თეატრალური ნაგებობები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თეატრალური ნაგებობები – სასცენო წარმოდგენებისათვის განკუთვნილი დახურული ან ღია ნაგებობა; შედგება სათავსების ორი ჯგუფისაგან – სამაყურებლო და სასცენო.

თეატრალური ნაგებობის უძველესი ნიმუშია ანტიკური ხანის ბერძნული თეატრი. საუკუნეთა მანძილზე აქ ჩამოყალიბდა ღია ტიპის ნაგებობა, რომლის ძირითადი სათამაშო ნაწილი იყო მრგვალი მოედანი – ორქესტრა. მის შუაგულში განთავსებული იყო მსხვერპლშეწირვის ადგილი როგორც რიტუალის ცენტრალური მოვლენა. ორქესტრას მოსდევდა დახურული მინაშენი – სკენე, სადაც მსახიობები იცვლიდნენ სამოსს. აქვე ინახებოდა რეკვიზიტი. სკენეს ახლდა მსახიობთა სათამაშო ნაწილიც – პროსკენე, რომელიც ემიჯნებოდა ორქესტრას, და ასევე ორი მინაშენი – პარასკენე (პროსკენეს მარცხენა და მარჯვენა ნაწილში), რომელიც გამოყენებული იყო და სხვადასხვა დანიშნულებით. ქოროს მოქმედება ძირითადად მიმდინარეობდა ორქესტრაზე, გმირებისა – პროსკენიუმზე. ორქესტრას ძირითად ნაწილს გარს ერტყმოდა მაყურებლისთვის განკუთვნილი, ბუნებრივ ფერდობზე განლაგებული ამფითეატრი (ე.წ. თეატრონი). მასსა და სკენეს შორის, მარცხენა და მარჯვენა მხარეს, დატოვებული იყო გასასვლელები, ე.წ. პაროდოსები, საიდანაც საჭიროების შემთხვევაში ქორო და მსახიობები გამოდიოდნენ ორქესტრაზე. თეატრალური ნაგებობები ათენში, ეპიდავროსში, ბერგამონში და სხვ. 10 ათასობით მაყურებელს იტევდა. ერთ-ერთი უძველესი თეატრალური ნაგებობა არის დიონისეს თეატრი ათენში (ააგეს მე-6 ს. ძვ. წ. გადააკეთეს მე-4 ს. ძვ. წ.). კლასიკურ და ელინიზმის პერიოდში აშენებდნენ ოდეონებს (მრგვალი სასცენო მოედანი. სახელწოდება წარმოდგება „ოდე“-დან სიმღერა).

რომის თეატრში ქორომ დაკარგა თავისი მნიშვნელობა, რის გამოც ორქესტრა შევიწროვდა; მაყურებელთა ადგილები განლაგებული იყო არა ბუნებრივ ფერდობზე, არამედ სუბსტრუქციაზე – თაღებითა და კამარებით დაკავშირებულ საბჯენების სისტემაზე. მზისა და უამინდობისაგან დასაცავად ეწყობოდა ტენტები, აშენებდნენ გადახურულ თეატრებსაც. დღემდე მოაღწია (მთლიანი ან ნანგრევების სახით) პომპეისა და მარცელიუსის თეატრებმა რომში, ორანჟის თეატრმა საფრანგეთში, თეატრებმა ესპანეთსა და აფრიკაში (და სხვ.).

შუა საუკუნეებში წარმოდგენები იმართებოდა ტაძრებში, ტაძრების წინ, ქალაქის მოედნებსა და გალერეებით შემორტყმულ სასტუმროთა ეზოებში.

თეატრალური ნაგებობების მშენებლობა განახლდა აღორძინების ეპოქაში ჯერ იტალიაში, შემდეგ – ინგლისში, ესპანეთში და სხვა ევროპულ ქვეყნებში. მე-15 ს. მე-2 ნახ. იტალიაში აშენებდნენ ხის ამფითეატრიან, ერთი საუკუნის შემდეგ კი უკვე ანტიკური ტიპის ქვის კაპიტალურ თეატრალურ ნაგებობებს (თეატრი „ოლიმპიკო“ ვიჩენცაში, 1580-85 წწ.).

ინგლისში ჩამოყალიბდა თეატრალური ნაგებობის თავისებური სახე – დარბაზის მეტი ნაწილი ეჭირა ფიცარნაგს, რომელსაც სამი მხრიდან ერტყმოდა მაყურებელთა დასადგომი ადგილები პარტერში და დასაჯდომი ადგილები ლოჟებსა და იარუსებად განლაგებულ ვიწრო ბალკონებზე.

მე-18 ს. თეატრები სასახლეთა ნაწილს შეადგენდა სამოქალაქო ტენდენციებმა გამოიწვია თეატრის ნაგებობის ცალკე გამოყოფა. მე-18 ს. იარუსიანი სისტემის პარალელურად ვითარდება მაყურებელთა ადგილების ამფითეატრისებურად განლაგების სისტემა. შემდეგში ამფითეატრის უკანა რიგების თავზე მოეწყო შეკიდული ბალკონების სისტემა. ოვალური ან მრგვალი ფორმის ნაცვლად, დარბაზმა სწორკუთხედის ფორმა მიიღო.

თანამედროვე თეატრალური ნაგებობა ითვალისწინებს მსოფლიო გამოცდილებას და ამასთანავე ფართოდ იყენებს ტექნიკის მიღწევებს.

წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები