წ. ვიცენჩეში არქიტექტორმა ს. სერლიომ ააგო დროებითი თეატრალური შენობა, რომლის არქიტექტურულ კომპოზიციაში გააერთიანა ანტიკური თეატრის ტრადიციები (ამფითეატრი და პროსცენიუმი) და პერსპექტივის ახალი გამომსახველი საშუალებები. ეს კომპოზიცია იქცა მომავალი სცენა-კოლოფის პირველსახედ. 1585 წ. ფლორენციაში პირველად იქნა გამოყენებული კულისების მოწყობილობა ტელარიების სახით. 1794 წ. ჰამბურგში ფ.ლ. შრიოდორმა პირველმა გამოიყენა პავილიონი, რომელმაც სწრაფად ჰპოვა გავრცელება პირველი მბრუნავი სცენა შეიქმნა იაპონიაში (მე-18 ს. შუახანი). 1884 წ. ბუდაპეშტის საოპერო თეატრში წარმოიშვა სცენა, რომელშიც მოწყობილ იქნა ოთხპლანიანი ჰიდრავლიკური ამწეები აქვე პირველად გამოყენებულ იქნა ჰორიზონტის ეფექტი. 1896 წ. გერმანიაში კ. ლაუტენშლეგერმა გამოიგონა სცენის მბრუნავი წრე. მე-19 ს. ბოლოს იზრდება კოლოსნიკების სიმაღლე.

თანამედროვე თეატრის სცენა არის შემოფარგლული კოლოფი, რომელიც მაყურებელთა დარბაზს უერთდება პორტალის ღიადით. სცენის ზომები დამოკიდებულია მაყურებელთა დარბაზის ზომაზე. სცენის სათამაშო ნაწილი შედგება მოედნის, ავანსცენის, არიერსცენისა და კულისებისაგან.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები