ხეზე კვეთა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხეზე კვეთა – დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების სახეობა, რომელიც გავრცელებული იყო უხსოვარი დროიდან. მის დამკვიდრებას ყოფაცხოვრებასა და არქიტექტურაში ხელი შეუწყო დასამუშავებელი მასალის (მერქნის) მოპოვების სიმარტივემ და საჭრელი ინსტრუმენტების (ქვა, ძვალი, ბრინჯაო, ფოლადი და სხვ.) არსებობამ. ანტიკური პერიოდიდან დღემდე უამრავი არქიტექტურული ძეგლია შემორჩენილი, შემკული უნიკალური ხის ჩუქურთმებითა და ხვეულებით, რომლებსაც დღესაც აღფრთოვანებაში მოჰყავს მნახველი.

ხეზე კვეთის მრავალი სახეობაა ცნობილი, რომელთაგან შეიძლება გამოვარჩიოთ: აჟურული, ბრტყელრელიეფური, გამჭოლი, გაჭრილი, გახერხილი, გეომეტრიული, კონტურული, მხატვრული, რელიეფური, სკულპტურული და სხვ.

სარჩევი

აჟურული ხეზე კვეთა

მერქნის მხატვრული დამუშავების ერთ-ერთი სახეობა, რომლის დროს ხის ფონი პრაქტიკულად მთლიანად ქრება და რჩება მხოლოდ გამოსახულება, რაც მას აახლოებს ხის მოცულობით კვეთასთან. საყოფაცხოვრებო საგნებისა და საავეჯო დეტალების დასამზადებლად, როგორც წესი, გამოიყენება ფოთლოვანი ჯიშის მერქანი – ცაცხვი, არყის ხე, ვერხვი, წაბლი, აკაცია და სხვ., ხოლო არქიტექტურული დეტალებისა და ნატეხების დასამზადებლად – წიწვოვანი ჯიშის მერქანი ლარიქსისა და ფიჭვის სახით. აჟურულ კვეთას ყოველთვის აწარმოებენ ხელით. საჭრელ ინსტრუმენტებად გამოიყენება ბეწვა ხერხი, თხელპირიანი ხერხი, სატეხი, დანა, ხვეწი და სხვ. ხეზე კვეთის ეს სახეობა ფართოდაა გავრცელებული ჩრდილოეთის ქვეყნებსა და შუა რუსეთში, აგერეთვე დიდი წარმატებით იყენებდნენ დასავლეთ საქართველოში ოდა სახლების ფასადების, ფანჯრისა და კარის ფრონტონების, აივნების, მოაჯირების და მისთ. მოსართავად.

ბრტყელრელიეფური ხეზე კვეთა

ხეზე კვეთის ერთ-ერთი გავრცელებული სახეობა. მისი ძირითადი მოტივებია: მცენარეული მოტივები და ცხოველებისა და ადამიანების სტილიზებული გამოსახულებები. დამზადების ტექნიკა შედარებით მარტივია - წინასწარმომზადებულ ნაკეთობაზე დაიტანება ნაკვეთი სამკაული. პირველ რიგში მჭრელი ინსტრუმენტით დაიხაზება კონტური და ხვეწის მეშვეობით გაკეთდება ფონი. შემდეგ, დამუშავდება რელიეფი დამატებითი ჩანაჭრებით, რომელიც ახდენს გამოსახულების მოდულირებას ფოთლის ძარღვების, ცხენის ფაფარის, წვრილი დეტალებისა და სხვათა სახით. სურათის სირთულის მიხედვით შეირჩევა საჭრელი ინსტრუმენტების კომპლექტი (ზოგჯერ 60-მდე სხვადასხვა პროფილისა და ზომის საჭრეთელი და ხვეწი). გამოყენების სფეროა საცხოვრებლების დეკორი და შენობების ინტერიერები.

გახერხილი ხეზე კვეთა

იგივეა, რაც ხეზე კვეთა აჟურული, რომელშიც ბრტყელი გამჭოლი უბნები შესრულებულია ბეწვა- ან ბრტყელპირა ხერხით.

გეომეტრიული ხეზე კვეთა

მერქნის ორნამენტული კვეთის ყველაზე ძველი და გავრცელებული სახეობა. მზადდება ორ-. სამ- და ოთხწახნაგოვანი ფორმის ამონაჭრების სახით, რომლებიც ერთიანობაში იძლევა სხვადასხვა ტიპის კომპოზიციას. მთავარი სამუშაო იარაღია – საჭრეთელი დაცერებული წვერით. გეომეტრიული კვეთით მიიღება როგორც მარტივი, ისე რთული ნახჭი (მოხატულობა), როგორიცაა ფოთოლი, სამყურა, როზეტი და სხვ. გამოიყენება სახლის ავეჯეულის, ჭურჭლეულობის, სუვენირების გასამშვენიერებლად, აგრეთვე არქიტექტურაში – ავეჯეულისა და ინტერიერების გასაფორმებლად.

კონტურული ხეზე კვეთა

ორნამენტული კვეთის ერთ-ერთი სახეობა, რომელმაც ფართო გავრცელება პოვა ევროპისა (ფინეთი, ავსტრია , გერმანია, ჩეხეთი, ესპანეთი) და აზიის ქვეყნების (ჩინეთი, იაპონია, რუსეთი) სახალხო ხელოვნებაში XV საუკუნიდან. სრულდება ნახატის კონტურული ხაზის ამოჭრით. ასეთი კვეთის ჩუქურთმა ნაწილობრივ გრავირებას ჩამოგავს. ინსტრუმენტებად გამოიყენება წვრილი ნახევრწრიული მოღუნული ხვეწი, სპეციალური დანა დაცერებული წვერით და სხვ. ხეზე კვეთის ეს სახეობა მოითხოვს ხელოსნის მაღალ კვალიფიკაციასა და დასამუშავებელი მერქნის ხარისხს.

მხატვრული ხეზე კვეთა

მერქნის მხატვრული დამუშავების ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე გავრცელებული სახეობა, როცა ნახჭი (მოხატულობა) დაიტანება ნაკეთობაზე ცულის, დანის, საჭრეთლის, სატეხის, ხვეწის და სხვა მისთ. ინსტრუმენტების მეშვეობით. დამზადების ტექნოლოგია საგრძნობლად გამარტივდა საღარავი და სახარატო ჩარხების გაჩენის შემდეგ, რომლებმაც მკვეთრად შეამცირა მჭრელი-ხელოსნის შრომა. მხატვრული კვეთა გამოიყენება შენობების ინტერიერებისა და ექსტერიერების, კარისა და ფანჯრის ჩარჩოების, კარნიზების, მოაჯირების მოსართავად, აგრეთვე საცხოვრებელ დეკორში, ავეჯის დეტალების, საყოფაცხოვრებო ჭურჭლეულის, სათამაშოების და მისთ. დასამზადებლად. ხის მხატვრული კვეთა ცნობილი იყო უძველესი დროიდან და პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში იყო გავრცელებული.

სკულპტურული ხეზე კვეთა

ხეზე კვეთის ერთ-ერთი ყველაზე რთული სახეობა, როდესაც ნაკეთობაზე ამოკვეთილია ადამიანის, ცხოველის, ფრინველის ან სხვა ობიექტის ცალკეული მოცულობითი ფიგურა ან ფიგურების ჯგუფი. სირთულეს გაპირობებს ის, რომ მჭრელი-ხელოსნისაგან მოითხოვს ფიგურის მოცულობით ხედვას, პერსპექტივის აღქმას, პროპორციების შენარჩუნებასა და მთლიანად კომპოზიციის მხატვრული სახის გადმოცემის უნარს.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები