ვოდევილი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მარინე თბილელი და ვასო გოძიაშვილი სპექტაკლში "ძველი ვოდევილები"

ვოდევილი – (ფრანგ. vaudeville), მსუბუქი კომედიის ჟანრი, რომელშიც დიალოგი და დრამატული მოქმედება, აგებული თავშესაქცევ ინტრიგაზე, ანეკდოტურ სიუჟეტზე, შეხამებულია მუსიკასთან, სასიმღერო კუპლეტებთან, ცეკვასთან.

ვოდევილი აღმოცენდა საფრანგეთში. პირველ ხანად „ვოდევილი“ ერქვა სასიმღერო კუპლეტებს განმეორებადი მისამღერით, რომელიც შეჰქონდათ ბაზრობების თეატრის წარმოდგენებში ჯერ კიდევ მე-18 ს. პირველ ნახევარში (ლესაჟი, ფიუზელიე, დორნევალი და სხვ.). ვოდევილი როგორც თეატრალური ჟანრი ჩამოყალიბდა ფრანგული ბურჟუაზიული რევოლუციის პერიოდში (1789-1794). დრამატურგებმა პიისუმ და ბარრემ პარიზში გახსნეს თეატრი „ვოდევილი“ (1792), რასაც მოყვა სხვა ვოდევილური თეატრების დაარსება – „ტრუბადურების თეატრი“, „მონტანსიეს თეატრი“ (და ა.შ.).

იაკობინელების დიქტატურის ხანაში ვოდევილმა სწრაფად შეიძინა პოლიტიკური ხასიათი, თუმც რევოლუციის მარცხის შემდეგ, ასევე სწრაფად დაუბრუნდა მსუბუქ სენსაციურობას, შემთხვევითობების გამრთობ თამაშს. გამრთობი ვოდევილის ყველაზე პოპულარული ოსტატი იყო ეჟენ სკრიბი, რომელმაც დამოუკიდებლად და ნაწილობრივ თანაავტორობითაც დაწერა 150 პიესაზე მეტი. მე-19 საუკუნის შუა ხანების ფრანგული ვოდევილის მეორე დიდოსტატად მიჩნეულია ეჟენ ლაბიში.

ვოდევილთან მნიშვნელოვანწილად დაკავშირებულია მე-19 საუკუნის კომედიური სამსახიობო ხელოვნების განვითარება. ვოდევილში მსახიობს მოეთხოვებოდა ბუნებრიობა, უშუალოება, იმპროვიზაციულობა, იუმორის გრძნობა, მაყურებელთან ცოცხალი კონტაქტის დამყარება. ამავე ხანებში ვოდევილის საფუძველზე ჩამოყალიბება იწყო ოპერეტამ, ფაბულით და მუსიკალური კომპოზიციით გაერთიანებულმა ჟანრმა, რომელმაც საგრძნობლად შეავიწროვა ვოდევილი და თავად იქცა წამყვან მუსიკალურ-კომედიურ ჟანრად.

საქართველოში ვოდევილის ჟანრის დამკვიდრება დაკავშირებულია რაფიელ ერისთავის მოღვაწეობასთან. ამ ჟანრს ყურადღებას სიამოვნებით უთმობდნენ ა. ცაგარელი, ა. წერეთელი, ქ. ბახუტაშვილი, ვ. გუნია, ი. გრიშაშვილი. იგი ძალზედ ორგანულად შეერწყა ქართულ სამსახიობო ხელოვნებას ვოდევილის ჟანრში ბრწყინავდნენ: ვ. აბაშიძე, ნ. გაბუნია, მ. საფაროვა-აბაშიძე, კ. მესხი, ელ. ჩერქეზიშვილი, ვ. ურუშაძე, ნ. გოცირიძე, ვ. გოძიაშვილი, რ. ჩხიკვაძე, ელ. ყიფშიძე, მ. თბილელი, ეკ. ვერულაშვილი (და სხვ.).


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები