დიფერენციალური აღრიცხვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დიფერენციალური აღრიცხვამათემატიკის დარგი, რომელიც შეისწავლის ფუნქციის წარმოებულისა და დიფერენციალის ცნებას და მათი გამოყენების ხერხებს ფუნქციის გამოსაკვლევად. დიფერენციალური აღრიცხვის განვითარება მჭიდროდ არის დაკავშირებული ინტეგრალური აღრიცხვის განვითარებასთან. განუყოფელია მათი შინაარსიც. ისინი ერთად შეადგენენ მათემატიკური ანალიზის საფუძველს. დიფერენციალური აღრიცხვის შექმნის ძირითად წინაპირობას წარმოადგენს მათემატიკაში ცვლადი სიდიდის შემოღება (რ. დეკარტი). დიფერენციალური და ინტეგრალური აღრიცხვის აგება ზოგადი სახით ჩამოყალიბებულია ი. ნიუტონის და გ. ლაიბნიცის შრომებში, სადაც შემოღებულია ძირითადი ცნებები – წარმოებული და დიფერენციალი. დიფერენციალური აღრიცხვის შემდგომი განვითარება მოცემულია ლ. ეილერის და ჟ. ლაგრანჟის შრომებში.

დიფერენციალური აღრიცხვა ემყარება მათემატიკის უმნიშვნელოვანეს ცნებებს (ნამდვილი რიცხვი, ფუნქცია, ზღვარი, უწყვეტობა), რომელთა განსაზღვრა და გამოკვლევა წარმოადგენს მათემატიკური ანალიზის შესავალს. დიფერენციალური აღრიცხვის აპარატის ცენტრალური ცნებებია წარმოებული და დიფერენციალი.

დიფერენციალური აღრიცხვის დაფუძნება დაკავშირებულია ზღვართა თეორიის საკითხებთან. ამ საქმეში დიდი ღვაწლი მიუძღვით ო. კოშის, ბ. ბოლცანოს და კ. გაუსს.

დიფერენციალური აღრიცხვის მთავარი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ფუნქციის მთლიანი თვისებების აღსაწერად შევისწავლოთ და გამოვიკვლიოთ ფუნქციის ლოკალური თვისებები; ფუნქციათა გამოკვლევა კი უმთავრესად ხდება წარმოებულების საშუალებით. კავშირი ფუნქციისა და მისი წარმოებულების (დიფერენციალების) თვისებებს შორის გამოსახულია დიფერენციალური აღრიცხვის ძირითად თეორემებში (როლის თეორემა, ლაგრანჟის ფორმულა, ტეილორის ფორმულა და სხვ.). ამ თეორემების საშუალებით ხერხდება ფუნქციის ქცევის დეტალური გამოკვლევა: წირის ამოზნექილობა და ჩაზნექილობა, ზრდადობა და კლებადობა, ექსტრემუმები, ასიმპტოტები და გადაღუნვის წერტილების პოვნა, სიმრუდის გამოთვლა, განკუთრი წერტილების ხასიათის გამორკვევა და სხვ.; ხდება ფუნქციათა სხვადასხვა სახის ზღვრების გამოთვლა, კერძოდ, განუსაზღვრელობის გახსნა.

სახელწოდება „დიფერენციალური აღრიცხვა“ ეკუთვნის ლაიბნიცს.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები