თოლია (პიესა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„თოლია“ (რუს. Чайка) — ანტონ ჩეხოვის ოთხმოქმედებიანი პიესა. დაიწერა 1895-1896 წლებში, პრემიერა 1986 წელს შედგა.

საგულისხმოა, რომ „თოლიას“ პირველ დადგმას პეტერბურგის „ალექსანდრინსკის თეატრში“ წარმატება არ მოჰყოლია, მეტიც, სპექტაკლი ჩავარდა, მაყურებელმა ვერ გაიგო ეს აბსურდული დიალოგები, დაუმთავრებელი ხასიათები, მათთვის და კრიტიკისთვისაც ეს ახალი დრამატურგია რებუსი შეიქნა, რამაც დიდი დარტყმა მიაყენა ავტორს. სწორედ ამიტომ არ თანხმდებოდა მოსკოვში დადგმას. სტანისლავსკი იგონებს, რომ ვერაფრით გაიგო, როგორ მოახერხა ნემიროვიჩ-დანჩენკომ ანტონ ჩეხოვის დათანხმება.

1898 წლის მაისში ნემიროვიჩმა დასტური მიიღო ჩეხოვისგან „თოლიას“ სამხატვრო თეატრის რეპერტუარში შეტანაზე.

ჩეხოვი ხარკოვის გუბერნიაში გაემგზავრა და სტანისლავსკი მარტო დატოვა პიესასთან. სტანისლავსკი წერდა: „ძალიან რთული ამოცანის წინაშე აღმოვჩნდი, რადგან, ჩემდა სამარცხვინოდ, მე არ მესმოდა პიესა... და მხოლოდ მუშაობისას ჩავწვდი და გაუცნობიერებლად შევიყვარე ის“

სამხატვრო თეატრში დიდი ვნებები გათამაშდა, შიში მეორე მარცხისა თან სდევდა როგორც ავტორს, ასევე დამდგმელ ჯგუფს, არადა, თეატრს ამ პიესით უნდა დაეწყო არსებობა. რეპეტიციები ხან წყდებოდა, ხანაც ახლდებოდა. ბოლოს და ბოლოს 1898 წლის 17 დეკემბერს სამხატვრო თეატრში პრემიერა შედგა.

სტანისლავსკი თავის მოგონებებში წერს, რომ პირველი მოქმედება საერთოდ არ ახსოვს, მხოლოდ სცენაზე და კულისებში დამდგარი კატაბალახას სუნი სცემდა ცხვირში. ბოლოს დაეშვა ფარდა და სიჩუმე, ბუზის გაფრენას გაიგონებდით, ისეთი სიჩუმე დადგა დარბაზში, მსახიობები გვერდულად იდგნენ, ვერ ბედავდნენ მაყურებლისკენ გახედვას და ამ შემაძრწუნებელი სიჩუმის შემდეგ წარმოუდგენელი ოვაციები ატყდა. მაყურებელი სცენაზე ავარდა, კოცნიდნენ მსახიობებს, ტიროდნენ და ავტორს ითხოვდნენ... ასეთ წარმატებას არავინ ელოდა, მაგრამ მოსახდენი მოხდა, შედგა დრამატურგისა და დასის ერთობა და ახალი სიტყვა, ახალ თეატრთან ერთად დაიბადა.

სპექტაკლის შემდეგ გამეფებული სიჩუმე სწორედ ის სიჩუმეა, რომელზეც ათეული წლების შემდეგ პიტერ ბრუკი დაწერს - მაშინ გაიმარჯვა დასმა, როცა მაყურებელი დუმს და ნანახს გონებაში და სულში ატარებს და აფასებსო. ეს მოხდა დეკემბრის იმ საღამოს სამხატვრო თეატრის სცენაზე.

სარჩევი

მოქმედი პირები

  • ირინა ნიკოლაევნა არკადინა, მეუღლის გვარი ტრეპლევა — მსახიობი
  • კონსტანტინ გავრილოვიჩ ტრეპლევი — მისი შვილი, ახალგაზრდა კაცი
  • პიოტრ ნიკოლაევიჩ სორინი — მისი ძმა
  • ნინა მიხაილოვნა ზარეჩნაია — ახალგაზრდა გოგონა, მდიდარი მემამულის ქალიშვილი
  • ილია აფანასიევიჩ შამრაევი — გადამდგარი პორუჩიკი, სორინის მმართველი
  • პოლინა ანდრეევნა — მისი ცოლი
  • მაშა — მისი ქალიშვილი
  • ბორის ალექსეევიჩ ტრიგორინი — ბელეტრისტი
  • ევგენი სერგეევიჩ დორნი — ექიმი
  • სემიონ სემიონოვიჩ მედვედენკო — მასწავლებელი
  • იაკობი — მუშაკი
  • მზარეული
  • მოახლე

შინაარსი

მოქმედება პეტრე ნიკოლაევიჩ სორინის მამულში ვითარდება. მისი და ირინა არკადინა, დისშვილი კონსტანტინე გავრილოვიჩ ტრეპლევი, ასევე ბორის ალექსეევიჩ ტრიგორინი - საკმაოდ ცნობილი (40 წლის) ბელეტრისტი სტუმრობენ. ტრიგორინს ნაცნობები ჭკვიან, უბრალო, კეთილსინდისიერ და ოდნავ მელანქოლიისკენ მიდრეკილ მამაკაცად ახასიათებენ. რაც შეეხება მის ლიტერატურულ მოღვაწეობას, საკმაოდ სასიამოვნო წასაკითხია, მაგრამ ტოლსტოის და ზოლას შემდეგ ვეღარ მიუბრუნდები. ყოველ შემთხვევაში, ტრეპლევი ასე თვლის.

ტრეპლევიც ცდილობს წერას. ფიქრობს რა, რომ თანამედროვე თეატრალური ფორმები მოძველებულია, ახალ გამომსახველობით ფორმებს ეძებს თეატრალურ ქმედებაში. მამულში შეკრებილნი პიესის გათამაშებას ელიან, ის ავტორმა დადგა და სცენოგრაფიად ლანდშაფტი გამოიყენა. სპექტაკლში ერთადერთი როლი ნინა ზარეჩნაიამ, ახალგაზრდა გოგონამ, მდიდარი მემამულეების ქალიშვილმა უნდა შეასრულოს. სწორედ მასშია შეყვარებული კონსტანტინე ტრეპლევი. მშობლები არ იზიარებენ შვილის გატაცებას თეატრით, ისინი კატეგორიული წინააღმდეგნი არიან, ამიტომაც გოგონა უნდა გამოიპაროს სახლიდან.

ტრეპლევისთვის მეორე წინაღობა გახლავთ საკუთარი დედა. ის დარწმუნებულია, რომ დედას არ მოეწონება შვილის ჩანაფიქრი, ვინაიდან იეჭვიანებს ბელეტრისტსა და ნინაზე. თან კონსტანტინე ფიქრობს, რომ ის დედას საერთოდ არ უყვარს, ვინაიდან, როცა 25 წლის შვილის გვერდითაა, მისი ასაკი თვალნათელი ხდება. ამას გარდა, შვილს მოსვენებას არ აძლევს დედის წარმატება, ის ხომ ცნობილი მსახიობია. ის თვლის, რომ მას და მის მეშჩანური ფესვების მამას მხოლოდ იმიტომ იღებენ სამსახიობო, ლიტერატურულ წრეებში, რომ არკადინას შვილია. მოკლედ, ბიჭი კომპლექსებითაა დახუნძლული. მას ისიც თრგუნავს, რომ დედას სააშკარაოზე გამოაქვს ტრიგორინთან რომანი და გაზეთებიც მუდმივად აკრიტიკებენ მსახიობს, წერენ, რომ ის ძუნწი, ცრუმორწმუნე და სხვის წარმატებაზე ეჭვიანობს, ისე ეჭვიანობს, რომ იძულებს კიდეც კონკურენტსო.

ამ ყველაფრის შესახებ კონსტანტინე, ნინას მოლოდინში, ბიძას, სორინს უყვება. ბიძაც თავის მხრივ გამოუტყდება, რომ წერა თვითონაც უნდოდა, ლიტერატორი სურდა გამხდარიყო, მაგრამ არ გამოუვიდა, ტალანტი არ ეყო. სამაგიეროდ, 28 წელისასამართლო დაწესებულებაში იმსახურა.

სპექტაკლს სხვა პერსონაჟებიც ელოდებიან: ილია აფანასევიჩ შამრაევი, გადამდგარი პორუჩიკი, რომელიც ამჟამად სორინის მოურავია, მისი ცოლი - პოლინა ანდეევნა და ქალიშვილი - მაშა, ექიმი ევგენი სერგეევიჩ დორინი, მასწავლებელი სიმონ სიმონიჩ მედვედენკო. მედვედენკო შეყვარებულია მაშაში, მაშას კი კონსტანტინე ტრეპლევი უყვარს.

ბოლოს და ბოლოს ზარეჩნაია მოდის, ის ნახევარი საათით გამოეპარა მშობლებს, ამიტომაც მაშინვე იწყებენ წარმოდგენას ფიცარნაგზე დეკორაცია არ არის: მხოლოდ ფარდა და კულისები. სამაგიეროდ, საოცარი ხედი იშლება ტბაზე. ჰორიზონტზე სავსე მთვარე მოჩანს, რომელსაც წყალი აირეკლავს. ნინა ზარეჩნაია თავიდან ბოლომდე თეთრ სამოსშია გამოწყობილი, ჯდება დიდ ქვაზე და იწყებს კითხვას დეკადენტური ლიტერატურის სტილში, რაც არკადინას არ ეპარება და აღნიშნავს კიდეც. მთელი კითხვის განმავლობაში არ წყდება ერთმანეთში გადალაპარაკება, მუსაიფი გააღიზიანებს ტრეპლევს, წყვეტს სპექტაკლს და მიდის. მაშა დაედევნება, რომ დაამშვიდოს. ამასობაში არკადინა ტრიგორინს ნინას წარუდგენს და ხანმოკლე საუბრის შემდეგ ნინა მიემგზავრება.

პიესა მაშას და დორინის მეტს არავის მოეწონა. დორინს უნდა, ტრეპლევს სასიამოვნო შეფასებები გაუზიაროს, რასაც აკეთებს კიდეც, მაშა კი ექიმს გამოუტყდება, რომ კონსტანტინე უყვარს და რჩევას ეკითხება, დორინი ვერაფრით ეხმარება.

ერთი კვირა გაივლის. სორინის სასადილო ოთახში მაშა ტრიგორინს ტრეპლევის მიმართ თავის გრძნობებზე მოუყვება, მაგრამ აქვე ამცნობს საკუთარ გადაწყვეტილებას - მედვედენკოს გაჰყვეს ცოლად, მიუხედავად იმისა, რომ ის საერთოდაც არ უყვარს. იქნებ ამ ნაბიჯმა კონსტანტინე დაავიწყებინოს. არკადინა შვილის გამო მოსკოვს მიემგზავრება, მასთან ერთად ტრიგორინიც, რომელიც ტრეპლევმა დუელში გამოიწვია. ნინა ზარეჩნაიაც მიემგზავრება, რადგან მსახიობობა სურს. ის პირველ რიგში ტრიგორინს ემშვიდობება და მედალიონს ჩუქნის, რომელზეც ბელეტრისტის წიგნიდან გვერდია 121 ამოტვიფრული. ტრიგორინი თავის წიგნს მოძებნის, გადაშლის 121-ე გვერდზე - „თუ ჩემი სიცოცხლე როდესმე დაგჭირდეს, მოდი და წაიღე!“ ტრიგორინი მზადაა, ნინას გაეკიდოს, ვინაიდან ჰგონია, რომ ეს სწორედ ის დიდი გრძნობაა, რომელიც აქამდე არ განუცდია. შეიტყობს რა საყვარლის გადაწყვეტილებას, ირინა არკადინა მუხლებში უვარდება და თხოვს - არ მიატოვოს. ტრიგორინი მოატყუებს, სიტყვიერად დაპირდება, მაგრამ მოსკოვის გზაზე უჩუმრად ნინას შეხვდება და გაიქცევიან.

გადის ორი წელი... სორინი უკვე 62 წლისაა, ავადმყოფობს,მაგრამ სიცოცხლის წყურვილი არ განელებია. მაშას და მედვედენკოს შვილი შეეძინათ, მაგრამ ბედნიერებას მათი ოჯახის კარი არ შეუღია. მაშას არც ქმარი უყვარს და არც შვილი ეხატება გულზე, ამის გამო მედვედენკო დიდ განცდებშია.

დორინი ნინას ბედითაა დაინტერესებული და ტრეპლევიც დაუზარელად უყვება მის თავგადასავალს. ტრიგორინს და ზარეჩნაიას შვილი შეეძინათ, რომელიც მალევე გარდაეცვალათ. ტრიგორინს გადაუყვარდა ნინა და არკადინას დაუბრუნდა. მკაცრმა მშობლებმა უარი თქვეს ქალიშვილზე, ის თავდაუზოგავად შრომობდა, მაგრამ პოპულარობა ვერ მოიპოვა, როგორც მსახიობმა. ის ტრეპლევს სწერდა წერილებს, რომლებშიც არასდროს წუწუნებდა. წერილს ხელს ასე აწერდა - თოლია. ის ახლა ქალაქშია და კონსტანტინეს სტუმრობას დაპირდა, რაც დაუჯერებელია.

მაგრამ ტრეპლევი შეცდა... მოულოდნელად ნინა ესტუმრება. კონსტანტინეც მერამდენეჯერ შესთავაზებს ხელს და გულს, ის მზადაა, ყველაფერი დაივიწყოს და აპატიოს, მაგრამ ნინას ისევ ტრიგორინი უყვარს. ის იმიტომ მოვიდა, რომ პროვინციაში მიემგზავრება სათამაშოდ და ტრეპლევსაც ეპატიჟება, შეაფასოს მისი სამსახიობო ხელოვნება, როცა ის დიდი ვარსკვლავი გახდება.

ნინას წასვლის შემდეგ განრისხებული და გამწარებული ტრეპლევი მთელ თავის ხელნაწერებს ხევს და მაგიდის ქვეშ ყრის. გადის სხვა ოთახში. ამ დროს არკადინა, დორინი, ტრიგორინი და სხვები შემოაბიჯებენ ტრეპლევის ოთახში, ისინი მშვენიერ განწყობაზე არიან და მოლხენას აპირებენ. უეცრად სროლის ხმას გაიგებენ, დორინს ჰგონია მისი რომელიმე წამლის ქილა აფეთქდა და გარბის შესამოწმებლად, უკან დაბრუნებულს ტრიგორინი ავანსცენაზე გაჰყავს და ეუბნება: „ირინა ნიკოლაევნა სადმე გაიყვანეთ, ეს წუთია კონსტანტინ გავრილოვიჩმა თავი მოიკლა“.

„თოლიას“ მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა ახალგაზრდობა, რომელიც მუდმივ კონფლიქტშია წარსულის დოგმატებთან, ვისთვისაც ყველა და ყველაფერი - წინაღობაა, რომელიც, რაც შეიძლება, მოკლე დროში უნდა გადალახოს და დაამარცხოს. ეს ამბოხი სამართლიანიც არის და ამავე დროს ვიწრო დიაპაზონისაც, რადგან უპირისპირდება ფეტიშებს და კერპებს და ამავე დროს ხელოვნების კანონების მარადიულობასაც აღიარებს. მეამბოხე არ ინდობს არამარტო მოწინააღმდეგეებს, არამედ საკუთარ თავსაც. ეს აზრია „თოლიაში“ გატარებული. ახალგაზრდა მეამბოხე ტრეპლევის გვერდით არსებობენ მისი უზურპატორები, რომლებიც ხელოვნებაში იტაცებენ ადგილებს - დედა მსახიობი თავისი საყვარლით, მასწავლებელიც (მედვედენკო), რომელიც ეწინააღმდეგება ხელოვნების განვითარებას და ცხოვრების არსს ყოფით საკითხებში ხედავს და თვლის, რომ ხელოვნებამ სწორედ ეს ყოფა უნდა ასახოს.

ანალიზი

თავდაპირველ ვერსიაში თვითონ თოლია, პიესის გმირი, არ არსებობდა, ჩანაწერებში ვერ ვხვდებით ნინა ზარეჩნაიას.

1895 წლის ივლისში ჩეხოვი ჯერ კიდევ ამუშავებდა პიესის სიუჟეტს და მხოლოდ ოქტომბერში მთავარი გმირის გვერდით გამოჩნდა პერსონაჟი ქალი - ნინა-თოლია. თოლიას დაბადებით ხელოვნებაში ახალი გზების ძიება მყარად გადაეჯაჭვა სიყვარულის თემას. პიესაში მაშას უყვარს ტრეპლევი, ტრეპლევს - ნინა, ნინას - ტრიგორინი, არკადინას - ტრიგორინი,მედვედენკოს - მაშა. ყველამ ყველაფერი იცის, ყველა გულწრფელია და საკუთარი მიზნისკენ მიემართება ისე, რომ არ დაგიდევთ დანარჩენების გრძნობებს, ყველას საკუთარი სიმართლე აქვს და თუ რას მოიტანს ეს სიმართლე, ამაზე არცერთი არ ფიქრობს.

პიესაში თითოეული პერსონაჟის სიყვარული უპასუხოდ რჩება, ამას მივყავართ მეორე თემამდე. გაუცხოება და მარტოობა ქმედების რაღაც ეტაპზე ყველა პერსონაჟს ეწვევა. ყველაზე იზოლირებული პერსონაჟი კონსტანტინეა. „თოლიაში“ არის შექსპირის „ჰამლეტის“ ხაზი. პიესაში ისევე თამაშდება დედის დაბრუნების, შვილისკენ მობრუნების ხაზი, როგორც შექსპირთან. ტრეპლევს ისევე სურს დედის ტრიგორინისგან განცალკევება, როგორც ჰამლეტს გერტრუდასი ბიძამისისგან, ორივე პერსონაჟის გონება და სული ილტვის დედების დაბრუნებისკენ, მათი სიმართლისკენ მოსაბრუნებლად. ამაშიც მარტოა ტრეპლევი (ისევე როგორც ჰამლეტი), ის იზოლირებულია საკუთარი მხატვრული სტილის გამოც, რომლის შექმნაც ასე სწყურია, მაგრამ დარწმუნებულია, რომ ამაში დედა უშლის ხელს, არკადინაა მისი ბედისწერა. ტრეპლევის ბოლო იმედი ნინაც უარს ეუბნება სიყვარულზე და ის სასოწარკვეთილია... თუ ყურადღებით წავიკითხავთ პიესას, უკვე მეორე და მესამე მოქმედებას შორის მივხვდებით, რომ კონსტანტინე განწირულია, რომ ის სუიციდით დაასრულებს სიცოცხლეს.

ზუსტად ასე მარტოსულად გრძნობს თავს სორინიც, მას არასდროს სწვევია ნამდვილი სიყვარული და არც ეწვევა. რაც შეეხება ნინა-თოლიას, მან სიყვარული, შვილი და მშობლებიც დაკარგა, ის სულ მარტოა, ისიც განწირულია. როცა ადამიანი მარტო რჩება, ის ავტომატურად იწყებს ფიქრს და განსჯის საკუთარ ცხოვრებასა და ქმედებებს, ფიქრობს, როდის და რა შეეშალა, რა არ გააკეთა სწორად. ამ რეფლექსიას მივყავართ მესამე თემამდე - თვითშეფასების, რომელიც მოიცავს თვითშემეცნებასაც.

პერსონაჟებს ამისთვის დრო საკმარისად აქვთ, ჩეხოვის შემოქმედების მთავარი იდეა ხომ შინაგან მოქმედებაში გამოიხატება. სორინი თვლის, რომ მან ქალაქში უნდა იცხოვროს, რადგან სოფლის გარემოში მხოლოდ წამოგორება და ძილი შეუძლია. არკადინა დარწმუნებულია, რომ იმიტომ გამოიყურება მაშაზე ახალგაზრდულად, რომ სულ ქმედებასა და მოღვაწეობაშია, „ჩემი გული და გონება ყოველთვის დაკავებულია“ - ამაყად ამბობს ის. სორინი თვლის, რომ მიუხედავად ალკოჰოლის და თამბაქოს ჭარბი მიღებისა, დორინი მაინც სისხლსავსე ცხოვრებით ცხოვრობს. ნინა საკუთარ ცხოვრებას აფასებს იმით, რომ დარწმუნებულია, სახელოვანი მსახიობი გახდება. და სანამ პერსონაჟები თვითშეფასებით არიან დაკავებულები, ისინი ინტერესდებიან ცხოვრების აზრით, აი ესეც შემდეგი თემა პიესისა.

ეს არის ეგზისტენციალიზმის თემა. ეგზისტენციალიზმი გულისხმობს, რომ კაცობრიობამ უნდა მიაგნოს იმ მთავარს, რაც ცხოვრებას გააზრებულს და ლოგიკურს გახდის, ცხოვრება გაცნობიერებული საქციელების ჯაჭვად უნდა იქცეს და ადამიანიც აღარ იქნება დაკარგული ამ სამყაროში. ერთ-ერთი ასეთი პერსონაჟია მაშა, რომელიც პირველივე სცენაში ტრაურით გვევლინება, მედვედენკოს საყვედურზე: „მიუხედავად იმისა, რომ 23 მანეთი მაქვს ჯამაგირი, თქვენსავით ჭირისუფალივით არ ვიცვამ!“ მაშას პასუხი: „ღარიბ ადამიანსაც შეუძლია იყოს ბედნიერი“. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ქალის ცხოვრება აზრს და ხალისს მოკლებულია, ის უიმედოდ შეყვარებულია და იცის, რომ საწადელს ვერასდროს მიაღწევს.

„გავთხოვდები და სიყვარულზე ფიქრის თავიც აღარ მექნება, ათასი საზრუნავი გამიჩნდება, ყველაფერი დამავიწყდება“. - ამბობს მაშა. კონსტანტინე და ნინა კი ცხოვრების აზრის პოვნას შემოქმედებაში, მუშაობაში აპირებენ. კითხვისას არასდროს რჩება შთაბეჭდილება, რომ ტრეპლევის გულში სიცარიელეს მისი გამოქვეყნებული ნაშრომები, ტექსტები შეავსებენ. ზუსტად ასევე ვერასდროს გაიგებს სორინი, თუ რისთვის მოევლინა ქვეყნიერებას, რა მისია აქვს დაკისრებული, და საერთოდ რატომ არის ჯერ კიდევ ცოცხალი?

და უკანასკნელი თემა, რომელიც უთუოდ განსახილველია - შემოქმედის თემაა. ოთხივე მთავარი გმირი - არკადინა, ნინა, კონსტანტინე და ტრიგორინი - ხელოვანები არიან. ზოგი დამწყები და ზოგიც განთქმული. ოთხივე შეყვარებულია, მაგრამ სხვადასხვაგვარად უმკლავდებიან საკუთარ სიტუაციას. ტრეპლევი საკუთარ ოსტატობას ხმარობს, რომ დედის ქება დაიმსახუროს, თან ფიქრობს, რომ თავისი წარუმატებელი საქმიანობის ბრალია, რომ ნინას სიყვარული ვერ დაიმსახურა. ის ამბობს: „ყველაფერი იქიდან დაიწყო, როცა ჩემი პიესა ჩავარდა, ქალი არასდროს გპატიებს მარცხს!.“ კონსტანტინეს საწინააღმდეგო მხარესაა წარმატებული და ცხოვრებით კმაყოფილი ტრიგორინი, რომელიც საკუთარი დიდების გამო მუდამ ყურადღების ცენტრშია. მას ყველა პატივს სცემს და არ განიკითხავს, ამიტომაც გასაგებია ტრეპლევის შეურაცხყოფილი გრძნობები, მისი მარცხის სიმწარე. ყველაფერ ამას კი ნინას უარი ემატება და მისი გრძნობების გამოაშკარავება ტრიგორინის მიმართ კონსტანტინეს ფეხქვეშ მიწას გამოაცლის. კონსტანტინე დამარცხდა, როგორც ტრიგორინთან, არკადინასთან და ნინასთან, ასევე საკუთარ თავთან. თვითმკვლელობით კონსტანტინე ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს.

ენა, დიალოგები, სიმბოლიკა

დიალოგების საშუალებითაა პიესა დაძაბული, დინამიკური, იმიტომ, რომ მოქმედება არც ისე ბევრია. ამ მიზეზით ტექსტი სავსეა პაუზებით, განსაკუთრებით ქმედებებს შორის, ეს პაუზები და სიჩუმე ფუნქციურია, ისეთივე მონაწილეობას იღებენ ქმედებაში და განწყობის შექმნაში, როგორსაც დიალოგები. ჩეხოვი გასაგები ენით საუბრობს, არ შეაქვს ტექსტში მაღალფარდოვანება. „სიტყვას“ მასთან პირველადი მნიშვნელობა აქვს. პერსონაჟები ცხოვრების ჭეშმარიტი გამოვლინებები არიან, ამიტომაც ურთიერთობენ ამგვარად, ანუ ისე, როგორც რეალურ ცხოვრებაში. ხანდახან ისინი მოკლე წინადადებებით საუბრობენ და არა აბზაცებით, ამით ქმედების დატვირთვას აძლიერებენ. კონსტანტინეს პიესა „თოლია“ გაფორმებულია, როგორც პერსონიფიკაცია... და საწყალი მთვარე, ამ შემთხვევაში, სულ ტყულად „ინთება“. ჩეხოვს უყვარს გამოჩენილ პერსონაჟებთან გასაუბრება, მიმართვა, მაგ: ნაპოლეონთან, ცეზართან, მაკედონელთან. ის ასევე ხმარობს შექსპირიდან ციტატებს: „Thou turn'st my eyes into my very soul“ - „შენ ჩემ თვალს, ჩემი გულისკენ მიმართავ“. როგორც უკვე აღვნიშნე „თოლიასა“ და „ჰამლეტს“ შორის არსებობს რამდენიმე შედარება. დიალოგი სავსეა აღწერებით, ჩეხოვი პიესის უმცირეს დეტალებსაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. მაგალითად, როცა არკადინა ამბობს, რომ რა შესანიშნავად გამოიყურება, ის მართლაც გამოდის როლის ჩარჩოებიდან. დორინი ხშირად მღერის ერთსა და იმავე სტრიქონს, პერსონაჟები ხშირად სხდებიან და ცხოვრების ამაოებაზე ფილოსოფიურად მსჯელობენ. ჩეხოვი ხშირად მიმართავს მეტაფორებს. მაგალითად, როცა ტრეპლევს უნდა გადმოსცეს ნინას მიმართ საკუთარი გრძნობები, ის ამბობს: გაიღვიძე იმისთვის, რომ აღმოაჩინო - ეს ტბა ამოშრა და მიწად იქცა.

სიტყვების გამეორებას კი ეგზისტენციალური ახსნა აქვს, ისინი მეორდებიან იმიტომ, რომ არაფერი იცვლება იმათ ცხოვრებაში, ვინც ამ სიტყვებს იმეორებს და იმეორებს, სტაგნაციას მოუცავს სორინის მამული. უმეტესი სიტყვები სამჯერ მეორდება. სამი ცუდის მაუწყებელი, უბედურების მომტანი ციფრია. ვინაიდან პიესა ნატურალისტურია, ჩეხოვი ყოველდღიურობიდან იღებს ფრაზებს, მაგ: უნდა ვწერო, ვწერო, ვწერო. ჩეხოვის ხერხი - დააჯილდოვოს საკუთარი პერსონაჟები ათასობით დეტალით, იმისთვის, რომ ისინი დარჩნენ ერთგულნი საკუთარი თავისა, ამავდროულად, პერსონაჟები ურთიერთქმედებენ და საერთო განწყობასაც ასახავენ.

პიესის მთავარი სიმბოლო თოლიაა, პიესასაც ასე ჰქვია. რაც არ უნდა უცნაური იყოს, მანამდე ჩეხოვი მკვდარ ჩიტს გადააწყდა სანაპიროზე. პიესის დასაწყისშივე ახსენებენ თოლიას და შემდეგაც სულ ჩაგვესმის თოლია, თოლია, თოლია. ის სიმბოლოა უცოდველი ჩიტის, რომელსაც ხანმოკლე სიცოცხლე აქვს. თავიდან თოლიას ტრეპლევთან ვაიგივებთ, შემდეგ ის კლავს მას და ნინას ფეხებთან უდებს, ემუქრება, რომ მის სიცოცხლესაც ასე დაამთავრებს. კონსტანტინე მანამდე, სანამ თოლია არ მოკლა, თავს დამწყებ ხელოვანად თვლიდა, სწორედ ის თოლია გამოასალმა სიცოცხლეს, რომელსაც დედამისი ვერ იტანდა. ძალადობა, რომელსაც კონსტანტინე სჩადის უსუსურ ჩიტზე, გვევლინება იმ შინაგან კონფლიქტად, იმ ძალადობის წყურვილად, რომელიც ტრეპლევშია და არსად მიდის. როცა ნინა ზარეჩნაია ტრიგორინს წერილებს სწერს, ასევე ასოცირებს თოლიასთან საკუთარ თავს. ის გადატანილი ქარტეხილების შემდეგ ძალას იკრებს, როგორც თოლია და ამბობს - მე თოლია ვარ...

პიესაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიმბოლოა - ტბა. თითოეული პერსონაჟისთვის მას განსხვავებული მნიშვნელობა აქვს. ტრიგორინისთვის ეს ადგილი სიმშვიდის ნავსაყუდელია, სადაც მას საათობით შეუძლია თევზის ჭერა და ფიქრი. ნინასთვის ეს ადგილი თავშესაფარია, რომელიც სახლს აგონებს და თავს კომფორტულად მხოლოდ აქ გრძნობს. ტრეპლევისთვის ტბა ინსპირაციაა, რომლისგანაც სასურველ სისადავეს იღებს საკუთარი დადგმის დეკორაციისთვის.

ვინაიდან ჩეხოვი ნატურალიზმისკენ იხრება, პიესაში ამინდი ხასიათის სიმბოლო ხდება. ყოველ ჯერზე, როცა ქარიშხალი ამოვარდება, მკითხველმა იცის, რომ პერსონაჟებს შორის კამათი დაიწყება. ცუდი ამინდია, როცა ტრეპლევის სპექტაკლი ჩავარდება და ცუდი ამინდია, როცა ის თავს იკლავს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, ამინდს ჩეხოვი იყენებს როგორც ავის მომასწავებელ ნიშანს.

სწორედ ჩეხოვია ის დრამატურგი, რომელსაც ოთხ არც თუ დიდ მოქმედებაში შეუძლია ჩაატიოს ადამიანის ტკივილი, სიხარული, სასიყვარულო სამკუთხედი, სუიციდი, შემოქმედებითი წვა, სიმბოლოებით დატვირთული ქმედებები და პაუზები.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები