ლარიქსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ციმბირული ლარიქსი

ლარიქსი (ფოთლოვანა) − (ლათ. Larix), წიწვოვანთა ოჯახის წარმომადგენელი გვარი ფიჭვისებრთა ოჯახისა. თვისებებით ჩამოჰგავს ფიჭვს, თუმცა აქვს უფრო მუქი ნაცრისფერ-წითელი ჩამქრალი ფერი. გული ვიწროზოლოვან ნაქურთენთან შედარებით მუქი ფერისაა. გაცილებით მდიდარია ფისებით, ვიდრე ფიჭვი და მშვენიერ საშენ მასალას წარმოადგენს იმ კონსტრუქციებისათვის, რომლებიც შეხებაში არიან წყალთან და გრუნტთან.

რუსეთისა და ევროპის ჩრდილოეთ რაიონებში დღესაც მრავლადაა საცხოვრებელი სახლები თუ საკულტო ნაგებობები, რომლებიც ლარიქსის მორებისაგან დამზადებულ ხიმინჯოვან საძირკვლებს ეყრდნობა. მისი სიმტკიცე, სიმკვრივე და სიმაგრე დაახლოებით 30 %-ით მეტია ფიჭვისაზე. სიმკვრივე 700-1100 კგ/მ3. როკები უფრო მცირე ზომის აქვს და ამავე დროს ისინი მთელ ტანზე განლაგებულია თანაბრად. ლარიქსის 20-მდე სახეობა გავრცელებულია ევრაზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. საქართველოში ის ბუნებრივად არ იზრდება. ინტროდუცირებულია აქა-იქ მცირე რაოდენობით, მაგრამ ტენის ნაკლებობისას მალევე იღუპება. ყველაზე ხნიერი ეგზემპლარები (22-30 მ სიმაღლისა და 55-70 წლისა) გვხვდება შავი ზღვის სანაპიროზე, წინანდლის პარკში და ბაკურიანში, ბორჯომში, ზემო სვანეთში. ყველაზე მრავლადაა გაშენებული ახალქალაქში. ყინვაგამძლე და სინათლის მოყვარული მცენარეა. კარგად ხარობს ზომიერად ტენიან და ფხვიერ ნიადაგებზე. ზაფხულის სიცხისა და გვალვისადმი მგრძნობიარეა და სამხრეთ ქვეყნებში მისი კულტივირება მხოლოდ გრილ ადგილებშია შესაძლებელი. ძლიერ სწრაფმზარდია. მტკიცე და მაგარი მერქანი აქვს, რომელიც გამოიყენება მშენებლობაში, წყალქვეშა ნაგებობებში, გემთმშენებლობაში და სხვ. მერქნის გამძლეობითა და სიმძიმით, უთხოვართან ერთად, პირველი ადგილი უკავია წიწვოვანთა შორის. იძლევა ძვირფას ფისს, რომლისაგანაც მზადდება სკიპიდარი და კანიფოლი. ლარიქსი ძალიან გავრცელებული ჯიშია რუსეთში (ტყეების 41 %), მაგრამ მისი დამზადება უმნიშვნელოა, რადგან დიდი სიმკვრივის გამო მორების მდინარით დაცურება რთულია და ძნელდება მისი მიტანა გადამამუშავებელ ქარხნებამდე. გარდა ამისა, ტანში ასებულ ფისებს ადვილად გამოყავს წყობიდან ხის საჭრელი ინსტრუმენტები. პირიქითაა საქმე ჩრდილოეთ ამერიკაში, სადაც ლარიქსი წარმოადგენს უპირველეს მერქანს მშენებლობაში დუგლასის ნაძვთან ერთად, რასაც განაპირობებს ხის გადამამუშავებელი საწარმოო ბაზის მაღალი დონე. მსოფლიოში ლარიქსის გავრცელებული ჯიშებია: ციმბირული, დაურიის, იაპონური, გმელინის, კაიანდერასი, კამჩატკის, კურილიის, სუკაჩოვის, დრიფიტცის, დასავლეთის, ამერიკული და სხვ.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები