ჩეხოვი ანტონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ანტონ ჩეხოვი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანტონ ჩეხოვი

ანტონ ჩეხოვი − (რუს. Антон Чехов, 1860-1904), რუსი ექიმი, მწერალი, დრამატურგი.

ანტონ პავლეს ძე ჩეხოვის სახელს უკავშირდება, სრულიად ახალი ტიპის თეატრის დაბადება ჯერ რუსეთში და შემდგომ მთელ დასავლურ სამყაროში. აღსანიშნავია, რომ მსოფლიომ ჩეხოვი არა მისი პროზით, არამედ დრამატურგიით გაიცნო. ჯერ დრამატურგია გაითავისეს, შეიყვარეს და შემდგომ დაინტერესდნენ ჩეხოვის პატარა მოთხრობებით და პროზით. შეიძლება სწორედ იმიტომ, რომ მკურნალი ექიმი იყო, ის განსაკუთრებულად კარგად იცნობდა ადამიანს, მის ბუნებას, მის გენეტიკურ, თუ შეძენილ თვისებებს, იცნობდა და უყვარდა ადამიანი.

მის შემოქმედებაში აისახა რუსეთის ინტელიგენციის ზნეობრივი სამყარო, მოქალაქეობრივი დაუკმაყოფილებლობა, ცხოვრების აზრის ძიებანი.

ის გლეხის ოჯახიდან გახლდათ. დაიბადა 1860 წლის 17/29 იანვარს ტაგანროგში. მამამისი მესამე გილდიის ვაჭარი გახლდათ. ჩეხოვის ბავშვობამ დაუსრულებელ რელიგიურ ზეიმებსა და დაბადების დღეების აღნიშვნაში გაიარა. მან სწავლა ტაგანროგის ბერძნულ სკოლაში დაიწყო. გიმნაზისტი ანტონი ადგილობრივი გაზეთებისთვის იუმორისტულ მოთხრობებს, ფელეტონებს წერდა. 1876 წელს ჩეხოვის მამა გაკოტრდა და ანტონი იძულებული გახდა თავი თვითონ ერჩინა.

1879 წელს მოსკოვის სამედიცინო უნივერსიტეტში აბარებს და პარალელურად მასწავლებლობას იწყებს. 1882 წლიდან ჩეხოვს გვერდით ცნობილი ექიმები იყენებენ და ნიჭიერ სტუდენტს ასისტირების უფლებას აძლევენ.

ჩეხოვი წარმატებული ექიმი გახლდათ, მაგრამ როგორც თვითონ ამბობდა, გადაღლისას კალამს იღებდა ხელში და წერდა და წერდა. ასე მიიღო კაცობრიობამ გენიოსი შემოქმედი. ჩეხოვი ჭლექით დაავადდა, მაგრამ ამ გარემოებასაც იუმორით უდგებოდა და წუთს არ კარგავდა, რომ არ ემუშავა. ის 44 წლის ასაკში გერმანიაში გარდაიცვალა. სიკვდილის წინ ექიმს უთხრა: ნუღარ გაირჯებით - მე ვკვდები, ოღონდ დიდი ხანია შამპანური არ გამისინჯავს, იქნებ ერთი ბოკალი მომიტანოთო. დაცალა ჭიქა და მიიცვალა. სიკვდილიც თეატრალური მოიწყო.

80-90 წლების მიჯნაზე მან შექმნა რამდენიმე დრამატურგიული ეტიუდი და ვოდევილი: „თამბაქოს მავნებლობის შესახებ“, „გედის სიმღერა“, „დათვი“, „ქორწილი“, „უნებლიე ტრაგიკოსი“, „იუბილე“. 80-იანი წწ. მე-2 ნახევარში დაწერა პიესები „ივანოვი“ და „ტყის კაცი“. ამ ბოლო ნაწარმოების (მიჩნეული იყო შემოქმედებით მარცხად) გადამუშავების შედეგად შეიქმნა პიესა „ძია ვანია“. 1895–1903 წწ. იგი ქმნის თავის საუკეთესო ნაწარმოებებს – „თოლია”, „ძია ვანია“, „სამი და“, „ალუბლის ბაღი“. მისი გმირების ამაღლებული ოცნებები ლირიკულ-მჭვრეტელობითია, მათი რომანტიკული სწრაფვანი რეალობასთან შეუსაბამოა. სინამდვილის წინაშე ისინი უსუსურნი და დაუცველნი არიან.

ბოლო პერიოდში შექმნილი მისი პიესები არ ექვემდებარება ტრადიციულ ჟანრულ განსაზღვრებას. პერსონაჟების დრამატული განცდები დამოკიდებულია არა იმდენად ურთიერთდაპირისპირებაზე, რამდენადაც მთლიანად მათი ცხოვრების შიდა წინააღმდეგობებზე. ამის გამო სიუჟეტური ინტრიგა არ გვევლინება მოქმედების ორგანიზატორად. კონფლიქტი გატანილია მეორე პლანზე. გმირების დახვეწილი ემოციონალური რეაქციები ამ პიესებს ანათესავებს იმპრესიონიზმთან. სწორედ ამან წარმოშვა დიალოგების „ქვეტექსტურობა“, ესოდენ ღრმა ჩეხოვის პიესებში.

XX საუკუნის თეატრი წარმოუდგენელია ჩეხოვის პიესების გარეშე, იგი ერთ-ერთი ყველაზე რეპერტუარული დრამატურგია მსოფლიოს მასშტაბით.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები